მავნებლების ინტეგრირებული მართვა მხოლოდ თეორიული კონცეფცია აღარ არის
საქართველოში სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია თანამედროვე ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გარეშე შეუძლებელია.
ამ ჯაჭვში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებლებთან ბრძოლის ისეთი მეთოდების დანერგვა, რომლებიც გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ ეფექტურობას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის დეტალებსაც ქვემოთ გაეცნობით.
მავნებლების ინტეგრირებული მართვის (IPM) ხუთდღიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც 26-30 იანვარს მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარებულმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულმა ინიციატივამ გააერთიანა აგრონომები და ექსტენციის სპეციალისტები სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის წარმომადგენლები და GFA-ს ფერმერთა საველე სკოლების მთავარი ტრენერები.
პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო მომსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი ცოდნის გაღრმავება უახლესი მდგრადი სასოფლო-ამეურნეო პრაქტიკის შესახებ ქართული მცირე მეურნეობების მხარდასაჭერად.
დღის წესრიგი ითვალისწინებდა მავნებლების მართვის თანამედროვე მეთოდების სიღრმისეულ შესწავლას სამი ძირითადი კულტურისთვის: მარცვლეული და სიმინდი, ბოსტნეული და ხეხილი.
ინტერაქტიული სესიები მოიცავდა თამაშს „დეტექტივი მავნებლების წინააღმდეგ“, ასევე კულტურული, ბიოლოგიური და ქიმიური კონტროლის სავარჯიშოებსა და ფერომონებზე დაფუძნებული სტრატეგიების შემუშავებას. პრაქტიკული სავარჯიშოები ითვალისწინებდა ჯგუფურ სამუშაოს სეზონური კალენდრის შესამუშავებლად, სასოფლო-ამეურნეო სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შერჩევასა და ჯგუფური მუშაობის შედეგების პრეზენტაციას.
ინტეგრირებული მავნებლების მართვის (IPM) პრინციპების დაუფლებით, ექსტენციის სპეციალისტები უკეთ შეძლებენ დაეხმარონ ადგილობრივ ფერმერებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულების შემცირებაში, მავნებლების გამძლეობის (რეზისტენტობის) კონტროლსა და მოსავლის გაჯანსაღებაში. თამაშის _ „დაარწმუნე ფერმერი“ მეშვეობით შეძენილი უნარები კი სპეციალისტებს ფერმერებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და IPM-ის საკითხებზე ხარისხიანი კონსულტაციის გაწევაში დაეხმარება.
FAO-ს საერთაშორისო ტრენერმა, თაირ ესენალი უულუმ, რომელიც უძღვებოდა ტრენინგს, აღნიშნა: „ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა IPM სესიების დროს მონაწილეთა მაღალმა ჩართულობამ და პრაქტიკულმა ცოდნამ. მოველი, რომ ამ ტრენინგის შედეგად განვითარებული უნარები ხელს შეუწყობს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და მავნებლების მართვის მდგრადი პრაქტიკის ფართო დანერგვას“.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში და ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ამგვარი ინტენსიური სასწავლო კურსები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში აგრარული ექსტენციის მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სპეციალისტების კვალიფიკაციის მუდმივი ზრდა პირდაპირ აისახება თითოეული ფერმერის კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნის სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე.
მავნებლების ინტეგრირებული მართვა აღარ არის მხოლოდ თეორიული კონცეფცია, ის სამამულო აგროპროდუქციის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად პრაქტიკული იარაღი.

