ქართული თხილის ექსპორტი და სოციალურ-ეკონომიკური დინამიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორი — მეთხილეობა, ზრდის ახალ ეტაპზე გადადის.
2025-2026 მარკეტინგული წლის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ დარგი წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს და მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგებს აფიქსირებს საერთაშორისო ბაზრებზე.
2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18.5 ათასი ტონა თხილი. ქართული თხილის ძირითადი და ყველაზე სტაბილური საექსპორტო ბაზარი კვლავ ევროკავშირია, სადაც 12 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული, საერთო ღირებულებით 131 მლნ აშშ დოლარი.
სახელმწიფო მხარდაჭერა და ფერმერთა წახალისება
სახელმწიფო მეთხილე ფერმერების მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებს. 2022-2025 წლებში, თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, ათიათასობით ფერმერმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ბაღების მოვლა-მოყვანისთვის, რამაც არსებითად შეუწყო ხელი მოსავლის ხარისხის შენარჩუნებას.
მიმდინარე წლიდან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განავითარონ მეურნეობები, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები და გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები.
სექტორის გამოწვევები და გრძელვადიანი დინამიკა
თხილის საბაზრო ფასზე მუდმივად ახდენს გავლენას სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის: კლიმატური პირობები, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული კონიუნქტურა. შესაბამისად, სექტორის რეალური მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე წლის ერთჯერადი ფასის მაჩვენებელი, არამედ დარგის გრძელვადიანი განვითარების დინამიკა და ექსპორტის მყარი მაჩვენებლები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები აქტიურად აგრძელებენ თხილის სექტორში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. სამომავლოდ გაგრძელდება ისეთი მიზნობრივი მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს თხილის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას, ფერმერთა ცოდნის ამაღლებას და ქართული თხილის მაღალი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას გლობალურ საერთაშორისო ბაზრებზე.

