აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება
სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელებას იწყებს.
აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება. პროგრამა ითვალისწინებს მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობას, ასევე, ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტითა და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია, რომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 1 ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდება.
1 ივლისიდან ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს მხოლოდ შემდეგი პროგრამები:
- „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“;
- „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“;
- „აგროდაზღვევის პროგრამა“;
- „ტექნიკური დახმარების პროგრამა“;
- „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“;
- „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა“;
- „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“.

