აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

საზამთროს მოყვანა _ რა უნდა ვიცოდეთ დაწყებამდე?

საზამთრო სითბოს მოყვარული კულტურაა, რომლის წარმატებული ზრდისა და მაღალი მოსავლიანობისთვის აუცილებელია შესაბამისი კლიმატური და ნიადაგობრივი პირობების უზრუნველყოფა.

ამ აგროტექნოლოგიური მოთხოვნების ცოდნა ფერმერებს დაეხმარება წარმოების გაუმჯობესებასა და მოსავლის დანაკარგების რისკების შემცირებაში.

კლიმატური პირობები

საზამთროს უყვარს თბილი კლიმატი.

  • ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა: 18°C-დან 35°C-მდე.
  • დაბალი ტემპერატურა: ანელებს ზრდას, ხოლო ყინვამ შესაძლოა მცენარე მთლიანად გაანადგუროს.
  • ზედმეტი სიცხე: 35°C-ზე მაღალი ტემპერატურა მცენარისთვის სტრესულია და მოსავლიანობას ამცირებს.
  • გაღივება: თესლის გასაღივებლად საუკეთესოა 27°C-დან 32°C-მდე ტემპერატურა.
  • მზის სინათლე: კულტურას, განვითარებისა და ნაყოფის ფორმირებისთვის, მზის უხვი სინათლე სჭირდება.

ნალექები და მორწყვა

ნალექების სწორი განაწილება კრიტიკულია. ვეგეტაციის პერიოდში საზამთროს სჭირდება, დაახლოებით, 400-დან 600 მმმდე ნალექი.

  • ჭარბმა ნალექმა, განსაკუთრებით ცუდი დრენაჟის მქონე ნიადაგებში, შესაძლოა გამოიწვიოს დაავადებები და ფესვების ლპობა.
  • მშრალ რეგიონებში აუცილებელია ხელოვნური სარწყავი სისტემების გამოყენება.

ნიადაგის მოთხოვნები

ნიადაგის შერჩევა საზამთროს წარმოებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს:

  • საუკეთესო ნიადაგის ტიპი _ კარგად დრენირებული ქვიშნარი ნიადაგი, რომელიც მდიდარია ორგანული ნივთიერებებით;
  • მძიმე თიხნარი ნიადაგები _ არ არის რეკომენდებული, რადგან ის აკავებს ზედმეტ წყალს, რაც ფესვთა სისტემის დაავადებებს იწვევს;
  • მჟავიანობა (pH) _ საზამთრო საუკეთესოდ იზრდება სუსტად მჟავე ნიადაგში, სადაც pH მაჩვენებელი 5.8-დან 6.8-მდეა. ძლიერ მჟავე ნიადაგის შემთხვევაში საჭიროა  ნიადაგის მოკირიანება pH-ის გასაუმჯობესებლად.

მიწის მომზადება და დარგვა

დარგვამდე აუცილებელია ნიადაგის სათანადო დამუშავება:

  1. გაწმენდა _ ფართობი სარეველებისგან, წინამორბედი კულტურის ნარჩენებისა და ნაგვისგან უნდა გასუფთავდეს;
  2. ხვნა და დაფარცხვა _ ეს აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, რაც ხელს უწყობს ფესვების თავისუფალ ზრდას და წყლის შეღწევას;
  3. შეამაღლებული კვლები _ ხშირად საზამთროს მოჰყავთ შეამაღლებულ კვლებზე (დაახლოებით 10 სმ სიმაღლის), რომელთა შორის დაშორება 1.8-დან 2 მეტრამდეა. ეს ნიადაგის წყალგამტარიანობას  (დრენაჟს) აუმჯობესებს;
  4. ღრმა დამუშავება _ ვინაიდან საზამთროს ფესვები 30-40 სანტიმეტრამდე აღწევს ნიადაგის სიღრმში, ის ამ სიღრმეზე  დამუშვებულ-გაფხვიერებული უნდა იყოს.

საზამთროს უხვი მოსავლის მიღება დამოკიდებულია ოთხ ძირითად ფაქტორზე: თბილ კლიმატზე, ნალექების ან მორწყვის სწორ რეჟიმზე, ნაყოფიერ და კარგად წყალგამტარ ნიადაგსა და მიწის ხარისხიან მომზადებაზე.

ამ აგროტენოლოგიური ნომრმების დაცვა უზრუნველყოფს მცენარის ჯანსაღ ზრდას და უხვი, ხარისხიანი მოსავლის მიღებას.

მოამზადა,

შოთა მაჭარაშვილმა