აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგები

როგორ გამოვიყენოთ მინერალური სასუქები ხარისხიანი და  ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მისაღებად

ადრე, როცა მსოფლიოში მოსახლეობა ორ მილლიარდს არ აღემატებოდა, მიწათმოქმედებაში მინდვრისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა ბუნებრივ პირობებში წარმოებდა, პროდუქცია მაღალხარისხიანი იყო, მოსავლიანობა კი დაბალი. როცა მოიმატა მოსახლეობამ, აუცილებელი გახდა ქიმიური სასუქების შემუშავება და გამოყენება.

თავდაპირველად ძირითადი მინერელური სასუქები, როგორიცაა: აზოტოვანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი ერთობლივად გამოიყენებოდა. შემდეგ მიკროსასუქებიც დაემატა და ორგანულ სასუქებთან ერთად მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მიიღებოდა.

სამეცნიერო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ აგროწესებსა და ცნობარებში ზუსტად იყო და არის მოცემული სასუქების გამოყენების წესები და მეთოდები, მაგრამ ბოლო პერიოდში თითქმის აღარავინ აღარ იყენებს მას და მცენარეები ძირითადად მინერელურ კვებაზეა გადაყვანილი და როგორ! მარტო აზოტზე. იმიტომ , რომ წარმოებაში ძირითად სასუქებს შორის აზოტოვანმა უფრო გამოავლინა ეფექტურობა ვიზუალურად და ისედაც, მცენარის ფერით, მასით და მოსავლიანობით. ამ მხრივ კალიუმი წარმოებაში დაიწუნეს ისე, რომ დიდიხანია არც კი შემოუტანიათ საქართველოში სარეალიზაციოდ მარტო კალიუმის სასუქი. მაშინ , როცა საერთოდ ცნობილია, როგორც მცენარის განვითარების პროცესების გამააქტიურებელი და პროდუქციის ხარისხიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ფოსფორის სასუქის მიმართაც, თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთმა ფერმერმა დაიწყო მისი გამოყენება.

რაც შეეხება ნათესბალახიანი თესლბრუნვების გამოყენებას, ეს დიდებული საქმიანობა საქართველოში ჯერ კიდევ 1963 წლიდან დაიწყო. 60-იანი წლებიდან მას სისტემატურად იყენებდა მეურნეობები 360 ჰა ფართობზე. ამ დროს მინერალურ სასუქებს იყენებდნენ დაწესებული ნორმის ფარგლებში სრული შემადგენლობით, როგორც თესლბრუნვაში, ისე მის გარეშე ორგანული სასუქების გამოყენების ფონზე, რითაც მიღწეული იყო როგორც ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება-შენარჩუნება, ისე ხარისხიანი პროდუქციის მაღალი მოსავლიანობა, მაგრამ თანდათანობით შემცირდა ასეთი წარმატებები იმ მიზეზით, რომ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წარმოებაში მალე გამოვლინდა მინერალური სასუქების მაღალი დოზების იოლად გამოყენება და ვიზუალურად დაჩქარებული ეფექტურობა მცენარის სწრაფი ზრდისა და მაღალი მოსავლის მიღების საქმეში. რის შედეგადაც სწრაფად იკლო თესლბრუნვებისა და ორგანული სასუქების გამოყენებამ და ამჟამად ისინი იშვიათობას წარმოადგენენ.

მეორე მიზეზია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობის პირობებში ყოველ 100 ჰა ფართობში 25-28 ჰა ფართობი(ორი ბალახიანი მინდორი) პროდუქციის წარმოების გარეშე რჩება.

მესამეა, აგროწესებით გათვალისწინებული დიდი რაოდენობის ორგანული სასუქების გამოყენების აუცილებლობა. მაგალითად: ბოსტნეულ კულტურებში ჰა-ზე 40-60 ტ., რომელიც დეფიციტურია და ამასთან მოითხოვს მნიშვნელოვანი რაოდენობის ხარჯებს, როგორიცაა: სასუქების ღირებულების, მისი ტრანსპორტზე დატვირთვის, ნიადაგში შეტანის და ნაკელში არსებული სარეველების თესლებით დასარევლიანებული ფართობის გაწმენდის.

ასე ჩამოყალიბდა წარმოებაში მინერალური სასუქების გამოყენებით ნიადაგის არაბალანსირებული და უარყოფითი განოყიერების სისტემა, რომელიც იწვევს მცენარეში საკვები ნივთიერებების ასიმილაციის პროცესების დაშლას და პროდუქციაში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას, საბოლოო ჯამში ადამიანისა და ცხოველის მოწამლას, ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითებას, დეგრადაციას, გაუდაბნოების დაწყებას და სახნავი მიწის ფართობის შემცირებას.

აღნიშნული განოყიერების სისტემა ისე დამკვიდრდა წარმოებაში, რომ ძალიან ძნელია მისი აღკვეთა, თუ განოყიერების რამდენიმე გაიოლებული და მომგებიანი ხერხი არ გამოვიყენეთ. მეცნიერული კვლევებით იმ დასკვნამდე მივედით, რომ სასიდერაციო ეფექტური პარკოსნების და ორგანული სასუქების ფონზე გამოვიყენოთ კომპლექსური სასუქები. ასე მაგ: საშემოდგომო ხორბლის განოყიერებისას,

აგროწესებით ჩვეულებრივად გათვალისწინებულია ჰა-ზე: N-90(273 კგ, 33%-ანი ამონიუმის გვარჯილა)  P2O5-90 კგ(500 კგ 18%-იანი სუპერფოსფატი) და  K2O-60 კგ (143კგ 42%-იანი კალიუმის მარილი).

როცა ხორბალთან ერთად ითესება პარკოსანი, მათ მაგივრად უნდა გამოვიყენოთ ისეთი კომპლექსური სასუქი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს იმავე ძირითად სასუქებს. ასეთია მაგალითად ხორბლისათვის ნიტროფოსი. მასში აზოტია 23%, ფოსფორი 46 % და კალიუმიც 46%. იგი წარმოადგენს გრანულს. 1000 გრანულის წონა შეადგენს 20-25 გრამს.

ნიტროფოსის შეტანა თესვის დროს ჰა-ზე 200 კგ-ის რაოდენობით, მთლიანად დაფარავს ფოსფორის და კალიუმის ნორმებს, რაც შეეხება აზოტს, მის დანაკლის მნიშვნელოვნად გადააჭარბებს კიდეც პარკოსანი მცენარის ფესვებზე განვითარებული კოჟრებიდან მიღებული ბიოლოგიური აზოტი.

ასეთნაირად შეიძლება იქნას გამოყენებული მინდვრისა და ბოსტნეულის ყველა კულტურებისათვის შესაბამისი კომპლექსური სასუქები, არამარტო პარკოსნების გამოყენებისას, არამედ უამისოდაც, მხოლოდ ყველა შემთხვევაში საჭიროა საკვები ელემენტების ბალანსირება.

კომპლექსური სასუქების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. 200 კგ კომპლექსური სასუქი ღირს 300 ლარი. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ თითქმის სამჯერ მცირდება ხარჯები შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე და ნიადაგში შეტანაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპლექსური სასუქები შედარებით ნაკლებად ქროლდება და ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში, ნაკლებად შეიცავენ უსარგებლო მინარევებს და მცენარის ფესვთა სისტემა უფრო ადვილად ითვისებს მათში არსებულ ყველა საკვებ ელემენტს, რაც დადებითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე.

კაკაბაძე ნატოსმმ დოქტორი.

     სარალიძე ალექსანდრესმმ დოქტორი.