ვაზის ფიტოპლაზმების კვლევა
საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლა გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კვლევას მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ვაზის საშიში დაავადების – ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.
კვლევის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა ფაბიო ქუაგლინომ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, ჯიღაურას ბაზაზე, ასევე თელავის, ყვარლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ვენახებში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების მონიტორინგი ჩაატარა.
მონიტორინგის დროს დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების მქონე ვაზის ნიმუშები შეგროვდა. მათი ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიასა და მილანის უნივერსიტეტში განხორციელდება.
ნიმუშების შესასწავლად თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკისა და სიქვენსირების მეთოდები იქნება გამოყენებული. ეს საშუალებას იძლევა, ზუსტად დადგინდეს დაავადების გამომწვევი ფიტოპლაზმების სახეობრივი და გენეტიკური თავისებურებები და შეფასდეს მათი მრავალფეროვნება.
კვლევის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები, შეგროვებული ნიმუშების შემდგომი კვლევის პროცესი და მიღებული შედეგების ერთობლივი ანალიზი.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და მილანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთობლივი კვლევების განხორციელებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
რატომ არის კვლევა მნიშვნელოვანი?
ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების დროული გამოვლენა და ზუსტი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული ვენახების დაცვისთვის, ისე ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქროსფერი სიყვითლის შესაძლო არსებობისა და გავრცელების რისკის მეცნიერულად შეფასება, რადგან დაავადების ადრეული გამოვლენა ეფექტიანი მონიტორინგისა და შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველია.
საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმების გავრცელების შესწავლა ქვეყნის მევენახეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაძლო საფრთხეების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულებაა. საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამედროვე მოლეკულური მეთოდების გამოყენება ხელს შეუწყობს დაავადებების ზუსტ იდენტიფიცირებას, მათი გავრცელების რისკების შეფასებას და მომავალში ვენახების დაცვის უფრო ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას.
პროფესორ ფაბიო ქუაგლინოს საქართველოში ვიზიტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტის „ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების GY გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა და EPPO სტანდარტებით სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

