აგროსიახლეებიმევენახეობა-მეღვინეობა

მეღვინეობაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები

1998 წელს მიღებულ საქართველოს `ვაზისა და ღვინის შესახებ” მიღებულ კანონში მოყვანილი მეღვინეობის პროდუქტების ტერმინები და განმარტებები მცდარია, იგი არ შეესაბამება არც ევროკავშირის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობებს. მაგალითად, საქართველოს კანონით ბრენდის განმარტება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტებს. კერძოდ, საქართველოს კანონი `ვაზისა და ღვინის შესახებ” აიძულებს მეწარმეს აწარმოოს მაღალხარისხოვანი სასმელი (კონიაკი) და მას დაბალხარისხოვანი პროდუქტის – ბრენდის დასახელება მისცეს. კანონი მეწარმეს უკრძალავს, ბრენდი იმ ტექნოლოგიით აწარმოოს, რომელიც ევროკავშირის მიერაა აღიარებული და ამით ხელს უშლის საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების სფეროში თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

დაუსაბუთებელი და ამდენად უსაფუძვლოა კანონში მოყვანილი ყურძნის არყის განმარტებაც; არომატიზებული ღვინის კანონში მოყვანილი განმარტება ასევე არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ. (დაწვრილებით იხ. `შესწორებები საქართველოს კანონში “ვაზისა და ღვინის შესახებ”.ჟ. “აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები”, 2013, #3. გგვ. 64-69).

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ კანონში `ვაზისა და ღვინის შესახებ” მეცნიერულად დაუსაბუთებელი და პრაქტიკულად გაუმართლებელი განმარტებების არსებობა ხელს უშლის საქართველოში მეწარმეობის განვითარებას და ამით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, შესაბამისი საჯარო განხილვის შემდეგ, მიღებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტი მეღვინეობის სფეროში გამოსაყენებელი ტერმინებისა და განმარტებების შესახებ. რაც შეეხება საქართველოს კანონს `ვაზისა და ღვინის შესახებ”, ამ კანონიდან ამოღებულ უნდა იქნას მე-11 თავი, რომელიც ეხება ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებს, რადგანაც ამ სფეროსთან დაკავშირებით კანონში არსებული ყველა თავი თუ მუხლი და მასთან დაკავშირებული ტერმინები და განმარტებები მცდარია. კანონი, როგორც ეს მისი დასახელებიდანაც ჩანს, უნდა ეხებოდეს მხოლოდ ვაზსა და ღვინოს.

საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  მეღვინეობის  პროდუქციის, ისევე როგორც სხვა საექსპორტო პროდუქციის ტერმინებისა და განმარტებების მოყვანა იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობებთან. მხედველობაში ვიღებთ რა იმ უდაო ფაქტს, რომ რუსეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პოტენციურ იმპორტიორ ქვეყანას საქართველოს მეღვინეობის პროდუქციისათვის, ჩვენ გავითვალისწინეთ ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სტანდარტებში არსებული ტერმინები და განმარტებები, მით უფრო, რომ რუსეთის კანონმდებლობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ამ სფეროში არსებულ ევროკავშირის მოთხოვნებს.

ქვემოთ მოყვანილი ძირითადი ტერმინები და განმარტებები შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს, რომლებიც ადგენენ მეღვინეობის ერთიანი ბაზრის ორგანიზაციას (1493/99, 17.05.99), არომატიზებული ღვინოების განსაზღვრის, აღნიშვნისა და გაფორმების საერთო წესებს (# 1601/91, 10.06.91), მაგარი სასმელების განსაზღვრის, აღნიშვნისა და გაფორმების საერთო მოთხოვნებს (# 1576/89, 29.05.89).

 

 

მეღვინეობის პროდუქცია, ნედლეული

და ნახევარფაბრიკატები

ტერმინები და განმარტებები

მეღვინეობის პროდუქცია

 

ალკოჰოლიანი პროდუქტი, დამზადებული ყურძნის მარცვლების ან ხილის მთელი ან დაქუცმაცებული ნაყოფების ან მათი ტკბილის  სრული  დადუღებით; მათი გადადენით, შემდგომი დავარგებით ან დავარგების გარეშე.

ყურძნის მარცვლების, ხილის ნედლეულის ან მათი ტკბილის სრული ან არასრული ალკოჰოლური დუღილით, საკვები ნედლეულიდან მიღებული რექტიფიცირებული ეთილის სპირტის, ღვინის, ყურძნის ან ხილის სპირტების, ღვინის, ყურძნის ან ხილის დისტილატების, შაქარშემცველი ნივთიერებების, ნატურალური ან ნატურალურის იდენტური საკვები არომატიზატორების, ნახშირბადის ორჟანგის დამატებით ან დამატების გარეშე.

 

ღვინო

მეღვინეობის პროდუქტი, დამზადებული ახლადდაკრეფილი ყურძნის მთელი ან დაქუცმაცებული მარცვლების ან ყურძნის ტკბილის სპირტული დუღილის შედეგად.

 

სუფრის ღვინო

მეღვინეობის პროდუქტი, დამზადებული ახლადდაკრეფილი ყურძნის მთელი ან დაქუცმაცებული მარცვლების ან ყურძნის ტკბილის სრული ან არასრული სპირტული დუღილის შედეგად. ღვინოში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 9,0-15,0%.

 

სუფრის მშრალი ღვინო

ახლადდაკრეფილი ყურძნის მთელი ან დაქუცმაცებული მარცვლების ან ყურძნის ტკბილის სრული სპირტული დადუღებით დამზადებული ღვინო.

