ახალგაზრდა ვაშლის ხის ფორმირება _ 7 შეცდომა, რომელიც მომავალ მოსავალს ამცირებს
ვაშლის ბაღის პროდუქტიულობა მხოლოდ ჯიშზე, ნიადაგზე და სასუქებზე არ არის დამოკიდებული. ახალგაზრდა ხის სწორად ფორმირება და დროული გასხვლა მომავალი მოსავლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
ვაშლის ნერგის მოვლისას დაშვებული შეცდომები ხშირად რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. თუ ხე თავიდანვე არასწორად ჩამოყალიბდა, გვირგვინი ზედმეტად სქელი ხდება, ტოტები ერთმანეთს ეჯიბრება, შიდა ნაწილი ცუდად ნიავდება და განათდება, ნაყოფის მომცემი კვირტების განვითარება ფერხდება, ხოლო შემდგომში ასეთი ხის მოვლა და მოსავლის აღება გაცილებით რთულდება.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ვაშლის ხის გასხვლა-ფორმირება დარგვისთანავე უნდა დაიწყოს, ხოლო ძირითადი ჩონჩხის ჩამოყალიბებას, როგორც წესი, პირველი 4-5 წელი სჭირდება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მეთოდი, გასხვლა და ტოტების გადახრა/დახრა სასურველი კუთხით.
მნიშვნელოვანია, მებაღემ წინასწარ განსაზღვროს, როგორი ფორმის ვარჯის მიღება სურს, რადგან ახალგაზრდა ხის ფორმირება მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის, მოსავლიანობისა და მოვლის ხარჯების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი იქნება.
გასხვლის არასწორი დრო
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ახალგაზრდა ვაშლის ხის გვიან ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე ინტენსიური ფორმირება.
ზაფხულში, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში, შესაძლებელია ე.წ. „წყლის ყლორტების“ ვერტიკალურად მზარდი ძლიერი ყლორტების, სუსტი ან არასაჭირო ტოტების მოცილება და ერთწლიანი ნაზარდების შემოკლება. თუმცა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ძლიერმა გასხვლამ შეიძლება ახალი ყლორტების ინტენსიური ზრდა გამოიწვიოს. ასეთ ყლორტებს ზამთრის დადგომამდე სრულად გამერქნიანება შესაძლოა ვერ მოასწრონ და ყინვისგან დაზიანდნენ.
ვაშლის ხის ფორმირებისთვის ძირითად პერიოდად მიჩნეულია გვიანი შემოდგომა და ადრეული გაზაფხული, როდესაც ხე მოსვენების მდგომარეობაშია.
ცივი ზამთრის მქონე რეგიონებში ახალგაზრდა ხეების შემთხვევაში შემოდგომაზე უმჯობესია ძირითადად სანიტარული გასხვლა, დაზიანებული, გამხმარი და დაავადებული ტოტების მოცილება. ფორმირებითი გასხვლა კი გაზაფხულზე, წვენთა მოძრაობის დაწყებამდე, ჩატარდეს.
რა უნდა გაკეთდეს დარგვის შემდეგ?
ერთწლიანი ნერგის დარგვისას მისი ზედა ნაწილი, როგორც წესი, შესაძლებელია დაახლოებით 70 სმ სიმაღლეზე შემოკლდეს. ეს ხელს უწყობს მიწისზედა ნაწილისა და დარგვისას ნაწილობრივ დაზიანებული ფესვთა სისტემის ბალანსის აღდგენას და მომავალი გვირგვინის სწორად ჩამოყალიბებას.
ძალიან დაბალი შტამბი
შტამბი არის ხის ღეროს ქვედა ნაწილი, ნიადაგის დონიდან პირველ ძირითად ტოტამდე.
ვაშლის ხისთვის შტამბის სიმაღლე, როგორც წესი, 50–70 სმ–ის ფარგლებში უნდა იყოს. თესლოვან საძირეზე გაზრდილი ვაშლისა და მსხლის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მაღალი — 70–80 სმ–იანი შტამბის ფორმირებაც.
ძალიან დაბალი შტამბი მომავალში პრობლემებს ქმნის. ხის ქვეშ რთულდება ბალახის მოთიბვა, ჩამოცვენილი ნაყოფის შეგროვება და შტამბის გარშემო ნიადაგის მოვლა. ამასთან, მოსავლის სიმძიმის გამო ქვედა ტოტები შეიძლება იმდენად დაიხაროს, რომ თითქმის მიწას შეეხოს.
