გადამტანი დაავადებები და საგაზაფხულო ვეტერინარული პრევენციის მნიშვნელობა
გაზაფხულზე ტემპერატურის მატებასთან და გარემოში ტენიანობის გაზრდასთან ერთად აქტიურდებიან დაავადებების გადამტანი ვექტორები – ტკიპები, კოღოები, ბუზანკლები, რწყილები და სხვა სისხლისმწოველი პარაზიტები. სწორედ ამ პერიოდში იზრდება სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების ინფიცირების რისკი.
გადამტანი/ვექტორული დაავადებები ინფექციური და პარაზიტული დაავადებებია, რომლებიც გადადის მწერების მეშვეობით – ცხოველიდან ცხოველზე, ხოლო ზოგიერთი მათგანი ცხოველიდან ადამიანზეც. ამიტომ მათი კონტროლი მნიშვნელოვანია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.
რომელი დაავადებებია საყურადღებო?
საგაზაფხულო–საზაფხულო პერიოდში ვეტერინარული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი დაავადებების პრევენცია და ადრეული გამოვლენა:
ანაპლაზმოზი _ ტკიპებით გადამდები დაავადება, რომელიც იწვევს ცხელებას, ანემიას, სისუსტეს და პროდუქტიულობის შემცირებას;
ბაბეზიოზი / პიროპლაზმოზი _ ხშირად მიმდინარეობს მაღალი სიცხით, ლორწოვანი გარსების სიყვითლით, შარდის ფერის შეცვლით და მძიმე ზოგადი მდგომარეობით;
თეილერიოზი _ განსაკუთრებით საყურადღებოა მსხვილფეხა პირუტყვში და შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური კვანძების გადიდება, ცხელება და ძლიერი დასუსტება;
ბორელიოზი (ლაიმის დაავადება) _ ტკიპებით გადამდები ზოონოზური ინფექცია, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ცხოველებს, ისე ადამიანს;
დიროფილარიოზი _ კოღოებით გადამდები პარაზიტული დაავადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძაღლებში;
ლეიშმანიოზი _ გადადის ფლებოტომუსებით/ქვიშის ბუზანკლებით და საყურადღებოა როგორც ვეტერინარული, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით;
ერლიქიოზი – ტკიპებთან დაკავშირებული დაავადება, რომელიც განსაკუთრებით ხშირია ძაღლებში და შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელებით, სისუსტით, სისხლის მაჩვენებლების ცვლილებით.
აღნიშნული დაავადებების ნაწილი ზოონოზურია, ამიტომ პრევენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერმის, არამედ ოჯახის წევრებისა და მოსახლეობის დაცვისთვისაც.

