აგროსიახლეებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართული ღვინო მხოლოდ მაღალ ხარისხთან უნდა ასოცირდებოდეს

ქართული მეღვინეობის განვითარებაში ხარისხი სულ უფრო მკაფიოდ ყალიბდება როგორც მთავარი ღირებულება და კონკურენტული უპირატესობა. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ხედვა მიზნად ისახავს, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე აღიქმებოდეს როგორც პრემიუმ პროდუქტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მევენახეებისთვის, ისე ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
„ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ მიმართული ყველა ინიციატივა, რომლებიც 2025 წელს დავიწყეთ, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. ამ საკითხში ჩვენსა და კერძო სექტორს შორის სრული თანხვედრაა – ერთობლივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ღვინო მომხმარებლის მიერ ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხიანთან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პრემიალურ სეგმენტში დამკვიდრება“, _ აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთამ ყველაიძემ.

თამთა ყველაიძის  განცხადებით, 2026 წელს  უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება.

„მიუხედავად გამოწვევებისა, რაც გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლებაში გამოიხატება, გასული წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გაიზარდა ექსპორტის მოცულობა აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მიმდინარე წელსაც, მთავარ მიზნად რჩება ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ცნობადობის გაზრდა სამიზნე ბაზრებზე“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 2026 წელს, გაგრძელდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამები.   ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობებს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღონისძიებები გააქტიურდება კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები ცხადყოფს, რომ ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია ეფუძნება ხარისხის გაძლიერებას, ბაზრების დივერსიფიცირებასა და ცნობადობის ზრდას. 2026 წლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი და პრიორიტეტული ბაზრები ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდეს პრემიუმ სეგმენტში, ხოლო მევენახეებისა და მწარმოებლებისთვის გაიხსნას ახალი, სტაბილური საექსპორტო მიმართულებები.