ძროხის ფაშვის ტიმპანია და პირველადი დახმარება
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებათა მკურნალობა ვეტექიმის კომპეტენციაა. მიუხედავად ამისა, ყოველმა მეპატრონემ, რომელიც მეცხოველეობას მისდევს, უნდა იცოდეს დაავადებათა პროფილაქტიკა, სიმპტომების გაჩენისას შეეძლოს პირველადი დახმარების გაწევა და ზოგიერთი დაავადების მკურნალობა.
ფაშვის ტიმპანია (ფაშვის შებერილობა) ძროხის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გადამდებ დაავადებად ითვლება და იგი გამოწვეულია ფაშვში დიდი რაოდენობით აირების (გაზების) დაგროვებით. ამ დაავადებას შედარებით ნაკლებად ვხვდებით წვრილფეხა რქოსან ცხოველებში (თხა, ცხვარი).
ეტიოლოგია და პათოგენეზი
მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე პირველადი, მწვავე მეორად და ქრონიკულ ტიმპანიებს. მათი წარმოშობის მიზეზები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მწვავე (პირველადი) ტიმპანია ვითარდება დიდი რაოდენობით სამყურას, იონჯის, ჭყინტი სიმინდის, ჭარხლისა და კომბოსტოს ფოთლის მიღებისას და ა.შ. ანუ ისეთი საკვების, რომელიც ადვილად განიცდის დუღილს, დაშლას და აირების გამოყოფას. დუღილი სწრაფად მიდის, თუ ეს საკვები საშუალებები ნამიანია და დასველებულია წვიმის წყლით საძოვარზე. ხშირად ფაშვის შებერვა გამოწვეულია ზედმეტად კონცენტრირებული საკვების მიცემით. ასეთი ტიმპანიების შემთხვევაში წარმოიქმნება ქაფი, რომელიც მიიღება ფაშვის მიკრობების მიერ მარცვლის გადამუშავებით და მათგან ლორწოვანი ნივთიერებების გამოყოფით.
ზოგადად — ტიმპანია ვითარდება მაშინ, როდესაც ფაშვში დარღვეულია აირების გამოყოფა, გამოიყოფა იმაზე მეტი აირი, ვიდრე ლიმიტირებული აირწარმოქმნაა.
მეორადი მწვავე ტიმპანია ვითარდება საყლაპავი მილის ან საყლაპავის დაცობის ფონზე. დაცობის მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილი საკვები (ძირხვენები), ნაგავი საკვებში (ქსოვილოვანი ნაჭერი, პოლიეთილენის პარკი და ა.შ.), შეიძლება სიმსივნური წარმონაქმნებიც და ა.შ.
ფაშვის გადავსება, ნაწლავების და სხვა ორგანოთა პათოლოგია, ნებისმიერი დაავადება, რომელიც ახლავს ფაშვის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევას, იწვევს პერიოდულ ტიმპანიებს, ქრონიკულ ტიმპანიებს.
ქრონიკული ტიმპანია უფრო ხშირად ემართებათ ხბორებს გარდამავალი კვების პერიოდში, ასევე ახალდაბადებულებს და ხბორებს, რომლებსაც გადატანილი აქვს დისპეპსიები (საკვების მოუნელებლობა).
კლინიკური ნიშნები
მწვავე ტიმპანიის განვითარებისას ცხოველებს ემჩნევათ მოუსვენრობა, იხედებიან მუცლისაკენ, დგანან მოხრილად, უკანა კიდურებს ირტყამენ მუცელზე, სუნთქვა გახშირებული აქვთ. ქრონიკული მიმდინარეობის დროს ანალოგიური სიმპტომებია, მაგრამ მისი გამოვლინება არ არის სწრაფი, მადა ქვეითდება, ცოხნა მცირდება.
დიაგნოზი
დიაგნოზი დაისმის კლინიკური ნიშნების საფუძველზე. უნდა გამოირიცხოს მეორადი ტიმპანია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის სრულმა დაცობამ, მოწამვლამ ან მწვავედ მიმდინარე ზოგიერთმა ინფექციურმა დაავადებამ.
პროგნოზი
თუ ცხოველს დროულად აღმოუჩენენ დახმარებას, მეტწილ შემთხვევაში შესაძლებელია მორჩენა.
მკურნალობა
ტიმპანიის დროს ჩალით, ჯაგრისის ან მუშტის საშუალებით ზელენ მუცლის მარცხენა მხარეს (განსაკუთრებით საშიმშილე ფოსოს მიდამოს). ძროხას პირში უდებენ ნავთში ან მარილიან წყალში (1 სუფრის კოვზი მარილი ჭიქა წყალზე) დასველებულ ბაწარს, ცოხნის გამოსაწვევად. შინაგანად შეჰყავთ 1-2 ლიტრი ახლადმოწველილი რძე, ან 1 სუფრის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე კრეოლინის, იხტიოლის, ასევე ნავთის (50-100მგ ნავთი, შერეული 200გ არაყი და 2 ჭიქა წყალი) ხსნარი. მიზანშეწონილია ძროხას ხელით რიტმულად გამოვქაჩოთ ენა და მივცეთ 100 გ დაქუცმაცებული ცარცი. ძროხას აძლევენ ხელმისაწვდომ ხალხურ საშუალებებს, მცენარეულ ზეთებს და მუცლის მარცხენა ნაწილს უსველებენ ცივი წყლით.
ტიმპანიის სამკურნალოდ ვამზადებთ კოქტეილს 0,5 ლ ზეთითა და იმავე რაოდენობის ინგლისური მარილის წყალხსნარით (1 სუფრის კოვზი 0,5 ლ წყალზე). ამას გარდა, ძროხას შეიძლება პირში ჩავუდოთ ჯოხი, რომ პირი იყოს ღია გარკვეული დროის მანძილზე. ძროხამ ჯოხი რომ არ გამოაგდოს, ჯოხის ბოლოები მივაბათ რქებზე. იმავდროულად ძროხას ატარებენ ეზოში. თუ გაზები გამოდის თხევად განავალთან ერთად, ეს კარგია, რადგან ერთი-ორი საათის შემდეგ მუცლის შებერილობა დაცხრება და ძროხა დაიწყებს თივის ჭამას. ამ დროს სასურველია მივცეთ მხოლოდ ოდნავ შემხმარი ბალახი. შეიძლება დავალევინოთ მცირე რაოდენობით სკიპიდარი, უკეთესია ერთ ჭიქამდე არაყთან ერთად. პროცედურა გავიმეოროთ 15-20 წუთში.
ტიმპანიის დროს შეიძლება დავამზადოთ ასეთი ხსნარები: ბოთლში ყრიან 2-3 კოვზ საჭმლის სოდას, ბოთლს ბოლომდე ავსებენ ახლად მოწველილი რძით და ყველაფერ ამას, შეჯანჯღარების შემდეგ მიაღებინებენ ძროხას.
აფუების პროცესების შესამცირებლად ფაშვში უნდა შევიყვანოთ იხტიოლი (1-2გ), ფორმალინი (5-10 მლ), კრეოლინი (5-15 მლ), რომლებიც გახსნილია 0,2-0,5 ლ წყალში. გაზების შთანმთქმელ საშუალებად ტიმპანიის დროს გამოვიყენოთ ახლადმოწველილი რძე (0,5-1ლ) კატაბალახას ნაყენთან (5-10მლ) ერთად. ამასთან ერთად, აუცილებელია გამოვიყენოთ მეთოდები, რომლებიც ააქტიურებენ წინა კუჭების პერისტალტიკას, რაც გაზების გამოშვებას აადვილებს. ამისათვის ფაშვს უკეთებენ მასაჟს მუშტით. ცოხნის გამოსაწვევად ცხოველს პირში უდებენ მსხვილ თოკს, რომელიც უხვად არის დასველებული მძაფრსუნიანი ნივთიერებებით (კუპრი, იხტიოლი); აძლევენ თეთრი შხამას ნაყენს (2-5მლ).
