აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

ძროხის საძოვრული შენახვის ორგანიზება/რჩევები ფერმერებს

 ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა სფეროს წარმომადგენლები, მეცხოველეებიც გაზაფხულ-ზაფხულის სეზონისათვის ემზადებიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის ამ პერიოდში ძროხეულის შენახვა, ტრადიციულად, ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენებას უკავშირდება, მაშინ უპირველესი ამოცანა მათი ბაგურიდან საძოვრულ შენახვაზე უმტკივნეულოდ გადაყვანაა.
საქმე ის არის, რომ საძოვარზე გაყვანა, გარკვეულწილად, სტრეს-ფაქტორია და თუ ამ ღონისძიებას სწორად არ განვახორციელებთ, პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად შემცირება და ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა მოსალოდნელი.

მეორეს მხრივ, სუფთა ჰაერი და მზის სხივები, ასტიმულირებენ რა ცოცხალი ორგანიზმის ყველა ფუნქციას _ ნივთიერებათა ცვლას, აღწარმოების უნარსა და ზრდა-განვითარების პროცესს, დადებითად მოქმედებენ ცხოველზე; ამასთან, საძოვარზე ცხოველები ადვილადმოსანელებელ პროტეინს, ნახშირწყლების და ზოგიერთი მინერალური ნივთიერებით მდიდარ მწვანე საკვებს (ბალახს) ნებაზე იღებენ, რაც ხელს უწყობს პროდუქტიულობის (მონაწველი, წონამატი) ზრდას, ფურებში განაყოფიერების უნარის ამაღლებას, მშობიარობის გაადვილებას, მშობიარობისშემდგომი გართულებების თავიდან აცილებას, უფრო ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ნამატის დაბადებას, მწარმოებლებში სპერმატოგენეზის გააქტიურებასა და სხვ.

საძოვრული შენახვა, გარკვეულწილად, ზოგიერთ დაავადებასთან ბრძოლის ძირითადი პროფილაქტიკური საშუალებაცაა. ამასთან, საძოვარზე გაყვანის წინ აუცილებელია ვეტერინარის მოწვევა და ცხოველების დისპანსერიზაცია, აგრეთვე გეგმიური ვაქცინაციის ჩატარება. კერძოდ, ამ ეტაპზე, სავალდებულოა, ძროხეული აიცრას ჯილეხზე, ემკარზე და თურქულზე; მიზანშეწონილია,  მათი გამოკვლევა ტუბერკულოზზე (ტუბერკულინიზაცია), აგრეთვე ბრუცელოზზე კეთილსაიმედობის დასადგენად სისხლის აღება. ვეტერინარი ასევე გამოავლენს კანქვეშა ბორას მიერ დაზიანებულ ინდივიდებს  და დაამუშავებს მათ.

საძოვარზე გაყვანამდე, ასევე აუცილებელია ძროხას გავუსუფთავოთ და სანიტარულად დავუმუშაოთ ჩლიქები, საჭიროებისას კი დავაჭრათ (გავუსწოროთ) წანაზარდები, აგრესიულ ინდივიდებს კი რქებიც.

ცალკე თემაა საძოვრულად შენახვის პერიოდში ტკიპების, მკბენარების და სხვათა წინააღმდეგ დამუშავების საკითხის გადაწყვეტა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან ბარში და მთისწინა რაიონებში (ზღვის დონიდან 800-1000 მ. სიმაღლემდე) მრავლადაა პიროპლაზმიდოზების გადამტანი ტკიპის სახეობები. ამის გარდა, ტკიპები, აგრეთვე მწერები და მკბენარები აწუხებენ ცხოველს, რის გამოც შესაძლებელია პროდუქტიულობის საგრძნობლად შემცირება.

