აგროსიახლეები

„პური ჩვენი არსობისა“ _ ქართული ხორბალი, როგორც იდენტობა და სტრატეგიული აგროკულტურა

საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე – „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ – ქართული ხორბლის როლი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და აგრარულ განვითარებაში განიხილეს.
კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მნიშვნელობას, რაც ხორბალს საქართველოს თვითმყოფადობის ფორმირებაში აქვს.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იუნესკოს მიერ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანაზე.

გადაწყვეტილება ადასტურებს საქართველოს, როგორც უძველესი მიწათმოქმედებითი ცივილიზაციის კერის სტატუსს და იმ მრავალსაუკუნოვან ცოდნას, რომელიც თესვისა და მიწასთან ურთიერთობის ტრადიციებში აისახება.

აღინიშნა ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების კვლევის მნიშვნელობა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და საფუძვლად დაედო კულტურის საერთაშორისო აღიარებას.

მეცნიერული კვლევები და დოკუმენტირებული მტკიცებულებები ქმნის მყარ ბაზას ქართული ენდემური ჯიშების დაცვისა და განვითარებისთვის.

კონფერენციაზე ასევე საუბარი შეეხო თანამედროვე აგრარული პოლიტიკის მიმართულებებს: სათესლე მასალის წარმოების გაძლიერებას, ტრადიციული პურის ცხობის პოპულარიზაციასა და მხარდამჭერი პროგრამების ფორმირებას. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც, რაც ხელს შეუწყობს ქართული ხორბლის ცნობადობას როგორც კულტურულ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში.

კონფერენცია „პური ჩვენი არსობისა“ ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართული ხორბალი წარსულის მემკვიდრეობასთან ერთად ქვეყნის აგრარული მომავლის სტრატეგიული რესურსია. მისი დაცვა, მეცნიერული კვლევა და პოპულარიზაცია ქმნის შესაძლებლობას, ტრადიცია თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძვლად იქცეს.