აგროსიახლეები

საქართველო WOAH-ის ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე: აქცენტი ცხოველთა დაავადებების პრევენციაზე

საქართველოს წარმომადგენელმა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე ცხოველთა დაავადებების კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ლატვიის ქალაქ რიგაში WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის 32-ე კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენციის მთავარი თემები იყო ცხოველთა დაავადებების ადრეული გამოვლენა, შეტყობინებისა და კონტროლის სისტემების გაძლიერება, ტრანსსასაზღვრო დაავადებების პრევენცია და ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების ჰარმონიზაცია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წვრილფეხა პირუტყვის ჭირსა და ცხვრისა და თხის ყვავილს. მონაწილეებმა განიხილეს ამ დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები, პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, ასევე საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების გზები.

ცხოველთა ინფექციური დაავადებების გავრცელება მხოლოდ ვეტერინარული პრობლემა არ არის. ეპიზოოტიებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს მეცხოველეობის ფერმებს, შეზღუდოს ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილება და გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ვაჭრობაზეც. ამიტომ დაავადების ადრეული აღმოჩენა, ფერმერულ მეურნეობებში ბიოუსაფრთხოების დაცვა და ვეტერინარული სამსახურების სწრაფი რეაგირება პირდაპირ უკავშირდება როგორც ცხოველთა ჯანმრთელობას, ისე ფერმერების ეკონომიკურ ინტერესებს.

WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის საქმიანობა მიზნად ისახავს რეგიონში ვეტერინარული თანამშრომლობის გაძლიერებას, ვეტერინარული სამსახურების შესაძლებლობების განვითარებასა და სანიტარიული რეგულაციების ჰარმონიზაციას.

ლაშა ავალიანი WOAH-ში საქართველოს წარმოადგენდა.

რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ტრანსსასაზღვრო დაავადებების რისკის პირობებში ეფექტიანი კონტროლი მხოლოდ ეროვნული ღონისძიებებით ვერ შემოიფარგლება, აუცილებელია მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის, გამოცდილებისა გაცვლა და მოქმედებების კოორდინაცია.