აგროსიახლეები

აზერბაიჯანი საქართველოში რძისა და ნაღების ძირითადი მომწოდებელი გახდა

საქართველოს აგრარულ სექტორში რძის პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რასაც თან ახლავს იმპორტის მოცულობების მნიშვნელოვანი მატება.
2025 წლის მონაცემები ბაზრის დინამიკის ცვლილებაზე მიუთითებს, სადაც მეზობელი ქვეყნების როლი სულ უფრო იზრდება.

 წინამდებარე მიმოხილვა ეყრდნობა „საქსტატის“ მონაცემებს და ასახავს რძის იმპორტის მიმართულებებსა და ადგილობრივი წარმოების მაჩვენებლებს.

2025 წელს საქართველომ რძისა და ნაღების შესასყიდად $22,7 მილიონი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 36,4%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს, რაც იმპორტზე დამოკიდებულების ზრდაზე მიუთითებს.

დღეს საქართველოს ბაზარზე რძის პროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

იმპორტიორი ქვეყნების ძირითადი სამეული კი ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი – $5 მლნ;
  2. რუსეთი – $4 მლნ;
  3. პოლონეთი – $3,5 მლნ.

მიუხედავად მზარდი იმპორტისა, საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 500 ათას ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს. ადგილობრივი ნედლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი რძის პროდუქტების წარმოებას ხმარდება.

ეკონომიკური თვალსაზრისით, 2025 წელი ფასების მატებითაც გამოირჩეოდა. შარშან საქართველოში რძის ფასი საშუალოდ 4%-ით გაიზარდა, რაც  როგორც საცალო გაყიდვებზე, ისე წარმოების თვითღირებულებაზე აისახა.

სატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი წარმოების მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე. აზერბაიჯანის დაწინაურება მომწოდებელთა შორის ხაზს უსვამს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.

დარგის სპეციალისტებისთვის ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს ადგილობრივი მერძევეობის პროდუქტიულობის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე, რათა შემცირდეს სხვაობა მოთხოვნასა და შიდა მიწოდებას შორის.