ფაშვში საკვების აფუება შეიძლება შევამციროთ, ან შევწყვიტოთ სხვადასხვა წამლის მიცემით, მაგალითად, შხამას ნაყენი (10მლ — 0,5 ლ წყალში), იხტიოლის 2%-იანი ხსნარი, რძემჟავა (15-20 მლ 0,5 ლ წყალში), აბუსალათინის ზეთი (300-400 მლ თბილ წყალში), გლაუბერის მარილი (500-800გ). ზოგჯერ მწყემსები ავადმყოფ ცხოველებს პირში ასხამენ 500-700 გ დიზელის ზეთს (გამონაკლის შემთხვევაში) და ძლიერ მარილიან წყალს. არის სხვა ხალხური საშუალებაც: ანაწევრებენ ნიორის ორ თავს, ურევენ 2 ლიტრ ახლადმოწველილ რძეს და პირში ასხამენ ძროხას.
იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ ბოყინი და ცოხნა, ძროხის ენის ბოლოს აღიზიანებენ სკიპიდარში ან ნავთში დასველებული ჩალით, ენერგიულად სრესენ საშიმშილე ფოსოს მიდამოს, ასევე მუცლის მარცხენა ნახევარს. ექიმის დანიშნულებით აძლევენ პრეპარატებს, რომლებიც აფუებას ამცირებენ. თუ ეს ზომები არ შველის, მაშინ ვეტერინარებს ცხოველისათვის შეჰყავთ კუჭის ზონდი. უკიდურეს ზომად ფაშვს ხვრეტენ სპეციალური ხელსაწყო ტროაკარით, რომელიც წარმოადგენს უჟანგავი ფოლადის მილაკს. მასში მოთავსებულია მახვილწვერიანი ღერო. ნახვრეტს აკეთებენ მარცხენა საშიმშილე ფოსოს შუაში. ნახვრეტისათვის ზუსტი ადგილია ბარძაყის ძვლისა და უკანასკნელი ნეკნის შუა ადგილის შემაერთებელი ხაზი. ტროაკარის წვეროს ძლიერი დარტყმით მიმართავენ რამდენადმე წინ და ქვევით. ჩაარჭობენ რა ტროაკარს ფაშვში ღერო ნელა გამოაქვთ, რათა გაზები მილაკის საშუალებით თანდათანობით გამოვიდეს. დროდადრო აუცილებელია მილაკი დავხუროთ. გახვრეტის წინ საშიმშილე ფოსოს ადგილს პარსავენ და უსვამენ იოდის ხსნარს. ცხოველები, რომლებმაც ტიმპანია გადაიტანეს, რამდენიმე დღე ჰყავთ დიეტაზე, აძლევენ კარგი ხარისხის თივას და ქატოს, ან შვრიის ფქვილის სალაფავს.
ტიმპანიით დაავადების თავიდან ასაცილებლად მშიერი ცხოველები დილით მაშინვე არ უნდა გავიყვანოთ ქორფა ბალახიან საძოვარზე. ცვრიან ბალახზე გადენამდე მათ უნდა მივცეთ ცოტაოდენი უხეში საკვები. არ შეიძლება ცხოველების დარწყულება ქორფა ბალახის მიღებისთანავე. ძროხებისათვის დუღილის საწინააღმდეგო საშუალებად შეიძლება გამოვიყენოთ ნიორი. ამ მიზნით მისგან ამზადებენ ნაყენს შემდეგი გაანგარიშებით: 100 გ ნიორი ერთ ლიტრ წყალზე. ერთი ძროხისათვის ამ ნაყენის დოზაა 50-60 გ ხსნარი.
პრეპარატ მენბუთინის 10%-იანის გამოყენების შემთხვევაში, შეძლებთ ნაკლები შრომისა და ენერგიის დახარჯვით უმკურნალოთ ტიმპანიასა და ძროხის საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის სხვა გართულებებს, როგორიცაა ფაშვის გადატვირთვა, შებერილობა, ყაბზობა და ა.შ. პრეპარატი ნელა შეჰყავთ ვენაში ან ღრმა ინექციით კუნთში.
რაც უფრო დროული იქნება ძროხის დაავადებისთვის პირველადი დახმარება, შედეგი იქნება ეფექტური.
მიხეილ ჭიჭაყუა,
“მომავლის ფერმერის”
მთ. ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი