აგროსიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში მყინვარული ხეობების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოს მთავრობის წევრებს მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შედეგები გააცნო. აღნიშნული კვლევა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან 2024 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება მოსალოდნელ ბუნებრივ საფრთხეებზე ინფორმაციის მაქსიმალურად ოპერატიულად მიღების და დამუშავების სისტემის შექმნა.

„დღეს, შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ მიერ მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. მსგავსი მასშტაბის და სიღრმისეული კვლევა რეგიონში პირველად განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ამ დროისთვის არსებული მონიტორინგისა და პროგნოზირების ტექნოლოგია აკმაყოფილებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მოთხოვნებს. შესაბამისად, დღეს უფრო ზუსტი, დროული და სანდო მონაცემები გვაქვს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უკეთ შევაფასოთ გარემოში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები და მისი პოტენციური გავლენები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა საფრთხეები. შედეგად, დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც გარკვეული გამოწვევები არსებობს და სადაც აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებისა და შესაბამისი დანადგარების განთავსება. პროცესი უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.

მასშტაბურ კვლევაში ჩართული იყვნენ ქართველი სპეციალისტებიც. ასეთი მასშტაბის კვლევაში ქართველი სპეციალისტების ჩართულობას, მათი გამოცდილების და საქართველოს გეოგრაფიისა და გეოლოგიური თავისებურებების სიღრმისეული ცოდნის გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ „GEOTEST AG” ერთ-ერთი  წამყვანი შვეიცარული კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს  თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საფრთხეების შეფასების და საპრევენციო რეკომენდაციების გაცემის კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს. კომპანიასთან გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან თანამშრომლობს.