აგროსიახლეები

 აგროდრონებში ჩადებული ინვესტიცია საკმაოდ სწრაფად ანაზღაურდება

ფერმერები სულ უფრო აქტიურად იძენენ და იყენებენ აგროდრონებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად საფრენი აპარატის ღირებულების გარდა, არსებობს დამატებითი ხარჯებიც (პილოტების მომზადება, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება და ბატარეები), საბოლოო ეკონომიკური სარგებელი უდავოა.

კანადელი ფერმერი ჩარლზ ტურკოტი, რომელიც აგროდრენებით მოცვის პლანტაციებს უვლის, ამბობს, რომ საჰაერო ტექნიკი საშუალებით მიღებულმა ეკონომიამ აპარატის ღირებულება სრულად ორ წელიწადში დაუფარა. მანამდე მას პლანტაციებში სასუქის შეტანისთვის მძიმე ტექნიკის გამოყენება უწევდა, რაც საკმაოდ შრომატევადი და მოუხერხებელი იყო.

მოცვისთვის სასუქის მიწოდება წელიწადში 15-ჯერ არის საჭირო. ჩემს ნაკვეთებზე მოსავლის 10-დან 13 პროცენტამდე სასუქის გამფრქვევი ტექნიკის ბორბლების ქვეშ ნადგურდებოდა. წლიური ზარალი 15 000-დან 19 500 დოლარამდე მერყეობდა. დრონზე გადასვლის შემდეგ, ინვესტიცია სრულად ამოვიღე“, _ განაცხადა ტურკოტმა კანადის სასოფლო-სამეურნეო დრონების ასოციაციის კონფერენციაზე.

კიდევ ერთი მაგალითი საშობაო ნაძვის ხეების მწარმოებლებს უკავშირდება. ტექნოლოგიის დანერგვამდე, 4-5 მუშა მძიმე ზურგჩანთა-შესასხურებლებით 20 ჰექტარზე მეტ ფართობს 4 თვის განმავლობაში ამუშავებდა. დღეს იგივე სამუშაო დრონით ერთ დღეში სრულდება, რაც ფერმერებს 40 000 დოლარის ეკვივალენტურ დანახარჯს უზოგავს.

მცირე ფართობების ოპტიმალური გადაწყვეტა

რობერტ ოფერმარსი, „Overview Farms“-ის მფლობელი, დრონებს ბალახეული და პარკოსანი კულტურების გამოსაკვებად იყენებს. მისი 145 ჰექტარი დაყოფილია 4-8 ჰექტრიან მცირე ნაკვეთებად, სადაც მსხვილგაბარიტიანი ტექნიკით შესვლა გართულებულია. ასეთ პირობებში დრონები ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია.

ყურადღება მიაქციეთ ბატარეას!

ექსპერტები დრონების ბატარეების რესურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ.

ოფერმარსმა აღიარა, რომ თავდაპირველად არასწორად შეაფასა ენერგიის მოხმარება სრული დატვირთვის დროს, რამაც დრონის ავარია გამოიწვია.

„არ იხუმროთ ბატარეის ავტონომიურ მუშაობაზე. საჭიროა ზუსტად გათვალოთ, რამდენი ენერგია სჭირდება ჰაერში სრულად დატვირთულ დრონს, შედარებით მსუბუქ აპარატთან შედარებით“, _ აფრთხილებს კოლეგებს ფერმერი.

რეკომენდაციები ფერმერებისთვის,  რა უნდა გავითვალისწინოთ აგროდრონის შეძენის დროს?

საქართველოს რელიეფისა და აგრარული სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, დრონის შეძენამდე ფერმერებმა შემდეგ საკვანძო ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება:

  1. რელიეფის თავისებურებები _ საქართველოს ბევრი რეგიონი გამოირჩევა მთაგორიანი და რთული რელიეფით. დარწმუნდით, რომ შერჩეულ მოდელს აქვს მაღალი სიზუსტის სენსორები დაბრკოლებების (ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები) ავტომატურად ასარიდებლად.
  2. სერვისი და სათადარიგო ნაწილები _ ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დრონის შეკეთება უცხოეთში დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. უპირატესობა მიანიჭეთ იმ ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ ოფიციალური წარმომადგენლები, სათადარიგო ნაწილების მარაგი და სერვისცენტრები.
  3. პროგრამული უზრუნველყოფა და რუკები _ აგროდრონი მხოლოდ მფრინავი აპარატი არ არის; მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შეამოწმეთ, რამდენად მარტივია სისტემის ინტეგრაცია ადგილობრივი ნაკვეთების რუკებთან და მხარს უჭერს თუ არა პროგრამა მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის ფუნქციებს.
  4. ელემენტების (ბატარეების) მარაგის დაგეგმვა _ როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, ერთი ბატარეა არასაკმარისია. შეძენისას გაითვალისწინეთ დამატებითი აკუმულატორების კომპლექტისა და სწრაფი დამტენი სადგურების შეძენა, რათა სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს.
  5. პილოტების კვალიფიკაცია _ დრონის მართვა მოითხოვს გარკვეულ ცოდნას მეტეოროლოგიაში, ნავიგაციასა და ქიმიკატების სწორ დოზირებაში. დარწმუნდით, რომ გუნდში გეყოლებათ გადამზადებული პირი, ან გაიარეთ სასწავლო კურსი, რომელიც ხშირად შეთავაზებების პაკეტშია.

აგროდრონები არის ინვესტიცია, რომელიც არა მხოლოდ ხარჯებს ამცირებს, არამედ მოსავლის ხარისხსაც ზრდის. სწორი მოდელის შერჩევითა და ტექნიკური ნიუანსების გათვალისწინებით, ქართველ ფერმერებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააძლიერონ თავიანთი მეურნეობების კონკურენტუნარიანობა.

წყარო: Farmtario,

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა