ორშაბათი, ნოემბერი 9, 2026
მედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენები – საექსპორტო პოტენციალი და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარების შესაძლებლობები

2026 წლის იანვარ – სექტემბერში საქართველოდან 15,3 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი გავიდა ექსპორტზე, რომლის საერთო ღირებულებამ 23,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 44%-ით, ხოლო ღირებულება 41%-ით გაიზარდა.

ეს შედეგი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავების განვითარების მნიშვნელობას.

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის მოყვანას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქვეყნის ბუნებრივი და კლიმატური პირობები ხელს უწყობს ვაშლის, მსხლის, ატმის, ყურძნის, ციტრუსების, კენკროვანი კულტურებისა და სხვადასხვა ბოსტნეულის წარმოებას. ამ მრავალფეროვნებას ემატება ხილის გადამუშავების ტრადიციები: წვენების, კომპოტების, მურაბების, ჩირისა და სხვა პროდუქტების დამზადება, რომლებიც ქართული საოჯახო მეურნეობისა და კვების კულტურის ნაწილია.

დღეს ამ ტრადიციის განვითარება თანამედროვე გადამმუშავებელი მრეწველობის საშუალებით არის შესაძლებელი. ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის სამრეწველო გადამუშავება ფერმერებს პროდუქციის გასაღების დამატებით შესაძლებლობას აძლევს, ამცირებს მალფუჭებადი ნედლეულის დანაკარგების რისკს და ქვეყანაში დამატებით ღირებულებას ქმნის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონური მოსავლის ეფექტიანი გამოყენება. თუ ფერმერი ბაზარზე ახალი ხილის რეალიზაციას ვერ ახერხებს, შესაბამისი ხარისხის ნედლეული შეიძლება გადამმუშავებელ საწარმოს მიაწოდოს. ეს ხელს შეუწყობს მოსავლის უფრო სრულად გამოყენებას და სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენები 48 ქვეყანაში გაიყიდა.

ძირითადი საექსპორტო ბაზრები იყო:

  • აშშ – 25%;
  • ავსტრალია – 20%;
  • რუსეთი – 13%;
  • გერმანია – 8%;
  • ისრაელი – 8%.

ეს გეოგრაფია საყურადღებოა იმით, რომ ქართული ხილის წვენი იყიდება როგორც ტრადიციულ სავაჭრო ბაზრებზე, ისე აშშ-ის, ავსტრალიისა და გერმანიის მსგავს შორეულ და კონკურენტულ ბაზრებზე.

ექსპორტის ზრდა დადებითი სიგნალია ადგილობრივი გადამმუშავებელი საწარმოებისთვის. ამასთან, მხოლოდ გაყიდვების მოცულობის ზრდა არ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, რამდენად მომგებიანია დარგი ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა წილი მოდის ქართულ ნედლეულზე, როგორია საწარმოების დატვირთვა, რაოდენ სტაბილურია ფერმერებისგან ნედლეულის შესყიდვა და რა ფასად იყიდება საბოლოო პროდუქტი.

ქართული ხილის წვენების საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება მოითხოვს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის უფრო მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას.

პირველ რიგში, საწარმოებს სჭირდებათ სტაბილური რაოდენობისა და ხარისხის ნედლეული. ამისთვის მნიშვნელოვანია ფერმერებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ჯიშებისა და ხარისხის მოთხოვნების წინასწარ შეთანხმება, მოსავლის მიწოდების ვადების დაგეგმვა და სამართლიანი შესყიდვის ფასის განსაზღვრა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია გადამუშავების ტექნოლოგიური შესაძლებლობები. თანამედროვე საწარმოებს მხოლოდ კონცენტრატებით ან პირდაპირი გამოწურვის შედეგად მიღბული წვენების  კი არა, არამედ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ნარევების, პიურეების, მურაბების და სხვა პროდუქტების გამოშვება შეუძლია. პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთა განსხვავებულ მოთხოვნებს უპასუხონ და ნედლეული უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.

მესამე მიმართულებაა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა. საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციისთვის მნიშვნელოვანია მიკვლევადობა, ნედლეულისა და მზა პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლი, სტაბილური გემო და ხარისხი, შეფუთვის შესაბამისობა და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ექსპორტი მხოლოდ ნედლეულის გაყიდვა არ არის

საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მხოლოდ სოფლის მეურნეობის ნედლეული კი არა, უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე მზა პროდუქციაც აწარმოოს.

ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოება ამის ერთ-ერთი მაგალითია. ნედლეულის მოყვანიდან მის გადამუშავებამდე, შეფუთვამდე, ტრანსპორტირებამდე და უცხოელ მომხმარებლამდე მიწოდებამდე იქმნება ეკონომიკური ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობენ ფერმერები, გადამმუშავებელი საწარმოები, ლოჯისტიკური კომპანიები და სავაჭრო ორგანიზაციები.

ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შესაძლებელია რეგიონული ნედლეულის ბაზების განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების ტექნოლოგიური განახლება, ენერგოეფექტიანი დანადგარების დანერგვა და ერთობლივი საექსპორტო საქმიანობის მხარდაჭერა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროდუქტის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდებასაც.

ამასთან, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია. ხუთ ძირითად მიმართულებაზე მოთხოვნის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მთლიან გაყიდვებზე, ამიტომ მიზანშეწონილია ახალი ბაზრების მოძიება და უკვე ათვისებულ ქვეყნებში ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცება.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ზრდა იმ შესაძლებლობებზე მიუთითებს, რომლებიც ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის თანამშრომლობას უკავშირდება. ქვეყნის ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნება, გადამუშავების ტრადიციები და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების გამოცდილება დარგის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

თუმცა წარმატება მხოლოდ ექსპორტის ზრდით არ განისაზღვრება. აუცილებელია, ამ პროცესით სარგებელი მიიღონ ადგილობრივმა ფერმერებმა, გაიზარდოს ქართულ ნედლეულზე მოთხოვნა, გაძლიერდეს საწარმოების ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ქვეყნის შიგნით მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას.

ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენების საექსპორტო წარმატების მთავარი შესაძლებლობა სწორედ სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობისა და საერთაშორისო ვაჭრობის ერთიან ჯაჭვად განვითარებაშია.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა