მარცვლოვანი კულტურების იმპორტი _ საქართველოს ბაზრის ახალი რეალობა
საქართველოში მარცვლეული კულტურების იმპორტმა 2025 წელს ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 142.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მარცვლეული შემოვიდა, რაც 2014 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულად ითვლება და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სურსათის უსაფრთხოებისა და შიდა წარმოების საკითხების დღის წესრიგის გააქტიურებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში იმპორტირებული მარცვლეულის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა საერთო მოცულობის 72%. მეორე ადგილზე ყაზახეთია 17%-იანი წილით, რაც რეგიონულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
შედარებით მცირე, თუმცა სტაბილური წილი ეკუთვნით ინდოეთს, თურქეთსა და პაკისტანს.
რუსეთიდან საქართველოში 102.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მარცვლეული შემოვიდა, ყაზახეთიდან – 23.8 მილიონი დოლარის, ინდოეთიდან – 6.7 მილიონი დოლარის, თურქეთიდან – 3.4 მილიონი დოლარის, ხოლო პაკისტანიდან – 1.9 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია.
იმპორტის სტრუქტურაში დომინანტ პოზიციას კვლავ ხორბალი და მესლინი იკავებს, რომელთა ღირებულებამ 115 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მათ მოსდევს სიმინდი – 11.9 მილიონი დოლარი და ბრინჯი – 11.2 მილიონი დოლარი. შედარებით მცირე მოცულობით, თუმცა მრავალფეროვან კულტურებად რჩება წიწიბურა და ფეტვი (3.46 მილიონი დოლარი), ქერი (607.7 ათასი დოლარი) და შვრია (281.3 ათასი დოლარი).
უმნიშვნელო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი სორგო და ჭვავი.
მარცვლეული კულტურების იმპორტის 11-წლიან მაქსიმუმზე გასვლა რამდენიმე სისტემურ ფაქტორზე მიუთითებს. ერთი მხრივ, ეს ასახავს შიდა წარმოების შეზღუდულ შესაძლებლობებსა და კლიმატური რისკების გავლენას მოსავლიანობაზე.
მეორე მხრივ, გაზრდილი იმპორტი მიუთითებს ბაზრის სტრუქტურულ დამოკიდებულებაზე კონკრეტულ ქვეყნებზე, განსაკუთრებით რუსეთსა და ყაზახეთზე, რაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით რისკებს ქმნის.
არსებული სტატისტიკა ხაზგასმით აჩვენებს, რომ ხორბალი კვლავ საქართველოს სურსათის კალათის მთავარი კომპონენტია.
ამ ფონზე, აუცილებელია სათესლე მასალის ხარისხის გაზრდა, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკური სტიმულირება, რათა მარცვლეულის შიდა წარმოება კონკურენტუნარიანი გახდეს და იმპორტზე დამოკიდებულება ეტაპობრივად შემცირდეს.
მარცვლეული კულტურების იმპორტი საქართველოში (იანვარი–ნოემბერი, 2025წ.)
- სულ იმპორტი: 142.5 მლნ აშშ დოლარი.
ძირითადი საიმპორტო ქვეყნები:
- რუსეთი – 72% (102.6 მლნ $);
- ყაზახეთი – 17% (23.8 მლნ $);
- ინდოეთი – 6.7 მლნ $;
- თურქეთი – 3.4 მლნ $;
- პაკისტანი – 1.9 მლნ $.
კულტურების მიხედვით:
- ხორბალი და მესლინი – 115 მლნ $;
- სიმინდი – 11.9 მლნ $;
- ბრინჯი – 11.2 მლნ $;
- წიწიბურა, ფეტვი – 3.46 მლნ $;
- სხვა მარცვლეულები – < 1 მლნ $,
მარცვლეულის იმპორტის ზრდა პირდაპირ ასახავს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ადგილობრივი მარცხლეულის წარმოება _ ფერმერები დგანან.
მაღალი თვითღირებულება, არასაკმარისი სათესლე მასალა და კლიმატური პირობების არასტაბილურობა ხშირად აფერხებს მარცვლეული კულტურების კომერციულად მომგებიან წარმოებას.
ამავე დროს, იმპორტის მოცულობის ზრდა ნიშნავს, რომ შიდა ბაზარზე მოთხოვნა არსებობს და პოტენციალიც დიდია.
სახელმწიფოსთვის _ ფერმერებისთვის ეს სიგნალი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხიანი თესლისა და მთავრობის მხრიდან გონივრული მხარდაჭერის პირობებში მარცვლეულის წარმოება შეიძლება უფრო მდგრადი და კონკურენტული გახდეს.
ადგილობრივი წარმოების გაძლიერება არა მხოლოდ ფერმერთა შემოსავალს გაზრდის, არამედ ქვეყნის სურსათის უსაფრთხოებასაც გაამყარებს.

