აგროსიახლეები

სტიქიური მოვლენები თელავში _ მდინარე თელავისხევის კალაპოტის გარღვევა და შედეგები

2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა სტიქიური მოვლენები გამოიწვია. მდინარე თელავისხევის ადიდების შედეგად, წყლის ნაკადმა კალაპოტი გაარღვია და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ თელავის მეტეოროლოგიურ სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი იყო ნალექები იყალთოს სადგურზეც, სადაც 40.1 მმ დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების პირველადი შეფასებით, უხვი ნალექის გამო მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესები მკვეთრად გააქტიურდა. წყლისა და მყარი ნატანის (ქვა-ღორღი, ხე-ტყე) კრიტიკული მასის გაერთიანებამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა.

ინფრასტრუქტურული გავლენა:

  • მდინარის შუა წელში არსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერები) ნაწილობრივ შეაკავა ხე-ტყისა და ქვა-ღორღის მასა, თუმცა ნაკადის დიდმა ნაწილმა სამივე ნაგებობას გვერდი აუარა;
  • ღვარცოფმა დროებით კალაპოტად ძველი გრუნტის გზა გამოიყენა, რამაც ნაპირდამცავი ნაგებობების დაზიანება და გზის საფარის დეფორმაცია გამოიწვია;
  • ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტმა ნაკადის სრული გატარება ვერ უზრუნველყო, რის გამოც ღვარცოფული მასა მიმდებარე ტერიტორიებზე გადავიდა. მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ მოხდა.

სტიქიის შედეგების შეფასებისა და ვითარების მონიტორინგისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დილიდანვე იმყოფებიან ადგილზე. გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას განაგრძობენ.

წყარო: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო