აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

ბუნებასთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა ბიზნესისთვის არჩევანი კი არა, აუცილებლობაა

ბუნების განადგურება მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა აღარ არის და ის განსაკუთრებით გლობალურ ეკონომიკისა და ბიზნესს უქმნის საფრთხეს.

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობა სულ უფრო მეტად აზიანებს იმ ბუნებრივ რესურსებს, რომლებზეც თავად არის დამოკიდებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა დამამტვერიანებელი მწერების შემცირება, ნიადაგის დეგრადაცია და ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა, რაც პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა და სურსათის წარმოებაზე.

ბუნებრივი გარემოს ხარჯზე  ბიზნესის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ საფრთხეს შეიცავს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მთავრობათაშორისი სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმის (IPBES) ექსპერტები, რომლებმაც ბიზნესსა და ბიომრავალფეროვნებას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ პირველი მასშტაბური შეფასების ანგარიში მოამზადეს.

კვლევაში 35 ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ანგარიშის ავტორების მიზანი იყო, წარმოეჩინათ, ერთმხრივ, რა გავლენას ახდენს ეკონომიკური საქმიანობა ბუნებაზე და, მეორე მხრივ, რარიგად არის თავად ბიზნესი დამოკიდებული ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე.

ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორისა და ანგარიშის ერთ-ერთი წამყვანი ავტორის, რიო კოსაკას შეფასებით, ბიზნესს ბიომრავალფეროვნების გარეშე არსებობა არ შეუძლია, თუმცა ეკონომიკური საქმიანობა ხშირად სწორედ იმ ბუნებრივ საფუძველს აზიანებს, რომელზეც ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება და წარმოებაა დამოკიდებული.

ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფლის მეურნეობა. ხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მნიშვნელოვანი ნაწილი დამტვერიანებელ მწერებზეა დამოკიდებული. ფუტკრების, პეპლებისა და სხვა დამტვერიანებლების რაოდენობის შემცირება მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ასევე, ზღვის ეკოსისტემების დაზიანება, მათ შორის მარჯნის რიფების განადგურება დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად, საფრთხეს უქმნის თევზის რესურსებსა და მეთევზეობას.

კოლუმბიის ანდესის უნივერსიტეტის მკვლევრის, ქიმენა რუედას განცხადებით, ბუნებასთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა ბიზნესისთვის არჩევანი კი არა, აუცილებლობაა. მისი შეფასებით, კომპანიებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში, რაც საბოლოოდ მათი ეკონომიკური საქმიანობის გრძელვადიან წარმატებასაც განაპირობებს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსურ რესურსებს, რომლებიც ბუნებაზე უარყოფითი გავლენის მქონე ეკონომიკურ საქმიანობას ხმარდება.

ექსპერტების მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში დაახლოებით 8 ტრილიონამდე აშშ დოლარის კერძო და სახელმწიფო დაფინანსება მიემართა ისეთი საქმიანობისკენ, რომელიც ბუნებას პირდაპირ აზიანებს. ამ თანხის დაახლოებით ორი მესამედი კერძო სექტორზე მოდიოდა. სახელმწიფო სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი კი წიაღისეული საწვავისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ნაწილდებოდა.

ამის საპირისპიროდ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნების დაცვაზე მხოლოდ 220 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც ზემოხსენებული თანხის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ არსებული ფინანსური სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასწორი ეკონომიკური სტიმულებია. გარკვეული სუბსიდიები და საინვესტიციო მექანიზმები ხელს უწყობს ისეთ საქმიანობას, რომელიც ბუნებრივ რესურსებს ამცირებს და ეკოსისტემებს აზიანებს. ამასთან, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი ხშირად არასაკმარისია, ხოლო კომპანიების მიერ გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება უმეტესად ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.

ანგარიშის მიხედვით, საჯარო ანგარიშგების მქონე კომპანიების 1%-ზე ნაკლები მიუთითებს ბიომრავალფეროვნებაზე საკუთარი საქმიანობის გავლენის შესახებ.

ექსპერტების აზრით, აუცილებელია ისეთი ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება, რომლებიც კომპანიებს ბუნების დაცვისკენ წაახალისებს და გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობასაც დააკისრებს.

ბუნების დაზიანება სოფლის მეურნეობასაც ძვირად უჯდება

ბიომრავალფეროვნების შემცირების ეკონომიკური შედეგები განსაკუთრებით მკაფიოდ სოფლის მეურნეობაში ვლინდება. ერთი შეხედვით, წარმოების გაფართოება, მიწის ინტენსიური გამოყენება და ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა ამ პროცესების გრძელვადიანი შედეგები ხშირად საპირისპიროა.

ანგარიშში მოყვანილია 2019 წლის IPBES-ის შეფასებაც, რომლის მიხედვითაც, 1970 წლიდან მსოფლიოში სოფლის მეურნეობის წარმოების ღირებულება დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, დამტვერიანებელი მწერების მრავალფეროვნების შემცირებისა და მიწის დეგრადაციის გამო, ყოველწლიურად გლობალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 577 მილიარდ დოლარამდე ღირებულება რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უხვი მოსავლის მიღება მხოლოდ სასუქების, პესტიციდებისა და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, წყლის რესურსების დაცვა, დამტვერიანებელი მწერების არსებობა და სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტების ეკოლოგიური წონასწორობა.

თუ ფერმერი ინტენსიური წარმოების შედეგად ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებს ამცირებს, წყლის რესურსებს არარაციონალურად იყენებს ან დამტვერიანებლების საარსებო გარემოს ანადგურებს, შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში წარმოება გაზარდოს, მაგრამ მომავალში უფრო მაღალი დანახარჯებისა და მოსავლიანობის შემცირების წინაშე აღმოჩნდეს.

როგორ შეიძლება შეიცვალოს არსებული მიდგომა?

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბიზნესისა და ბუნების ურთიერთობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი მოთხოვნების გამკაცრება, არამედ ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვისა და მართვის პრინციპების შეცვლაც.

კვლევაში წარმოდგენილია 100-ზე მეტი კონკრეტული რეკომენდაცია და მაგალითი, რომლებიც კომპანიებს ბუნებაზე საკუთარი საქმიანობის გავლენის შეფასებასა და უარყოფითი შედეგების შემცირებაში დაეხმარება.

მათ შორისაა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებისა და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების უკეთ შესწავლა, სანდო მონაცემების შეგროვება, ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ტექნოლოგიების დანერგვა და ფინანსური რესურსების ისეთი მიმართულებით გადანაწილება, რომელიც ბუნების დაცვასა და აღდგენას შეუწყობს ხელს.

ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ სახელმწიფოს, ბიზნესის, მომხმარებლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანამშრომლობის აუცილებლობას. მათი აზრით, ბუნებრივი რესურსების დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი უწყებების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.

მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანგარიშის თანათავმჯდომარის, სტივენ პოლასკის შეფასებით, ბიომრავალფეროვნების დაცვა ეკონომიკური რისკების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა და არა შორეული მომავლის გარემოსდაცვითი საკითხი.

ანგარიშის მთავარი გზავნილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის: ბუნება წარმოების უფასო და ამოუწურავი რესურსი არ არის. ნიადაგის ნაყოფიერება, სუფთა წყალი, დამტვერიანებელი მწერები და ჯანსაღი ეკოსისტემები სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის საფუძველია. მათი დაზიანება საბოლოოდ თავად ფერმერის შემოსავალსა და წარმოების მდგრადობას აზარალებს.

ამიტომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება მხოლოდ მოსავლიანობის ზრდას არ უნდა გულისხმობდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად გონივრულად ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს და შევძლებთ თუ არა მათ შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის. ბუნების დაცვა ფერმერისთვის დამატებითი ვალდებულება კი არა, საკუთარი მეურნეობისა და შემოსავლის გრძელვადიანი დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა