დარგებიმებაღეობამედია ფერმერებისთვის TVსტატიები

 ვაშლის გლობალური ბაზრის მიმოხილვა – სეზონის დასასრული, ექსპორტი და გამოწვევები ბაღებში

მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ვაშლის ბაზარი გარდამავალ ფაზაშია: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სამაცივრო მეურნეობებიდან პროდუქციის გამოტანა და სეზონის დასრულება მიმდინარეობს, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში აქტიური საექსპორტო კამპანია გრძელდება.

ევროპაში მარაგები თანდათან იწურება, თუმცა ვითარება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ზოგიერთ რეგიონში მოსავლის აღებამდე მოსალოდნელმა წაყინვებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა პერსპექტივებს, რის შესახებაც აგრარული გამოცემა FreshPlaza წერს.

ევროპის რეგიონული ბაზრები

იტალია – წარმატებული სეზონი და მარაგების შემცირება

იტალიაში გაზაფხულის სეზონის შედეგებით კმაყოფილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ზოგიერთი ჯიშის რეალიზაცია შენელდა, ზოგადი მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა სეზონი ჯიშისთვის Red Delicious — საცავებში მარაგები 50%-ზე მეტით შემცირდა წინა წლებთან შედარებით. სხვა ჯიშების, მათ შორის Cripps Pink-ისა და ახალი კლუბური ჯიშების რეალიზაცია პროგნოზების სრული დაცვით მიმდინარეობს. კვლევითი კომპანია YouGov-ის მონაცემებით, იტალიური ოჯახების 84% რეგულარულად ყიდულობს ვაშლს, ძირითადად სუპერმარკეტებსა და დისკაუნტერებში.

პოლონეთი – სტაბილური, მაგრამ შენელებული მოთხოვნა

სავაჭრო სეზონის ბოლო თვემ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. მოთხოვნა სტაბილური იყო, თუმცა განსაკუთრებული აქტივობით არ გამოირჩეოდა. ექსპორტიორებმა ბოლო პარტიების სორტირება დაასრულეს და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ინტერესი შენარჩუნდა, თუმცა პოლონურმა ვაშლმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ახალ სეზონურ ხილს. საექსპორტო მოცულობები წინა წლებთან შედარებით დაბალია, თუმცა იზრდება ინტერესი სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან.

ნიდერლანდები – ფასების წნეხი და მცირედი ფართობები

ჰოლანდიელი ვაჭრები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე სეზონში ბაზარი მუდმივი წნეხის ქვეშაა _ მაღალი მოსავლიანობის ფონზე ფასები იკლებს. ბოლო ათწლეულებში ჰოლანდიაში ვაშლის ბაღების ფართობი 12 000 ჰექტარიდან 5 000 ჰექტარამდე შემცირდა მევენახეების/მებაღეების მიერ მსხლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების გამო. ძირითადი კომერციული ჯიშებია Elstar და Jonagold, რომლებიც ძირითადად შიდა ბაზარზე იყიდება. რეგულირებადი აირის საცავებიდან ბოლო პარტიები ბაზარზე ივლისში შევა, თუმცა შენახული ხილის ხარისხი ფერმერებში შეშფოთებას იწვევს.

ბელგია – დაზიანებული ბაღები და ბუნებრივი სტიქია

ბელგიისთვის მიმდინარე სეზონი მძიმე გამოდგა: ფასები ხშირად თვითღირებულებაზე დაბალი იყო, საცავებში კი ჯერ კიდევ დიდი მარაგებია დარჩენილი. მდგომარეობას ამძიმებს გაზაფხულზე მოსული სეტყვა, რომელმაც ზოგიერთი ფერმერის ბაღების ნახევარზე მეტი დააზიანა. დაზიანებული ვაშლი ბაზარზე რეალიზებისთვის ნაკლებად გამოსადეგია. მოსალოდნელია, რომ სეტყვისა და კლიმატური ფაქტორების გამო ევროპაში მოსავალი იკლებს, რაც პოტენციურად ხელს შეუწყობს ფასების დასტაბილურებას.

გერმანია და საფრანგეთი – ადგილობრივი პროდუქციის დომინირება

  • გერმანია: ბაზარზე კვლავ ადგილობრივი ხანგრძლივი შენახვის ვაშლი დომინირებს (ძირითადად Elstar, Braeburn და Jonagold). იმპორტირებული პროდუქცია (იტალიიდან და საფრანგეთიდან შემოსული პრემიუმ ჯიშები) შედარებით მცირე წილს იკავებს მაღალი ფასის გამო.
  • საფრანგეთი: ზაფხულის დადგომასთან ერთად, ანომალიური სიცხისა და სკოლის არდადეგების ფონზე, ვაშლზე მოთხოვნა შენელდა, რადგან მომხმარებლები უფრო გამაგრილებელ ხილს (მაგ. საზამთროს) ანიჭებენ უპირატესობას.

ავსტრია და შვეიცარია – მოსალოდნელი კლება მძიმე წაყინვების გამო

ავსტრიის მთავარ სამრეწველო რეგიონში _ შტირიიაში, სადაც დომინირებს Golden Delicious და Gala, ძლიერმა გაზაფხულის ყინვებმა დიდი ზარალი გამოიწვია. 2026 წლის მოსავალი სავარაუდოდ 25-30%-ით შემცირდება, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს საშუალო ფერმერულ მეურნეობებს და მათ გრძელვადიან მდგრადობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შვეიცარიაში კი ორგანული (ეკოლოგიურად სუფთა) ვაშლის მარაგები მაისის ბოლოსთვის საგრძნობლად შემცირდა.

ამერიკის კონტინენტი – ჩრდილოეთი, ცენტრი და სამხრეთი

ჩრდილოეთ ამერიკა

ვაშინგტონის შტატში ნარჩუნდება ისეთი პოპულარული პრემიუმ ჯიშების სტაბილური მიწოდება, როგორიცაა Honeycrisp და Cosmic Crisp. აღმოსავლეთ შტატებში მარაგები იწურება, ხოლო გადამმუშავებელი ინდუსტრიისთვის (წვენებისა და კონცენტრატებისთვის) ვაშლზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება.

ჩილე და არგენტინა

  • ჩილე: მეორე ოფიციალური შეფასებით, ვაშლის ექსპორტი 529 494 ტონას მიაღწევს. ყველაზე მოთხოვნადი ჯიშია Gala, ხოლო Fuji-სა და Pink Lady-ს წარმოება მცირდება. ინდოეთის ბაზარზე მკაცრი კონკურენციაა სამხრეთ აფრიკასთან და ახალ ზელანდიასთან.
  • არგენტინა: ოქტომბერში მოსულმა სეტყვამ მნიშვნელოვნად შეამცირა პრემიუმ კლასის პროდუქციის წილი _ სეზონი ხასიათდებოდა დაბალი ხარისხის ხილის სიუხვით. ექსპორტი მკვეთრად შემცირდა (ისტორიულ მაჩვენებლებთან შედარებით), ხოლო შიდა ბაზარზე ეკონომიკურმა გამოწვევებმა რეალიზება შეზღუდა.

სამხრეთ ნახევარსფეროს ექსპორტიორები და აზია

სამხრეთ აფრიკა – ზრდადი ხარჯები და საექსპორტო ბარიერები

სამხრეთ აფრიკული ვაშლის ექსპორტმა წელს სირთულეები გაიარა _ ევროპისა და ბრიტანეთის ბაზრებზე შესვლა ადგილობრივი მარაგების გამო ერთი თვით დაგვიანდა. ძირითად გამოწვევად რჩება ინდოეთის ბაზარზე არსებული 50%-იანი საიმპორტო ბაჟი და ლოგისტიკური ხარჯების გაორმაგება (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით). მიუხედავად სტიქიისა, 2026 წელს მოსალოდნელია 54 მილიონი ყუთის (12.5 კგ) ექსპორტი, რაც წინა წლის მაჩვენებელს აჭარბებს.

ავსტრალია – აქცენტი აზიის პრემიუმ ბაზრებზე

ავსტრალიელი ფერმერები მოსავლის რეალიზაციას ახდენენ და ცდილობენ აზიის პრემიუმ სეგმენტებში ადგილი (ნიშა) მოიძიონ. ახალი კლუბური ჯიშების პოპულარიზაცია ემთხვევა ადგილობრივ დღესასწაულებს (მაგ. დრაკონის ნავების ფესტივალი ჩინეთში). მიუხედავად კლიმატური სირთულეებისა, ზოგადი ხარისხი მაღალია და მებაღეები ბაღების გაფართოებას გეგმავენ.

მომზადებულია სპეციალურად ქართველი ფერმერებისა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებისთვის.

წყარო: FreshPlaza  freshplaza.com.