აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობაფერმერი ფერმერს

თავთავიან კულტურების ნათესში საგაზაფხულო სამუშაოები

თავთავიანი კულტურების ძირითადად ორი მიმართულებით გამოიყენება – ერთი ადამიანის საჭმელად და მეორე ცხოველთა საკვებად. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც მოსავლიანობა, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლები.  

მოსავლიანობის მკვეთრად გასაზრდელად, გარდა საწარმოო ჯიშების შერჩევისა, ძალზე მნიშვნელოვანია ნათესის მოვლის, განსაკუთრებით საგაზაფხულო სამუშაოების, დროული და ხარისხიანი ჩატარება.

 საგაზაფხულო სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იწყება თებერვლის პირველი ნახევრიდან. მნიშვნელოვანია ნათესის მდგომარეობის შეფასება. ნათესი უნდა გამოიყურებოდეს ჯანსაღად. ფარავდეს ნიადაგს მთლიანად მოყვითალო-მომწვანო შეფერვით.

2026 წლის ნათესები, თითქმის ყველა ზონაში მოჰყვა თოვლის ქვეშ. ეს საუკეთესო გარანტიაა ნათესის ტენით უზრუნველყოფისათვის. თუმცა ეს ასევე მნიშვნელოვანია საგაზაფხულო სამუშაოების დაგეგმვისათვის. მაღალმა ტენიანობამ მცენარეთა დაჩქარებული ზრდა-განვითარება გამოიწვია,  ამიტომ აუცილებელია სასუქების მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ პერიოდში. თებერვლის დასაწყისში განვითარებულმა მაღალმა ტემპერატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასუქის დროული შეტანის აუცილებლობა. ჩვენი გამოცდილებიდან და ლიტერატურული წყაროებით სასურველია თხევადი ორგანული და მინერალური  სასუქების გამოყენება. მათი ეფექტიც უფრო ძლიერია და ხარისხობრივი მაჩვენებლებიც გაიზრდება.

გაზაფხულის სამუშაოებში მნიშვნელოვანია შემოდგომის ბარტყობის განსაზღვრა. ამისათვის საჭიროა ტიპიური ადგილიდან 1 მ2 ფართობზე დავითვალოთ მცენარეთა რაოდენობა (არ დაიზაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია). ერთგვაროვანი ნათესის შემთხვევაში საკმარისია ორი ადგილის შერჩევა. არათანაბარი ნათესის დროს საანალიზო ფართობი უნდა გაიზარდოს (5-6 მ2). თუ მცენარეთა რაოდენობა 200-225-ია ნათესი აკმაყოფილებს მოთხოვნას. განოყიერება ჩატარდება წინასწარ შედგენილი (ნიადაგის ანალიზი) გრაფიკის მიხედვით. თუ მცენარეთა რაოდენობა მერყეობს 170-200-ის ფარგლებში აუცილებელია აზოტიანი სასუქის ნორმების 20-30%-ით გაზრდა. 1 მ2-ზე 150-ზე ნაკლები მცენარის შემთხვევაში მოსავლის მისაღებად აუცილებელია, სარწყავ პირობებში დამატებითი რწყვა და სასუქების მკვეთრად მაღალი დოზებით შეტანა. მეჩხერი ნათესის გასაუმჯობესებლად, წელს თოვლის მოსვლის გამო, უფრო გამართლებულია  სასუქების თხევადი სახით  შეტანა.  იგი ხელს უწყობს ჯეჯილის განახლებულ ბარტყობას.

გვალვიან და ქარიან ზონაში ნიადაგის შესაბამისი ტენიანობის დროს სასურველია ჩატარდეს ნიადაგის მსუბუქვი მოტკეპნა. იგი დაიცავს ნათესს გამოშრობისა და ქარისმიერი ეროზიისაგან. ეს პროცესი მოსავლიანობას 10-15%-ით ზრდის.

გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიების მოთხოვნით 1 მ2 ფართობზე პროდუქტიულ ღეროთა რაოდენობა 700-დან 1000 უნდა ოყოს. როცა მცენარეთა რაოდენობა 220-ია, საშუალო ბარტყობა 3-4 ცალი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიული ღეროების რაოდენობა 660-დან 880-მდე მერყეობს. ასეთ შემთხვევაში მოსავალი 6.5-8.5 ტ/ჰა-მდე მერყეობს. სარწყავ პირობებში უფრო მარტივია ტენიანობის მართვა.

გაზაფხულზე მორწვა საშუალებას იძლევა მკვეთრად გავზარდოთ ბარტყობა. გაზაფხულზე აუცილებლად უნდა შევუქმნათ მცენარეს პირობები ასეთი მაჩვენებლების მისაღებად.

ადრეულ საგაზაფხულო სამუშაოებში მნიშვნელოვანია სარეველების აღრიცხვა. ჰერბიციდების კონცენტრაცია დიდ გავლენას ახდენს მცენარის განვითარებაზე. ამიტომ აუცილებელია ჩავატაროთ ნათესის დასარევლიანების ხარისხის შეფასება. ამისათვის აუცილებელია მ2-ზე დავითვალოთ სარეველები და მათი სახეობრივი შემადგენლობა. თუ მცენარეთა რაოდენობა 150-ზე მეტია, მაშინ, ჰერბიციდის კონცენტრაცია მაღალია და ამიტომ აუცილებელია სითხეში გაურიოთ შესაბამისი სასუქი, რომელიც გაანეიტრალებს მის მოქმედებას. 80-150-მდე  სარეველების რაოდენობის შემთხვევაში კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია, მაგრამ აქაც საჭირო იქნება სასუქთან შერევა. 80-ზე ნაკლები სარეველა მცენარის შემთხვევაში კონცენტრაცია საზიანო არ არის კულტურული მცენარის განვითარებისათვის.

მიღებული მონაცემები საჭიროა შეინახოთ მომალი წლისათვის. ახალი წლის აღრიცხვა საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ თქვენი მუშაობის ეფექტიანობა. თუ სარეველების რაოდენობა 1მ2-ზე შემცირდა 40-60%-ით, სამუშაო შესრულებულია ეფექტიანად. თუ არ შეიცვალა მდგომარეობა თქვენს მიერ გაწეულ ხარჯები დაკარგულია. მიაქციეთ ყურადღება და თქვენი მუშაობა უფრო ეკონომიური და შემოსავლანი გახდება.

გახსოვდეთ, რომ თავთავიანი კულტურები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადამიანის და ცხოველთა კვებაში, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერთა ეკონომიკურ კეთილდღეობას. 

ც. სამადაშვილი – პროფესორი,

გ. ჩხუტიაშვილი – აკადემიური დოქტორი,

ნ. ბენდიანიშვილი – მთავარი სპეციალისტი