სეზონური გადარეკვისას პირუტყვის ვეტერინარული დამუშავება უფასოდ ტარდება
საძოვრებზე სეზონური გადარეკვის პერიოდში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, პირუტყვი გარეგანი პარაზიტებისგან დაიცვან და ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების უფასო მომსახურებით ისარგებლონ. ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტო წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ახორციელებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირუტყვის სეზონურ საძოვრებზე გადარეკვასთან დაკავშირებით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში ცხოველების გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება დაიწყო.
ღონისძიების მიმდინარეობას სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტში გაეცნო.
სააგენტოს ვეტერინარები ცხოველებს ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით ამუშავებენ. როგორც ალექსანდრე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს უკვე დაახლოებით 503 ათასი სული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული.
მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას და, შესაბამისად, ფერმერული მეურნეობებისთვის შესაძლო ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
ამჟამად კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო მონაკვეთებზე, შვიდი ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს. ისინი განთავსებულია დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუბრიაანთკარში.
პუნქტები აღჭურვილია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზებით, სადეზინსექციო საშხაპეებით, წყლის რეზერვუარებითა და ვეტერინარული მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ცხოველების დასამუშავებლად გამოიყენება მაღალი სტანდარტის ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.
მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს აღნიშნულ მომსახურებას უსასყიდლოდ უწევენ.
სეზონური გადარეკვისას პირუტყვის ვეტერინარული დამუშავება მხოლოდ ერთჯერადი პროფილაქტიკური ღონისძიება არ არის – ის ნახირის ჯანმრთელობის დაცვისა და მეცხოველეობის ეკონომიკური დანაკარგების შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ფერმერებმა უნდა ისარგებლონ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების უფასო მომსახურებით და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას სათანადო ყურადღება დაუთმონ.

