აგროსიახლეები

აჭარაში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სხვადასხვა საჭირო აღჭურვილობის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის მიზანია ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება და საოჯახო მეურნეობების ეფექტიანობის გაზრდა. მისივე ინფორმაციით, პროგრამით უკვე დაახლოებით 2500-მა ფერმერმა ისარგებლა, წლის ბოლომდე კი ბენეფიციართა რაოდენობის 4000-მდე გაზრდაა დაგეგმილი.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის განვითარება. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, თანადაფინანსებით შეიძინონ საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესი და გაზარდონ საკუთარი მეურნეობების ეფექტიანობა“, – განაცხადა დენის სალუქვაძემ ფერმერებთან შეხვედრისას.

პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ სხვადასხვა მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო საშუალებების შეძენის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავებისა და რძის საწველი აპარატების შეძენა. ასევე, თანადაფინანსება ვრცელდება მეფუტკრეობის, მესათბურეობისა და სამაცივრე მეურნეობებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, ელექტროღობეებზე, ჩირის წარმოების, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის განკუთვნილ საშუალებებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.

ტექნიკის გადაცემის პროცესს მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ფრიდონ ფუტკარაძე და მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.