ტკიპების, მკბენარებისა და მწერებისაგან ძროხის დასაცავად სასურველია საძოვარზე საწყურვებელთან ანტიინსექციდებით დასამუშავებელი ადგილი მოვაწყოთ. ასევე სასურველია ძროხა საძოვარზე სქესობრივ-ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი ცალ-ცალკე ნახირებად გავიყვანოთ, ამასთან, ერთ ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ: ფურები, უშობლები და ერთ წელზე უხნესი დეკეულები, მეორეში _ სასუქი სულადობა, ხოლო მესამეში _ 6-12 თვის ასაკის მოზარდები. შემთხვევითი განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად 1 წელზე უხნესი მოზარდი, ასევე, სქესის მიხედვით უნდა დავყოთ და საძოვარზე ცალ-ცალკე შევინახოთ.

საძოვრული სეზონის დასაწყისში, თითქმის ყველა ფერმერულ თუ საოჯახო მეურნეობაში მწვავედ დგას ერთი სახის საკვებიდან მეორეზე გადასვლისას ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების პრობლემა. საქმე ის არის, რომ მწვანე საკვები მდიდარია პროტეინით, მაგრამ მასში მცირე რაოდენობითაა ცხიმები და უჯრედანები; ულუფაში ამ უკანასკნელის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციურ აქტივობაზე, ხოლო საყუათო ნივთიერებების სტრუქტურის შეცვლა იწვევს ფაშვის მიკროფლორის სახეობრივი შედგენილობის ცვლილებას, რაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში  მონელების პროცესის მოშლას განაპირობებს. ასეთი მდგომარეობა გარეგნულად კუჭის აშლილობით (დიარეით) ვლინდება. ეს ორგანიზმის მოწამვლის ირიბი მაჩვენებელია. ყველა აღნიშნული იმის მიზეზია, რომ გაზაფხულზე ფურებში მონაწველი იზრდება, მაგრამ როგორც წესი, შეჭმული საკვების ენერგიის შესაბამისი სარძეო პროდუქტიულობა არ ვლინდება, ხოლო მაკეებში მოსალოდნელია აბორტები.

ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ზამთრის ულუფიდან ზაფხულის ულუფაზე გადასვლასაც. ეს თანდათანობით, 7-10 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ტექნიკურად შემდეგნაირად სრულდება: _ დილით, საძოვარზე გარეკვამდე ცხოველებს მცირე რაოდენობით (1,5-2 კგ) უხეშ საკვებს აძლევენ, მეწველ ფურებს კი, დამატებით, კომბინირებულ საკვებს ან _ მარცვალნარევს. ამასთან, უხეში საკვების რაოდენობას თანდათანობით ამცირებენ და 7-8 დღის შემდეგ ულუფიდან საერთოდ იღებენ, ხოლო მარცვალნარევით კვებას ფურის სარძეო პროდუქტიულობის, ცოცხალი წონისა და ასაკის შესატყვისი ნორმებით განაგრძობენ. კვების ასეთი რეჟიმი აუმჯობესებს საკვების გადამუშავების, ზრდის პროდუქტიულობას და თავიდან გვაცილებს ცხოველთა გაბერვას ან  დიარეას.

იმ ცხოველების საძოვრულ კვებაზე გადაყვანა, რომლებსაც ბაგურად შენახვისას ულუფაში ეძლეოდათ წვნიანი საკვები: სილოსი, ძირხვენები და სხვა, გაცილებით უმტკივნეულოდ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში დილით უხეში საკვების მიცემის ზემოთ აღწერილი პროცედურა აუცილებელი არ არის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მწვანე ბალახი ზოგიერთი მინერალური ნივთიერების _ მაგნიუმს, კალიუმს და სხვა საკმარის რაოდენობას არ შეიცავს, რაც ცხოველზე უარყოფითად მოქმედებს. საქმე ის არის, რომ მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა, არა მარტო მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირების რეჟიმს არღვევს, არამედ საკვების მონელებადობას და ზრდა-განვითარებასაც ამცირებს და ცხოველის დაავადებისადმი მიდრეკილებას აძლიერებს. ამდენად,  საძოვრულ კვებაზე გადაყვანის პროცესში მინერალური საკვების _ მონოკალციფოსფატის ან დიკალციფოსფატის დამატებით მიცემა ფერმერმა აუცილებელად უნდა გაითვალისწინოს.

