აგროსიახლეები

ქართული ღვინის მორიგი პრეზენტაცია პარიზში

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირება მხოლოდ ექსპორტის მოცულობით არ ფასდება; უმთავრესი მისი იმიჯი და პრემიუმ-სეგმენტში დამკვიდრებაა.

ამ გზაზე განსაკუთრებული როლი ენიჭება მიზნობრივ პრეზენტაცია-დეგუსტაციებს, რომლებიც უცხოელ ექსპერტებს, სომელიეებსა და რესტორატორებს ქართული მეღვინეობის უნიკალურობას პირადად აცნობს.

ამ მხრივ, უდიდესი სტრატეგიული ნაბიჯია ქართული ღვინის წარდგენა მსოფლიო გასტრონომიის დედაქალაქში _ საფრანგეთში, სადაც ჩვენი კულტურის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში „Episode“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ღვინისა და გასტრონომიის ექსპერტი ქრისტოფ ლაველი უძღვებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრნენ. აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ქართული ღვინის მეორე წარდგენაა, პრეზენტაცია-დეგუსტაცია ასევე სასტუმროში „Ritz Paris“ გაიმართა.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.

„Ritz Paris“-სა და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში გამართული დეგუსტაციები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი, დაიკავოს საპატიო ადგილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ სივრცეებში. HoReCa სექტორისა და ღვინის პროფესიონალების (Wine Buyers) უშუალო ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში არის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა იმისათვის, რომ ქვევრის ღვინო და სხვა უნიკალური ქართული ენდემური ჯიშები საფრანგეთის მაღალი კლასის რესტორნების ღვინის ბარათებში მყარად დამკვიდრდეს. მარკეტინგული კამპანიების ეს ფორმატი საუკეთესო ინვესტიციაა ქართული მეღვინეობის გრძელვადიანი საერთაშორისო აღიარებისთვის.