ოხრახუში, აგროტექნიკური ღონისძიებები
ოხრახუში ორწლიანი, ჯვარედინად მტვერავი, ორლებნიანი სურნელოვანი მცენარე ნიახურისებრთა (ქოლოგოსანთა)ოჯახიდან. იგი გამოირჩევა C1 B1 B2 ვიტამინების მაღალი შემცველობით, მის შემადგენლობაში შედის კაროტინი, მინერალური მარილები და ეთერზეთები.
დახასიათება
ოხრახუშის სამი სახესხვაობა არსებობს:
ჩვეულებრივი ფოთლოვანი;
ხუჭუჭა ფოთლოვანი და ძირიანი;
ჩვეულებრივი ფოთლებით.
ოხრახუშის ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია. სუსტად ან ძლიერად დატოტვილი, ძირიანი ფორმები წარმოქმნიან 6-15 სმ სიგრძის და 0,8-4 სმ დიამეტრის, კონუსური ფომის ძირხვენას ერთი ძირხვენის მასა 6-50 გრ, მისი შეფერილობა მოყვითალო-მოთეთრო ან ოდნავ ყავისფერია, რბილობი თეთრი, სასიამოვნო არომატით.
პირველ წელს ოხრახუში არ ყვავილობს, მეორე წელს ვითარდება გენერაციული ამონაყარი.
თესლი წვრილია, 1 გრამ თესლში არის 600-1200 მარცვალი. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წლი.
იგი სითბოს ნაკლებ მომთხოვნია, თესლი აღმოცენებას იწყებს 2-3°C- ზე. აღმონაცენი ჩნდება დათესვიდან 15-25 დღის შემდეგ. ოხრახუშის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-20°C. იგი ვერ იტანს დაჩრდილვას. ვეგეტაციის პერიოდი მერყეობს 100-130 დღემდე.
ოხრახუში გრძელი დღის მცენარეა, რაც უფრო მეტია სინათლის ხანგრძლივობა მით უფრო სწრაფად იზრდება, სინათლის ნაკლებობა იწვევს მცენარის აწოწვას.
ოხრახუში მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისადმი.
მისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ნაყოფიერი, ფხვიერი, კარგად გაკულტურებული, ზომიერად ტენიანი, ღრმა სახნავი ფენის ნიადაგი.
საუკეთესო წინამორბედებია: კომბოსტო, პამიდორი, ხახვი
მცენარის აგროტექნიკური ღონისძიებები
ოხრახუში ითესება სექტემბრის მეორე ნახევარში მობნევით ან მწკრივად. მწკრივთა შორის მანძილი 20-30 სმ-ის, ხოლო მცენარეთა შორის 15-20სმ.
თესვის ნორმა შეადგენს 0,7-1 გ/მ2 ძირითადი აგრონომიული ღონისძიებები მოიცავს რიგთაშორისების გაფხვიერებას, გამარგვლას და მორწყვას.
პირველი გამოკვება ხდება 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, მეორე გამოკვება 2-3 კვირის შემდეგ.
პირველ გამოხშირვას ატარებენ მცენარის 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, მეორეს კი 15-20 დღის შემდეგ. გამოხშირვის შემდეგ მიმართავენ გამოკვებასა და მორწყვას.
ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს 65-70%.
კლიმატური პირობების გათვალისწინებით რწყვა ტარდება 7-8 ან 10-12 დღეში ერთხელ.
ფოთლებს კრეფენ რამდენჯერმე, პირველად როცა მცენარე არის 25-30 სმ და მეტი, შემდგომი კრეფა ტარდება ვეგეტაციური მასის წამოზრდისას. აუცილებელია მცენარის ზრდის წერტილი მოკრეფისგან არ დავაზიანოთ. მოკრეფისას ატარებენ გამოკვებასა და მორწყვას.
მოკრეფილი ფოთლები ინახება გრილ, ტენიან ადგილას 2-3 დღის მანძილზე.
სხვადასხვა ჯიშების მოსავლიანობა განსხვავდება და მერყეობს 1,5 კგ-დან 2,5-3 კგ-მდე.
მოსავალი დიდად არის დამოკიდებული აგროღონისძიებებზე და მეტეოროლოგიურ პირობებზე.