ასევე მნიშვნელოვანია ცხოველების სუფრის მარილით უზრუნველყოფა, ვინაიდან მასზე მოთხოვნილება, განსაკუთრებით კი მეწველ ფურებში, მეტად მაღალია. უმჯობესია ამ მიზნით ქვამარილი, ან კიდევ სპეციალურად დამზადებული „ლოკი-ბლოკი“ გამოვიყენოთ, რომელიც, ძირითად ნივთიერებასთან (NaCl-თან) ერთად, საკმაო რაოდენობით სხვა მაკრო და მიკროელემენტებს შეიცავს.

საძოვრის ეფექტურად გამოყენების, მოსავლიანობის შენარჩუნებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით საძოვარზე გაყვანის პერიოდის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ბარში, როგორც წესი, ცხოველები საძოვარზე გაცილებით ადრე (მარტის მეორე ნახევრიდან) გაჰყავთ, ვიდრე ბალახი „მომწიფდება“. ამის ძირითადი მიზეზი გამოსაზამთრებლად დამზადებული საკვების სიმცირეა, რის გამოც ფერმერები იძულებული არიან, საძოვრული შენახვის სეზონი დროზე ადრე დაიწყონ. ასეთი „ტექნოლოგია“ მიუღებელია, რადგან უარყოფითად მოქმედებს საძოვრის ბალახნარის ხარისხობრივ შედგენილობასა და მოსავლიანობაზე.

როდის გადავიყვანოთ საძოვრულ შენახვაზე ძროხა?

ეს ბუნებრივ-კლიმატურ ზონაზე, კონკრეტული რეგიონის ნიადაგობრივ პირობებზე, აგრეთვე ბალახის ვეგეტაციის ხელშემწყობი ფაქტორების ცვალებადობაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, საძოვრული სეზონი დასავლეთ საქართველოში 10-15 დღით ადრე დგება, ვიდრე  _ აღმოსავლეთ საქართველოში. ამის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია +100Cდა უფრო მაღალი ტემპერატურის დღეების მეტი დღეების ადრიანად დადგომა და  ატმოსფერული ნალექები.

 

მართალია აღწერილია კანონზომიერებები, მაგრამ საძოვარზე ძროხის გაყვანის დრო, ფაქტობრივად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფერმერმა თავად უნდა განსაზღვროს. საძოვრის გასაძოვებლად მზაობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი ბალახნარის სიმაღლეა. კერძოდ, ძროხის საძოვარზე გაყვანისას ბალახნარის სიმაღლე 10-12 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. უფრო დაბალი ბალახნარის ძოვისას საძოვარი მწყობრიდან ადრე გამოდის, ცხოველი საჭირო რაოდენობით საკვებს ვერ იღებს და დიდია საკვებთან ერთად მიწის შეყოლების ალბათობა, რაც დაავადებების სიხშირეს ზრდის (მაგ. მიწიდან ააყოლებს ჰელმინთების კვერცხებს, ან კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებთან შეიძლება გვქონდეს საქმე). ამავე მიზეზით, წვიმიან დღეებში ცხოველების საძოვარზე გაშვება სასურველი არ არის. ამიტომ, ასეთი დღეებისათვის ფერმერს საკვების გარკვეული მარაგი უნდა ჰქონდეს. ეს იმიტომაცაა საყურადღებო, რომ უზმოზე ცვრიანი (სველი) ბალახის ძოვისას, განსაკუთრებით კი თუ ცენოზში პარკოსნების ხვედრითი წილი დიდია, ცხოველის გაბერვის (ტიმპანიის) მაღალი ალბათობა არსებობს.

საძოვარზე გაყვანას გარკვეული რეჟიმის დაცვაც სჭირდება. პირველი ორი დღე ცხოველები საძოვარზე 2-3 სთ-ზე მეტი არ უნდა გავაჩეროთ, შემდეგ კი  ხანგრძლივობა თანდათანობით გავზარდოთ. მე-7, მე-10 დღისთვის უკვე 8-10 სთ, ან მთელი ნათელი დღის განმავლობაში ძოვება დასაშვებია.

ზაფხულობით, ჰაერის ტემპერატურის მატებისას, მზიან დღეებში, სითბური სტრესის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ცხოველები დილით ადრე და საღამოს საათებში ვაძოვოთ, ხოლო შუადღისას ისინი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დავიცვათ. კარგ შედეგს იძლევა სავსე მთვარისას  თუ შესაძლებლობა არის, ღამით ძოვება.

ბალახნარის გამოყენების ეფექტურობის გაზრდის, აგრეთვე საძოვრის მოსავლიანობის გაზრდისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ნებისმიერ შემთხვევაში, ფერმერები ნაკვეთმორიგეობით ძოვებაზე უნდა გადავიდნენ.

უსისტემო ძოვება, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს კორდსა და ნიადაგზე, რომელიც იტკეპნება, ქვეითდება აერაცია და ძლიერდება ნიადაგიდან წყლის აორთქლება. ასეთ პირობებში, საძოვრული სეზონის მეორე ნახევარში (შემოდგომის დაწყებამდე), მოსავლიანობის შემცირების გამო, ცხოველები საკვების ნაკლებობას განიცდიან და იძულებული არიან დაბალყუათიანი და გაუხეშებული მცენარეები ჭამონ.

საქმე ის არის, რომ უსისტემოდ ანუ თავისუფლად („მიშვებით“) ძოვებისას ბალახნარში კარგი ჭამადობის მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების რაოდენობა თანდათანობით მცირდება. მათი რაოდენობის შემცირების კვალობაზე იწყება ნაკლებად ჭამადი და არაჭამადი (ე.წ. სარეველა) ბალახების, აგრთვე დაბალმოზარდი მცირემოსავლიანი მცენარეების ჩანაცვლება-მომრავლება. ნაკვეთმორიგეობითი ძოვებისას კი ეს უარყოფითი მხარეები მთლიანად გამოირიცხება, შენაჩუნებულია საძოვრის მაღალი პროდუქტიულობა, ბალახნარის შემადგენლობა თითქმის არ იცვლება, ნალექების საკმაო რაოდენობისას, ან მორწყვისას კი მოსავლიანობა იზრდება და უმჯობესდება.   ნაკვეთების რაოდენობა, მათი ფართობი, დატვირთვა და სხვა ორგანიზაციული საკითხები ნახირში ცხოველების რაოდენობისა და საკვებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

გაძოვების შემდეგ ნაკვეთზეა ბალახი კარგად რომ წამოიზარდოს, დაახლოებით, 25-30 დღე უნდა იგი უნდა „დავასვენოთ“. ძოვების პირველი ციკლის დასრულების შემდეგ იწყება მეორე ციკლი, შემდეგ მესამე  და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ნაკვეთმორიგეობითი ძოვების ორგანიზაციისას, როგორც წესი, საძოვარს 4-5 ნაკვეთად ყოფენ, ხოლო თითოეულ ნაკვეთზე პირუტყვს 5-7 დღის მანძილზე მორიგეობით აძოვებენ. ნაკვეთების აღნიშნული რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს: მათ რაოდენობას ნახირზე მიმაგრებული საძოვრის ფართობის  გათვალისწინებით ადგენენ. ამავე დროს მხედველობაში იღებენ ვადას, რომლის განმავლობაშიც გაძოვილი ბალახნარი წამოზრდას ასწრებს ისე, რომ მისი მეორეჯერ გაძოვება შეიძლებოდეს.

ერთ ნაკვეთში ცხოველების გაჩერების ხანგრძლივობას გაძოვილი ბალახნარის სიმაღლით საზღვრავენ. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაძოვილი ბალახნარის სიმაღლე დაახლოებით 5 სმ-ს მიაღწევს, ცხოველები სხვა ნაკვეთზე გადაჰყავთ, რადგან უფრო დაბალ სიმაღლემდე (2-3 სმ) გაძოვებისას საძოვრის გაუარესება აღინიშნება.

გაძოვების მეორე ციკლი პირველი ნაკვეთის გაძოვების დამთავრებიდან 25 დღის შემდეგ უნდა დავიწყოთ, ხოლო მესამე _ მეორე ციკლის პირველი ნაკვთის გაძოვების დამთავრებიდან 30-40 დღის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ბალახნარის წამოზრდის პერიოდი 35 დღეს უდრის, მაშინ ნაკვეთის ხუთდღიანი გამოყენების შემთხვევაში სულ რვა  ნაკვეთი დაგვჭირდება. ამასთან, სასურველია 2-3 სათადარიგო ნაკვეთიც გვქონდეს, ვინაიდან ბალახნარის გვალვის მიზეზით მოსავლიანობის შემცირების შემთხვევაში სულადობის საკვებით სრულად უზრუნველყოფა შევძლოთ.

ნაკვეთმორიგეობითი ძოვებისას, სიხშირისა და გაძოვების ინტენსივობის სურვილისამებრ რეგულირებით შესაძლებელია ცხოველი მთელი სეზონის მანძილზე  საკმაო რაოდენობის მწვანე, ნორჩი ბალახით ვკვებოთ, რაც ხელს უწყობს მისი პროდუქტიულობის ამაღლებას, აგრეთვე ერთეული ფართობიდან პროდუქციის (მონაწველის, ცოცხალი მასის ნამატის) გამოსავლიანობის ზრდას. ამის გარდა, ნაკვეთზე ცხოველის მოძრაობის შეზღუდვა ზრდის საძოვრის ბალახის გამოყენების ხარისხს. ამის შედეგად, ნაკვეთებად დაყოფილ ერთსა და იმავე ფართობზე 25-30 %-ით მეტი ცხოველის გამოკვება შეიძლება, ვიდრე  თავისუფლად ძოვებისას.

სხვადასხვა სახეობის მცენარეები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ გადაძოვებაზე, ვინაიდან მათ ძოვებისადმი განსხვავებული გამძლეობა აქვთ. ეს გავლენას ახდენს ბალახნარის სახეობრივ შემადგენლობაზე, და, ამდენად, მის ყუათიანობაზეც.

საძოვრული შენახვის პერიოდში, საკვების დამზადებასთან და სხვა საველე სამუშაოებთან ერთად აუცილებელია ცხოველთა ზამთრის სადგომების, სარძევეს, რძის ჭურჭლის შესანახი ოთახისა და სხვ. საცავების შეკეთება, საჭიროებისამებრ მინების ჩასმა, აგრეთვე საკვებურებისა და ბაგების გაახლება. ამავე პერიოდში აწესრიგებენ ფერმის შიდა ტექნიკას და ნაკელსაცავს, მექანიკურად ასუფთავებენ ბოსელს, ჩამქრალი კირის ხსნარით ათეთრებენ სადგომს და ატარებენ დეზინფექციას, დეზინსექციასა და დერატიზაციას.

საძოვრული შენახვის სწორად ორგანიზაციის დროს საქონლის ორგანიზმში საყუათო ნივთიერებები უხვად გროვდება, რაც ფერმერებს პირუტყვის უფრო ეფექტიანად და უდანაკარგოდ გამოზამთრების საშუალებას აძლევს.

გიული გოგოლი,

ს/მ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი