სარწყავი წყლის რაციონალური გამოყენება და მელიორაციის სისტემური რეფორმები – 2025 წლის შედეგები
სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას სარწყავი წყლის ეფექტიანი და რაციონალური გამოყენება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, თანამედროვე გამოწვევები მის მართვას ახალ მიდგომებს მოითხოვს. სწორედ ამ კონტექსტში, 2025 წელს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა სერვისების გაუმჯობესებას, ფერმერების მხარდაჭერას და მელიორაციის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.
2025 წელს განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა და პროექტებმა „საქართველოს მელიორაციას“ მისცა შესაძლებლობა, უფრო მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული და ეფექტიანი სისტემა ჩამოეყალიბებინა. კომერციული მიმართულების გაძლიერება, ინსპექტირების სამსახურის ფუნქციური გაფართოება, სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და რეკორდული მოცულობის სასოფლო-სამეურნეო ფართობების დაკონტრაქტება ნათლად მიუთითებს რეფორმების შედეგიანობაზე. კომპანიის რებრენდინგმა კი დამატებით შეუწყო ხელი ნდობისა და ცნობადობის ზრდას.
აღნიშნული ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს, რათა მელიორაციის სისტემა მომავალშიც დარჩეს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა 2025 წელს განხორციელებული პროექტები, სისტემური ცვლილებები და მიღწეული შედეგები შეაფასა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წყლის რესურსის სიუხვით გამოირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის რაციონალურად გამოყენებას. სწორედ ამ მიზნით გატარდა რეფორმები, რომლებიც 2025 წლის მაისში სტრუქტურის აღდგენა-გადაწყობით დაიწყო. ახალ სტრუქტურაში ერთ-ერთ მთავარ მიზნად განისაზღვრა კომერციული მიმართულების ჩამოყალიბება, რათა მელიორაციის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად მისაღები გამხდარიყო ფერმერებისთვის. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინსპექტირების სამსახურიც, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფი რეაგირების ჯგუფის ეფექტიან მუშაობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სამსახური მხოლოდ საირიგაციო წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების გამოვლენას კი არ უზრუნველყოფს, როგორც ადრე, არამედ მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს და საჭირო ინფორმაცია მიიღოს მისგან“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წელი წარმატებული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი, დაკონტრაქტდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკორდულად დიდი ფართობები, რომელთა რიცხვი 74 000 ჰა-ს ასცდა.
„ფერმერებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. ამ პროცესში, კომპანიასთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები დონორი ორგანიზაციები, ვისთან ერთადაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე ილაპარაკა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ კომპანიის რებრენდინგზე, რამაც ცნობადობისა და ნდობის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

