აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ნიადაგის pH – მოსავლიანობისა და მცენარის ჯანსაღი განვითარების გასაღები

მოსავლის ხარისხი და რაოდენობა პირდაპირკავშირშია იმ გარემოსთან, რომელშიც მცენარის ფესვთა სისტემა ვითარდება. ხშირად ფერმერები დიდ რესურსს ხარჯავენ სასუქებსა და მცენარეთა მოვლის საშუალებებში, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებენ. ამის მიზეზი ხშირად ნიადაგის ქიმიურ მაჩვენებლებში, კერძოდ კი მის მჟავიანობაში (pH) იმალება.

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის ნიადაგის pH, რატომ არის ის გადამწყვეტი მცენარის კვებისთვის და როგორ უნდა ვმართოთ იგი ეფექტიანად.

რა არის ნიადაგის pH და როგორ განისაზღვრება იგი?

ტექნიკური ტერმინი pH ნიადაგის ხსნარში წყალბადის იონების კონცენტრაციას ზომავს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მაჩვენებელი მიგვითითებს, თუ როგორია ნიადაგი მჟავე, ნეიტრალური თუ ტუტე (ტუტოვანი).

ნიადაგის რეაქცია განისაზღვრება 0-დან 14-მდე სკალის მიხედვით:

  • pH 7-ზე ნაკლები _ მჟავე ნიადაგი;
  • pH 7-ის ტოლი _ ნეიტრალური ნიადაგი;
  • pH 7-ზე მეტი _ ტუტე ნიადაგი.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობა საუკეთესო შედეგს ავლენს სუსტად მჟავე ან ნეიტრალურ ნიადაგებზე, სადაც მაჩვენებელი 5.5-დან 7.0-მდე მერყეობს.

როგორ მოქმედებს pH მცენარეზე?

ნიადაგის pH პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რამდენად ადვილად შეუძლია მცენარეს ნიადაგიდან საკვები ელემენტების ათვისება. თუნდაც მიწა მდიდარი იყოს სასუქებით, მკვეთრად გამოხატული მჟავე ან ტუტე გარემო ამ ნივთიერებებს მცენარისთვის ხელმიუწვდომელს ხდის. შედეგად ვიღებთ განვითარებაში ჩამორჩენილ კულტურას, გაყვითლებულ ფოთლებს, სუსტ ფესვთა სისტემასა და დაბალ მოსავალს.

  • ძლიერ მჟავე ნიადაგებში იზრდება ისეთი ტოქსიკური ელემენტების აქტივობა, როგორიცაა ალუმინი, რაც აზიანებს ფესვებს.
  • ძლიერ ტუტე ნიადაგებში კი მკვეთრად მცირდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა რკინა და ფოსფორი.

ნიადაგის მჟავიანობის მართვა და რეკომენდაციები

სასურველი ბალანსის მისაღწევად და ნიადაგის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შემდეგი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება:

  1. კირიანობა (მოკირიანება) _მჟავე ნიადაგებში pH-ის დონის ასამაღლებლად გამოიყენეთ კირი.
  2. ორგანული სასუქების შეტანა _ კომპოსტისა და სხვა ორგანული ნივთიერებების გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ხელს უწყობს ბალანსის აღდგენას.
  3. ქიმიური სასუქების კონტროლი _ მოერიდეთ მინერალური (ქიმიური) სასუქების გადაჭარბებულ და უკონტროლო გამოყენებას, რაც ხშირად იწვევს ნიადაგის არასასურველ დამჟავებას.
  4. რეგულარული მონიტორინგი _ პერიოდულად ჩაატარეთ ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი pH-ის სტატუსის შესაძწმებლად.
  5. კულტურების სწორი შერჩევა _ ნაკვეთზე დათესეთ/დარგეთ ისეთი კულტურები, რომლებიც ბუნებრივად შეგუებულნი არიან თქვენს ნიადაგში არსებულ pH მაჩვენებელს.

ნიადაგის ოპტიმალური pH-ის შენარჩუნება არის მდგრადი და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის საფუძველი.

მჟავიანობის დროული კონტროლით ფერმერი უზრუნველყოფს სასუქების ეფექტურ ათვისებას, კულტურების ჯანსაღ განვითარებას და, რაც მთავარია, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის. მიწის სწორი ქიმიური მართვა წარმატებული მოსავლის საწინდარია.