ამიტომ ახალგაზრდა ვაშლის ხის შტამბის ზონაში წარმოქმნილი ზედმეტი ყლორტები დროულად უნდა მოიჭრას. მნიშვნელოვანია, რომ მოცილებისას „კორძები“ არ დარჩეს.
ასევე რეგულარულად უნდა შემოწმდეს ხის ძირი და დროულად მოიხსნას ფესვის ამონაყარი, რომელიც კონკურენციას უწევს ძირითად ხეს.
ძირითადი ტოტების ერთმანეთთან ძალიან ახლოს განთავსება
თუ ძირითადი ტოტები ღეროზე ძალიან ახლოსაა განლაგებული, გვირგვინი სწრაფად სქელდება. შედეგად მისი შიდა ნაწილი ნაკლებად ნათდება და ცუდად ნიავდება.
ეს კი რამდენიმე პრობლემას იწვევს:
- მცირდება ნაყოფის გამონასკვისა და შენარჩუნების შესაძლებლობა;
- იზრდება დაავადებების გავრცელების რისკი;
- იქმნება მავნებლებისთვის ხელსაყრელი პირობები;
- სქელი გვირგვინი რთულად მოსავლელია;
- ტოტების ერთ ადგილას გადაჭარბებული თავმოყრა ასუსტებს ხის ჩონჩხს;
- ნაყოფის დიდი დატვირთვისას იზრდება ტოტების ჩამოტეხვის საფრთხე.
ვაშლის ხის ფორმირებისას ხშირად გამოიყენება შეჩეხილი/იარუსული, შედარებით იშვიათი გვირგვინის პრინციპი, რომლის მიზანია ტოტების სივრცეში თანაბრად განაწილება.
ქვედა იარუსში შესაძლებელია 3–4 ძირითადი ტოტის დატოვება, მათ შორის დაახლოებით 15-20 სმ-ის დაშორებით. ზემოთ ტოტები შეიძლება განთავსდეს ცალ-ცალკე ღეროს გარშემო ან შეიქმნას მეორე იარუსი 2-3 ტოტით. იარუსებს შორის საშუალო მანძილი დაახლოებით 35–50 სმ შეიძლება იყოს.
საბოლოოდ, კარგად ჩამოყალიბებულ ხეს დაახლოებით 6–7 ძირითადი ტოტი შეიძლება ჰქონდეს.
ძალიან ვიწრო კუთხით გამოსული ტოტების დატოვება
ტოტის ღეროდან გამოსვლის კუთხე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
45 გრადუსზე ნაკლები კუთხით გამოსული, განსაკუთრებით ვერტიკალური ტოტები, სწრაფად იზრდება და ხშირად ძლიერ კონკურენციას უწევს ცენტრალურ გამტარს. ისინი ასევე ხელს უწყობს გვირგვინის გასქელებას.
მეორე მხრივ, რაც უფრო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადადის ტოტი, მისი ვეგეტაციური ზრდა შედარებით ნელდება და მასზე მეტი მოკლე სანაყოფე ტოტი და ყვავილოვანი კვირტი შეიძლება ჩამოყალიბდეს.
ჩონჩხის ძირითადი ტოტებისთვის ოპტიმალურად ხშირად მიიჩნევა 45–60 გრადუსის ფარგლებში გამოსვლის კუთხე. ასეთი ტოტები, როგორც წესი, უფრო მტკიცე და ხანგრძლივმოსავლიანია.
თუ ტოტი ზედმეტად ვერტიკალურია?
ახალგაზრდა ვაშლის ხის ტოტები ჯერ კიდევ მოქნილია, ამიტომ მათი სასურველი მიმართულებით გადახრა შესაძლებელია.
ამისთვის ტოტს ფრთხილად გადახრიან და აფიქსირებენ თოკით, ფართო ლენტით ან სხვა დამხმარე საშუალებით. დამაგრება შეიძლება მოხდეს ღეროზე, მეზობელ ტოტზე ან მიწაში ჩარჭობილ საყრდენზე.
ტოტისა და თოკის შეხების ადგილას სასურველია მოთავსდეს ქსოვილის, ტომრის ან სხვა რბილი და გამძლე მასალის ზოლი, რათა ქერქი არ დაზიანდეს.
ტოტის სასურველ მდგომარეობაში სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვეულებრივ რამდენიმე თვის განმავლობაში, დამჭერი მასალა უნდა მოიხსნას, რათა ის ღეროსა და ქერქში არ ჩაჭრას.
ცენტრალური გამტარისა და გვერდითი ტოტების კონკურენცია
ახალგაზრდა ვაშლის ხის ფორმირებისას აუცილებელია ცენტრალური გამტარისა და გვერდითი ტოტების ურთიერთდაქვემდებარების პრინციპის დაცვა.
