ანთრაქნოზის გავრცელების ფაზები და დაავადების ინტეგრირებული მართვა
ანთრაქნოზი მნიშვნელოვანი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა სასოფლო–სამეურნეო კულტურის ფოთლებს, ღეროებს, ყვავილებსა და ნაყოფს აზიანებს.
დაავადების განვითარებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს მაღალი ტემპერატურა, ტენიანობა და მცენარის ზედაპირზე ხანგრძლივად დარჩენილი წყალი ქმნის.
ანთრაქნოზის გამომწვევი სოკოვანი პათოგენები სხვადასხვა კულტურაზე გვხვდება და ხელსაყრელი გარემო პირობების არსებობის შემთხვევაში ის სწრაფად ვრცელდება, ამიტომ დაავადების მართვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირველი სიმპტომების ამოცნობა, არამედ იმის ცოდნაც, როგორ მიმდინარეობს ინფექციის ციკლი.
როგორ ვითარდება ინფექცია?
- სპორების წარმოქმნა
სოკო სპორებს ინფიცირებულ მცენარეულ ქსოვილებსა და დაავადებულ ნაყოფებზე წარმოქმნის. სწორედ ეს სპორებია ინფექციის გავრცელების ძირითადი წყარო.
- სპორების გავრცელება
სპორები შეიძლება ჯანმრთელ მცენარეებსა და ქსოვილებზე გავრცელდეს წვიმის წვეთების, სარწყავი წყლის, ქარის, სასოფლო-სამეურნეო იარაღების, ტექნიკისა და ინფიცირებულ მცენარეულ მასალასთან კონტაქტის შედეგად.
- აღმოცენება
თუ მცენარის ზედაპირზე ტენი საკმარისი დროის განმავლობაში შენარჩუნდა, სპორები აღმოცენებას იწყებს და წარმოქმნის ე.წ. ჩანასახოვან მილაკებს.
- მცენარეში შეღწევა
სოკო მცენარის ზედაპირში შეღწევისთვის სპეციალურ სტრუქტურას, აპრესორიუმს, წარმოქმნის. მისი დახმარებით პათოგენი მცენარის დამცავ ზედაპირს გადალახავს და ქსოვილებში აღწევს.
- ქსოვილების კოლონიზაცია
სოკოს ჰიფები მცენარის ქსოვილებში იზრდება, აზიანებს უჯრედებს და საბოლოოდ წარმოქმნის დაავადებისთვის დამახასიათებელ დაზიანებულ უბნებს.
როგორ ვლინდება ანთრაქნოზი?
დაავადების სიმპტომები კულტურისა და ინფექციის განვითარების ეტაპის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. გავრცელებული ნიშნებია:
- ფოთლებზე მცირე ზომის ყავისფერი ან მუქი ლაქების წარმოქმნა;
- ღეროებზე ნეკროზული უბების გაჩენა;
- ნაყოფზე ჩაღრმავებული, მრგვალი დაზიანებების წარმოქმნა;
- ნაყოფის ლპობა და ქსოვილების დაშლა;
- დაზიანებულ უბნებში მუქი ფერის სოკოვანი სტრუქტურების წარმოქმნა;
- ნაყოფის ნაადრევი დაზიანება და ხარისხის გაუარესება.
რატომ არის სველი პირობები განსაკუთრებით საშიში?
ანთრაქნოზის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება მაშინ, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა მაღალტენიანობა, დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა და მგრძნობიარე მცენარეული ქსოვილი.
ხშირი ნალექის, ფოთლების ხანგრძლივი დასველების, ცუდი განიავების დროს პათოგენის გავრცელებას და ახალი ინფექციების წარმოქმნის უწყობს ხელს.
ამიტომ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკვე გამოვლენილი დაზიანების მკურნალობა, არამედ ისეთი ფაქტორები შემცირება, რომლებიც ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.
ანთრაქნოზის ინტეგრირებული მართვა
დაავადების გავრცელების შესამცირებლად ფერმერებმა რამდენიმე ღონისძიება ერთობლივად უნდა გამოიყენონ:
ჯანმრთელი სარგავი მასალა — დასარგავად გამოიყენეთ ჯანმრთელი და დაავადებისგან თავისუფალი მასალა.
ინფიცირებული ნაყოფისა და ნარჩენების მოცილება — ძლიერ დაზიანებული ნაყოფი და მცენარეული ნარჩენები მოაშორეთ ნაკვეთს და სათანადოდ გაანადგურეთ, რათა ინფექციის წყაროდ არ დარჩეს.
ფოთლების ზედმეტი დასველების თავიდან აცილება — შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ზედაპირულ მორწყვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანგრძლივი ფოთლის დასველებაა მოსალოდნელი.
სათანადო დარგვის სიხშირე — მცენარეებს შორის საკმარისი მანძილი უნდა იყოს, რათა ის ნიავდებოდეს და მცენარის ზედაპირზე ტენი დიდხანს არ შენარჩუნდეს.
სანიტარიული ღონისძიებები — რეგულარულად გაასუფთავეთ ნაკვეთი მცენარეული ნარჩენებისგან და სათანადოდ მართეთ მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მასალა.
დაკვირვება — ნათესი რეგულარულად დაათვალიერეთ და პირველი საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე გაარკვიეთ მათი გამომწვევი მიზეზი.
ფუნგიციდების სწორად გამოყენება — ქიმიური დაცვის საშუალებები გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული კულტურისთვის დაშვებული პრეპარატის ეტიკეტზე მითითებული დოზის, გამოყენების წესის, ლოდინის პერიოდისა და რეზისტენტობის მართვის რეკომენდაციების შესაბამისად.
მოქმედების მექანიზმების მონაცვლეობა — ფუნგიციდების გამოყენებისას მნიშვნელოვანია ერთი და იმავე მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატის განმეორებით გამოყენების თავიდან აცილება და შესაბამისი ჯგუფების მონაცვლეობა, რათა შემცირდეს პათოგენის რეზისტენტობის განვითარების რისკი.
ინფექციის გავრცელების მექანიკური გზების კონტროლი — ინფიცირებული უბნიდან ჯანმრთელ ნაკვეთზე გადასვლისას გაწმინდეთ ხელები, ხელსაწყოები და გამოყენებული აღჭურვილობა.
დაავადების ციკლის გაწყვეტა დაცვის მთავარი პრინციპია
ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი დაავადების განვითარების ციკლის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე შეჩერებაა. თუ ინფიცირებული ქსოვილებიდან ახალი სპორები წარმოიქმნა და ისინი ჯანმრთელ მცენარეებზე გავრცელდა, დაავადება ახალ ინფექციურ ციკლს იწყებს და მისი კონტროლი რთულდება.
ამიტომ ფერმერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნათესის რეგულარული დაკვირვება, ტენიანობის მართვა, კარგი აგროტექნიკა, სანიტარიული ღონისძიებების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება.
ანთრაქნოზის შესახებ ცოდნა მხოლოდ დაავადების ამოცნობას არ ემსახურება, ის ფერმერს საშუალებას აძლევს, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი დროულად გაწყვიტოს. სწორედ პრევენცია და ადრეული მოქმედება ქმნის ეფექტიანი მცენარეთა დაცვის საფუძველს.
მოამზადა გიორგი მაისურაძემ

