ოზონოტექნოლოგიების გამოყენება რძის პროდუქტების წარმოებაში
რძის წარმოებაში მადეზინფიცირებელი საშუალებების შერჩევა-გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებასა და ხარისხზე პირდაპირ ახდენს გავლენას.
რძის პროდუქტების წარმოებაში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების მკაცრი დაცვა, წარმოების ყველა ეტაპზე, ანუ ნედლეულის შეგროვებიდან დაწყებული მზა პროდუქტის შეფუთვით დამთავრე-ბული, აუცილებელია.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საიმედო გზებს ეძებენ და ამისთვის ოზონის ტექნოლოგიებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ.
რძის ინდუსტრიაში ოზონმა თავისი ეფექტიანობა დიდი ხანია დაამტკიცა: ის ანადგურებს ყველა ცნობილ მიკრობსა და ვირუსს, არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დიდი ეფექტის მქონე მადეზინფიცირებელი საშუალება.
ცნობილია, რომ რძის პროდუქტების წარმოებაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ბაქტერიების, მავნე მიკროორგანიზმების და ობის მუდმივი არსებობაა, რომლებიც აქტიურად ვითარდებიან, ეს კი იწვევს არასასურველი სუნის განვითარებას, რაც უარყოფითად მოქმედებს მუშაკთა ჯანმრთელობაზე და მზა პროდუქციის დაბინძურების რისკს ზრდის. რძის საწარმოებს პროდუქტის უსაფრთხოების და ხარისხის უზრუნველსაყოფად, მრავალი პრობლემის გადალახვა უხდებათ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ამ გზაზე დეზინფექციის რომელ საშუალებას გამოიყენებენ.
ტრადიციული მეთოდები, რომლებიც წარმოებაში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება, ყოველთვის არ არის ეფექტიანი პროდუქტებისა და ობიექტების დეზინფექციისათვის. რისკები მოიცავს პათოგენების არაეფექიან მოცილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის გაფუჭება და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანება. ბევრი ქიმიკატი (ქლორი, გოგირდი), ასევე საშიშია, როგორც პროდუქტებისთვის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის, რადგან ბოლომდე ლიკვიდურები არ არიან და საწარმოს სათავსოებში ნაშთად რჩება. ოზონ-აირი კი ძლიერი მადეზინფიცირებელი საშუალებაა, რომელიც საწარმოოს სივრცეებში გაშვებული, წამიერი შეხებით ანადგურებს მავნე ფლორას, შემდეგ კი მალევე იწყებს ჟანგბადად დაშლას და უკვალოდ ქრება.
ოზონის ერთი მოლეკულა ეფექტით 3000-დან 10000-მდე ქლორის მოლეკულის ეკვივალენტურია და პათოგენებს 3500-ჯერ უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ქლორი (მონაცემები ამოღებულია ინტერნეტში განთავსებული სამეცნიერო შრომებიდან). ბაქტერიციდული და ვირუსციდული თვისებების წყალობით, ოზონი გამოიყენება მთელი წარმოების ციკლის განმავლობაში: საწარმოში ნედლეულის (რძის) მიღებიდან საბოლოო პროდუქტის შეფუთვამდე. ოზონ-აირი და ოზონირებული წყალი გამოიყენება ტექნოლოგიური აღჭურვილობის, კონტეინერების და სხვა ჭურჭლის დეზინფექციისათვის, ასევე საწარმოს ოთახების, ცეხების, სამაცივრე მეურნეობის დეზინფექციისათვის. ოზონი ასევე დიდი ეფექტით გამოიყენება რძის წარმოებაში გამოყენებულ ყველა სახის აღჭურვილობის სადეზინფექციოდ. ძლიერი დაჟანგვის თვისებების გამო, ოზონი ძნელად მისადგომ ადგილებში აღწევს, ანუ ყველგან, სადაც ჟანგბადია და ყველა სახის პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს. ეს კი წარმოების ყველა ეტაპზე ხელს უშლის რძის და სხვა პროდუქტების დაბინძურებას. კონტეინერების ოზონირებულ წყალში გავლება და ოზონირებული წყლის ბოთლებში რძით შევსებამდე გამოვლება, მაღალი ხარისხის დეზინფექციას უკეთებს კონტეინერებს და რძის პროდუქტების დასაფასოებელ ტარას, ანუ ამ პროცედურის გავლის შემდეგ კონტეინერები და ბოთლები სრულიად სტერილურია, რძის და სხვა რძის პროდუქტების დაბინძურების წყაროს აღარ წარმოადგენს.
ოზონ-აირი მაღალი ხარისხის დეზინფექციას უკეთებს საწყობებს და წარმოების სხვა ობიექტებს, ანუ სტერილურს ხდის მათ კედლებს, იატაკს, ჭერს და ჰაერს საწყობებისა და სამრეწველო ცეხების შიდა სივრცეებში. ოზონით საწარმოო უბნების რეგულარული დამუშავება ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს, რაც უზრუნველყოფს რძის პროდუქტების ხანგრძლივი დროით შენახვას და ქმნის წარმოების უსაფრთხო პირობებს. ის ხელს უწყობს ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილებას და მაღალი დონის სანიტარული პირობების შენარჩუნებას წარმოების ყველა უბანზე.
წარმოების სათავსოების ოზონით რეგულარული დამუშავება მისი დაბალი დოზითაც კი აფერხებს პათოგენების განვითარებას, ხოლო ოზონის მაღალი დოზები კლავს ყველა სახის მავნე მიკროორგანიზმებს. ოზონით ობიექტების დამუშავების დროს ქრება უსიამოვნო სუნი, ჰაერი იწმინდება და მცირდება პროფესიული დაავადებების რისკი. ოზონი კლავს, მხოლოდ მავნე მიკროორგანიზმებს, კეთილი ბაქტერიების მიმართ ისეთების, როგორიცაა ღვინის დუღილის ბაქტერიები, ლოიალურია.
ცივი შენახვის ოთახები, სადაც რძის პროდუქტები ინახება, ასევე მუშავდება ოზონით. ეს ხელს უშლის ობისა და სხვა მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას, რომლებიც შეიძლება გამრავლდნენ მაღალ ტენიანობასა და დაბალ ტემპერატურაზე. ოზონი ანადგურებს პათოგენებს და ხელს უწყობს ოპტიმალური შენახვის პირობების შენარჩუნებას, და აორმაგებს პროდუქციის შენახვის დროს. ოზონით დეზინფექცია გამოიყენება უშუალოდ ნედლი რძის გადამუშავებამდე დეზინფექციისათვის, ანუ ნედლი რძის ოზონით დეზინფექციის შემდეგ საჭირო აღარაა რძის ათეულობით წუთით დუღილი, ანუ ასეთი დამუშავება ცვლის რძის თერმულ დამუშავებას და რძე მთლიანად ინარჩუნებს კვებით ღირებულებას. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ნედლი რძის ოზონის გაზით დამუშავება 40 მგ/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით 20 წუთის განმავლობაში იწვევს კოლიფორმული ბაქტერიების, ობის, სალმონელას და სხვა ბაქტერიების 100%-იან განადგურებას (იხ. “ოზონის ქიმიური თვისებები”).
სამრეწველო ოზონატორების დანადგარები, რომლებიც წარმოქმნიან ოზონის დიდ რაოდენობას, სწრაფად და ეფექტურად ანადგურებენ ყველა სახის პათოგენურ მიკროორგანიზმებს. რძის წარმოებაში სამრეწველო ოზონიზატორების დანერგვა მოითხოვს გარკვეულ ინვესტიციას, მაგრამ მათი ეფექტურობა და სარგებელი რძის პროდუქტების წარმოებაში იძლევა დიდ ეკონომიურ ეფექტს. ეს დანადგარები საშუალებას აძლევს მსხვილ რძის საწარმოებს დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის მკაცრი სტანდარტები და გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა.
თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ელიზბარაშვილი) წლებია იკვლევენ ოზონოტექნოლოგიებს, ამზადებენ მაღალხარისხიან ოზონო-გენერატორებს და ნერგავენ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობაში (დანერგილია ასამდე აპარატი). ოზონირებული წყალი, სადაც ოზონის კონცენტრაცია 25-30 მგ/ლ-ს აღწევს, ექვივალენტურია ნებისმიერი სახის ვაზის შესაწამლი შხამქიმიკატისა და ცვლის მას. ჩვენი კვლევითი ინსტიტუტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის ყველა დარგს წლებია სთავაზობს, მსოფლიოში (მეურნეობის ყველა დარგში) კარგად აპრობირებულ ოზონო-ტექნოლოგიებს, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენი მეურნე დღემდე „შეჩვეული ჭირის” (ქლორი და გოგირდი) ერთგული რჩება და მით წამლავს საკუთარი წარმოების პროდუქციას. მართალია, ამ თემაზე დღემდე გამოქვეყნებულმა ათობით წერილმა ქართველი მეურნის წარმოებისადმი კონსერვატიული მიდგომა დიდად ვერ შეცვალა, მაგრამ ჩვენც არ ვაპირებთ დანებებას, რადგან ხარისხიანი და უსაფრთხო სასურსათო პროდუქცია, ქვეყნის ჯანმრთელი მომავლის გარანტიაა და როგორ შეიძლება მისი აგიტაცია-პროპაგანდით დავიღალოთ?
დღეს, ჩვენი წერილი ეძღვნება ოზონოტექნოლოგიების რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში დანერგვას, რომელი ტექლოლოგიაც საშუალებას მოგცემთ რძის წარმოებაში ბევრჯერ ნაკლები დანახარჯებით, გამოშვებული პროდუქციის სისუფთავის კუთხით, ბევრით უკეთეს შედეგს მიაღწიოთ.
ჟორა გაბრიჭიძე, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
ნუგზარ შავთვალაძე, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
თეიმურაზ გოგოლაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: ტელ. 551-333-155.