თუ ზედა ტოტები ძალიან ძლიერად ვითარდება, ისინი ქვედა ტოტებს ჩრდილავენ. განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება ზოგიერთი მაღალმოზარდი საძირეზე დამყნობილი ვაშლი, ამიტომ ზედა ნაწილში ყლორტების ზრდის კონტროლი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ყოველწლიურად ფორმირებისას უნდა შეირჩეს საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ტოტები, ხოლო ზედმეტი, სუსტი, ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ან არასასურველი მიმართულებით მზარდი ყლორტები მოიხსნას.
ხის სასურველი სიმაღლის, დაახლოებით 2,5–3,5 მეტრის, მიღწევის შემდეგ შესაძლებელია ცენტრალური გამტარის შემოკლება, რათა ხე ზედმეტად მაღლა აღარ გაიზარდოს.
არასწორად გადაჭრა
ხის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, რომელი ტოტი იჭრება, არამედ ისიც, როგორ გადაიჭრა
გასხვლა უნდა ჩატარდეს ბასრი და სუფთა/დეზინფიცირებული ხელსაწყოთი, რათა ჭრილობა იყოს მაქსიმალურად სწორი და გლუვი და სწრაფად შეხორცდეს.
ტოტის სრულად მოცილებისას ჭრილი უნდა გაკეთდეს ტოტის ბუნებრივი შეერთების ზონაში, ე.წ. ტოტის რგოლის მიხედვით, და არ უნდა დარჩეს გრძელი „კუნძი“.
ერთწლიანი ყლორტის შემოკლებისას ჭრილი კეთდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ. უმჯობესია შეირჩეს გარეთ მიმართული კვირტი, რათა მისგან განვითარებულმა ახალმა ყლორტმა გვირგვინის შიდა ნაწილი ზედმეტად არ გაასქელოს.
სწორად შერჩეული კვირტი მომავალ ყლორტს ზრდის სასურველ მიმართულებას აძლევს.
ზედმეტი ან არასაკმარისი დამოკლება
ერთწლიანი ნაზარდების შემოკლებას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს: გვირგვინის ფორმის კორექტირება და სანაყოფე ორგანოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ამ დროს აუცილებელია ტოტების ურთიერთდაქვემდებარების პრინციპის დაცვა — ზედა ტოტებმა ქვედა ტოტები არ უნდა დაჩრდილს.
თუმცა გასხვლა ზომიერი და მიზანმიმართული უნდა იყოს. ახალგაზრდა ხის ყოველწლიურად ძალიან ძლიერმა გასხვლამ შეიძლება ვეგეტაციური ზრდა გააძლიეროს და სანაყოფე პერიოდი დააგვიანოს, ხოლო არასაკმარისმა გასხვლამ, გვირგვინის გადაჭარბებული გასქელება გამოიწვიოს.
ამიტომ თითოეული ჭრილობის წინ მებაღემ უნდა განსაზღვროს: რატომ ვჭრი ამ ტოტს და როგორი იქნება ხის რეაქცია?
ჯანსაღი ნერგი მომავალი ბაღის საფუძველია
ვაშლის ბაღში მაღალი და სტაბილური მოსავლის მიღება ხის დარგვის მომენტიდან იწყება. ახალგაზრდა ხის პირველ წლებში სწორად განხორციელებული ფორმირება მომავალში მნიშვნელოვნად ამარტივებს გასხვლას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს, მოსავლის აღებასა და სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებს.
მთავარი პრინციპი მარტივია: ახალგაზრდა ვაშლის ხეს არ უნდა მივცეთ საშუალება, გვირგვინი თვითნებურად და უკონტროლოდ განავითაროს. სწორად შერჩეული ჩონჩხის ტოტები, მათი სათანადო განლაგება, 45-60-გრადუსიანი კუთხეების შენარჩუნება, დროული გასხვლა და ზედმეტი ყლორტების მოცილება ქმნის კარგად განათებულ, განიავებულ და გამძლე გვირგვინს.
ფერმერისთვის ეს მხოლოდ ხის ფორმის საკითხი არ არის, პირველი წლების სწორად ჩატარებული სამუშაო რამდენიმე წლის შემდეგ მოსავლის რაოდენობას, ნაყოფის ხარისხს და ბაღის მოვლის დანახარჯებს განსაზღვრავს.
მასალა მომზადებულია დიმიტრი ლუკიანოვის სტატიის საფუძველზე

