„ჩემი პირველი ნერგი“ – ბავშვები გარემოზე ზრუნვას სწავლობენ
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. ინიციატივის მიხედვით, პირველკლასელები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგებს რგავენ და გარემოს დაცვაში უშუალოდ მონაწილეობენ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართა. აღნიშნულ ადგილებზე მთლიანად 4 000-ზე მეტი ნერგი დაირგო.
პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, 22 ოქტომბერს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ინიციატივა თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონს მოიცავს.
პირველი ნერგი – პირველი ნაბიჯი ბუნებაზე ზრუნვისკენ
პროგრამის მიზანი ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
პროგრამის მიხედვით თითოეული პირველკლასელისთვის ერთი ნერგია გათვალისწინებული. ბავშვები თავად მონაწილეობენ დარგვის პროცესში, მომავალში კი შეძლებენ, დააკვირდნენ თავიანთი ნერგის ზრდას და იზრუნონ მის განვითარებაზე.
ასეთი მიდგომა გარემოსდაცვით განათლებას პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირებს. ბავშვები სწავლობენ, რომ ხის დარგვა მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება კი არ არის, არამედ მცენარეს მოვლა და ყურადღება სჭირდება.
ადგილობრივ პირობებზე მორგებული ნერგები
დასარგავი ხის სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვები და სხვა სახეობები.
რეგიონის ბუნებრივ პირობებთან შესაბამისი სახეობების შერჩევა მნიშვნელოვანია ნერგების გახარებისა და მათი შემდგომი ზრდისთვის. ამასთან, დარგვის შემდეგ არსებითი მნიშვნელობა აქვს ნიადაგისა და ტენიანობის პირობების გათვალისწინებას, საჭიროების შემთხვევაში მორწყვას და ნერგების დაზიანებისგან დაცვას.
ციფრულ პლატფორმაზე დარგული ნერგების აღრიცხვა
პროგრამის მიხედვით შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა — cheminergi.eiec.gov.ge. მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, ბავშვებს შეუძლიათ, პლატფორმაზე შეიტანონ ინფორმაცია დარგული ნერგის შესახებ და ატვირთონ მისი ფოტო.
პლატფორმის საშუალებით შეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა. ეს შესაძლებლობა ბავშვებს საკუთარი ნერგის შესახებ ინფორმაციის შენახვასა და მისი ზრდის პროცესზე დაკვირვებაში დაეხმარება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები.
„ჩემი პირველი ნერგი“ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო ინიციატივაა, რადგან ბავშვებს ბუნების დაცვის მნიშვნელობას პრაქტიკული საქმიანობით აცნობს. ხის დარგვა ბავშებს ეხმარება გააცნობიერონ, რომ მწვანე გარემოს შექმნა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.
თუმცა პროგრამის გრძელვადიანი შედეგი მხოლოდ დარგული ნერგების რაოდენობით არ უნდა შეფასდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გახარების მაჩვენებელი და ბავშვების ჩართვა მცენარეების მოვლისა და ზრდის პროცესში, რაც მომავალი თაობის გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბების ეფექტიანი გზა იქნება.