სუფრის ნახევრად მშრალი, ნახევრადტკბილი და ტკბილი ღვინოები

ღვინოები, დამზადებული ალკოჰოლური დუღილის შეწყვეტით ნარჩენი შაქრიანობის მოთხოვნილ მნიშვნელობაზე ან მშრალი ღვინომასალის ყურძნის ტკბილთან, კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილთან ან რექტიფიცირებულ კონცენტ-რირებულ ყურძნის ტკბილთან შერევით

 

ლიქიორული ღვინო

მზადდება: მხოლოდ ყურძნისეული წარმოშობის ეთილის სპირტის გამოყენებით.  ეთილის სპირტის შეძენილი მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 და არაუმეტეს 22%. ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილი – არანაკლებ 17,5%, ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელების მაღალხარისხოვანი ლიქიორული ღვინოების გარდა.

მიიღება:

– ან ყურძნის ტკბილისაგან, მისი დადუღების პროცესში,

– ან ღვინისაგან,

– ან აღნიშნული პროდუქტების ნარევისაგან.

ემატება:

– ყურძნისეული წარმოშობის ნეიტრალური სპირტი, რომლის შეძენილი  მოცულობითი წილი შეადგენს არანაკლებ 96%,

– ღვინის დისტილატი, რომელიც შეიცავს არანაკლებ 52% და არაუმეტეს 86% შეძენილ მოცულობით წილ ეთილის სპირტს,

– ყურძნის კონცენტრირებული ტკბილი.

 

ცქრიალა ღვინო

პროდუქტი, დამზადებული ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილის ან ღვინომასალების მეორადი ალკოჰოლური დუღილის შედეგად წარმოქმნილი ნახშირბადის დიოქსიდით ღვინომასალების გაჯერების შედეგად. ბოთლში არსებული წნევა 200C-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი – 8,5-დან 12,5%-მდე.

 

მარგალიტის ცქრიალა ღვინო

ცქრიალა ღვინო, რომლისთვისაც ბოთლში არსებული წნევა 200C-ზე უნდა შეადგენდეს 100-დან 250კპა.

 

საბჭოთა შამპანური

სპეციალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ცქრიალა ღვინო. ბოთლში არსებული წნევა 200C-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 350კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი – 10,5-დან 12,5%-მდე.

 

დაგაზული ღვინო

პროდუქტი, დამზადებული ღვინომასალის ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნური გაჯერებით. ბოთლში არსებული წნევა 200C-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი – 8,5-დან 12,5%-მდე.

 

დაგაზული მარგალიტის ღვინო

დაგაზული ღვინო, რომლისთვისაც ბოთლში არსებული წნევა 200C -ზე უნდა შეადგენდეს 100-დან 250კპა.

 

ადგილწარმოშობის მიხედვით კონტროლირებული დასახელების ღვინო

ყველა ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინო, რომლის დასამზადებლად  გამოსაყენებელი ყურძენი მოიწევა იმ გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე,  რომლის ნიადაგობრივ–კლიმატური პირობები ღვინოს სძენს გამორჩეულად მაღალ ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს.

 

არომატიზებული ღვინო

მეღვინეობის პროდუქტი, ეთილის სპირტის მოცულობითი წილით 14,5-დან 22,0%-დე, დამზადებული სუფრის, ლიქიორული, დაგაზული, ცქრიალა ღვინოებისაგან, რომლებშიც დამატებულია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტი, ნატურალური არომატული და საგემოვნო ნივთიერებები, ასევე ყურძნის ტკბილი, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი და სხვა  შაქარშემცველი ნივთიერებები.

პროდუქტში სუფრის ღვინის, ლიქიორული ღვინის, დაგაზული ღვინის, ცქრიალა ღვინის, ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებისა და მათი ნარევების საერთო მოცულობითი წილი არ უნდა იყოს არომატიზირებული ღვინის მოცულობის 75%-ზე ნაკლები.

 

ხილკენკროვანთა ღვინოები 

პროდუქტები, დამზადებული დაქუცმაცებული ხილის ნაყოფების ან ხილის ტკბილის სრული ან არასრული სპირტული დუღილის შედეგად, მეღვინეობაში დაშვებული ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით, თითოეული მათი ტიპებისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებების მისანიჭებლად. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 8,5-დან 22,0%-დე.

 

სუფრის ღვინო ხილკენკროვანთა

პროდუქტი, დამზადებული დაქუცმაცებული ხილის ნაყოფების ან ხილის ტკბილის სრული ან არასრული სპირტუ-ლი დუღილის შედეგად, შაქარშემცველი ნივთიერებების დამატებით ან დამატების გარეშე. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 8,5-დან 15,0%-დე.

 

ხილკენკროვანთა სპეციალური ღვინო

ხილის ღვინომასალისაგან წარმოებული პროდუქტი, საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტისა და შაქარშემცველი ნივთიერებების დამატებით.  ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 15,0-დან 22,0%-დე.

 

ღვინო ხილკენკროვანთა არომატიზირებული

ხილის ღვინომასალისაგან წარმოებული პროდუქტი, საკვები ნედლეულიდან მირებული ეთილის სპირტის, შაქარშემცველი, არომატული და საგემოვნო ნივთიერებების დამატებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 14,5-დან 22,0%-დე.

 

ხილკენკროვანთა თაფლის ღვინო

პროდუქტი, დამზადებული თაფლისა და ხილის ტკბილების სრული ან არასრული სპირტული დუღილის შედეგად, საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტისა და შაქარშემცველი ნივთიერებების დამატებით ან დამატების გარეშე. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 8,5-22,0%.

ნუგზარ ბაღათურია, კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი

                   ინსტიტუტის დირექტორი, ს.ს.მ.მ. აკადემიის აკადემიკოსი