ნიდერლანდების სამეფოში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker“ ორგანიზებით, ამსტერდამში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Grand Georgian Wine Tasting“ გაიმართა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 18 მარნისა და კომპანიის ღვინოები.
ღონისძიების ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებას, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2026 წლის 3 კვარტალში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20 ქვეყანაში 24 გამოფენა/ფესტივალსა და 146 დეგუსტაცია-სემინარზე.

