აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობა

ჟოლო ძვირფასი კენკროვანი კულტურა

ჟოლო (Rubus) უძვირფასესი და უძველესი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მეტად არომატულია და მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ნახშირწყლებით. ჟოლოს კენკრა ხასიათდება შესანიშნავი სამკურნალო და საკვები თვისებებით.

ჟოლოს ნაყოფი მშრალი ნივთიერების შემცველობა 12.8-18.8 % ფარგლებში მერყეობს, შაქრების _ 10 პროცენტს აღწევს, საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით არის პექტინები — 0.6-0.9%; ცილები — 0.8%-ია და უჯრედანა-4.8-5.1%.  კენკრა შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინებს: ვიტამინ C-ს — 30 მგ./%, ფოლიუმის მჟავას — 0.17-0.19 მგ./%, კაროტინს — 0.1-0.6 მგ/%, PP  ვიტამინს — 0.6-0.8 მგ./% და B1 ვიტამინს — 0.01-0.09 მგ./%. ჟოლოში დიდი რაოდენობით აღმოჩენილია მინერალური ნივთიერებებიც — იგი შეიცავს 1200 მკგ. რკინას, რაც 2-3 ჯერ მეტია ვიდრე შავ მოცხარში. ჰემატოგენური მიკროელემენტების სიჭარბის გამო ჟოლო გამოიყენება სისხლნაკლულობის დროს. მისი ნაყოფი ასევე ძალიან სასარგებლოა ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ჟოლოს ნაყოფი მდიდარია აქროლადი ნივთიერებებით, რომლებიც ხასიათდება ასეპტიკური თვისებებით, მაგალითად იგი მნიშვნელოვანი  რაოდენობით (0.5-2.5 მგ/%) შეიცავს სალიცილის მჟავას. ჟოლო შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ერთი ჰექტარი ჟოლოს ნაკვეთიდან შესაძლებელია 100 კგ-მდე მაღალხარისხოვანი თაფლის მიღება.

სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა, რადგან მასზე ფასი სტაბილურად მაღალია (საბითუმო ფასი 2.0-2.5 ლარი/კგ.) და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება. იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, სრულ მსხმოიარობაში შედის მეოთხე-მეხუთე წელს და სწრაფად ანაზღაურებს გაშენების დროს გაწეულ ხარჯებს. წმინდა შემოსავალი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით საშუალო მოსავლიანობის (8 ტ/ჰა) პირობებში 12000-15000 ლარს შეადგენს. პლანტაციის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 15-20 წელიწადია.

ჟოლო მრავალწლოვანი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა, რომლის მიწისქვეშა ნაწილი შედგება ფესვურისა და გვერდითი დამატებითი ფესვებისაგან. ზაფხულის პერიოდში მიწისქვეშა კვირტებიდან ვითარდება ტოტები, რომლებიც ზაფხულის დასასრულისათვის ამთავრებს ზრდას, ივითარებს ფესვებს, კავშირს წყვეტს დედა მცენარესთან და დამოუკიდებელ ერთწლიან მცენარედ ყალიბდება. ჟოლოს მცენარე განვითარების ორწლიანი ციკლით ხასიათდება: პირველ წელს ახლად აღმოცენებული ტოტები (ერთწლიანი ყლორტი) არ იძლევა ნაყოფებს ან მცირე რაოდენობით. იგი მხოლოდ მეორე წელს იძლევა სამრეწველო რაოდენობით ნაყოფს. ნაყოფის დამწიფებისა და მოკრეფის შემდეგ ორწლიანი ტოტი ხმება. ამავე წელს ვითარდება ახალი ერთწლიანი ტოტები, რომელიც იმავე ციკლს იმეორებს. თუმცა, არსებობს ჯიშები რომლებიც მსხმოიარობს ერთწლიან ტოტებზე და მოსავალს იძლევა შემოდგომით. მსხმოიარობის ტიპის მიხედვით ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად: ზაფხულში მსხმოიარე (ტულეიმინი, კენბი, ნოვა, ენკორი და სხვა) და შემოდგომის მსხმოიარე (ჰერიტეჯი, ოტომნ ბლისი, პოლანა, ოტომნ ბრიტენი).

ზაფხულში მსხმოიარე ჟოლო მოსავალს ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე იძლევა.

საშემოდგომო ჯიშები აგვისტო-ოქტომბერში იკრიფება.  

ნაკვეთის შერჩევა

ჟოლო მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბტენიანობას. არასასურველი დრენაჟის პირობებში სასურველია შემაღლებული კვლების გაკეთება. ადგილის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება წყალგამტარ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს. საქართველოს პირობებში ჟოლოს პლანტაციის გასაშენებლად უკეთესია ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ფერდობების გამოყენება. გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგის დასაბალანსებლად აუცილებელი საკვები ელემენტების ოპტიმალური რაოდენობა.

ჟოლო ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის pH -ის მიმართ, მაგრამ უფრო კარგად ვითარდება 6.0-6.5 pH -ის ფარგლებში (ოდნავ მჟავე). კარბონატების მაღალ შემცველ ნიადაგებზე, სადაც  pH > 8, შეიძლება განვითარდეს ქლოროზული მოვლენები. გასათვალისწინებელია, ისიც რომ ჟოლოს დარგვა ნაკლებად სასურველია იმ ფართობებზე, სადაც გასულ წელს პომიდორი, კარტოფილი, ან წიწაკა მოიყვანეს, ვინაიდან ამან შეიძლება ახალგაზრდა მცენარეზე დაავადებების გავრცელებას შეუწყოს ხელი.

გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს: ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული — მოხნული და დაფარცხული. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარ გასუფთავებას, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავლიანობას.

ბაღის  გაშენება

ჟოლო უნდა გაშენდეს გვიან შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხულზე მარტში-აპრილის დასაწყისში. გაშენების ოპტიმალური სქემაა 2.5-3.0მ X 0.5-0.6 მ. ნერგის დარგვისას კეთდება 30-40 სმ სიღრმის და 50-60 სმ სიგანის კვალი (ორმო), სადაც ნერგი ირგვება. დაუშვებელია დარგვის პროცესში ფესვების გამოშრობა. ის ნერგები რომლებიც ჯერ არ დარგულა, სველი ტილოს ქსოვილით იფარება, რათა დაცული იყოს მზისა და ქარის ზეგავლენისგან.

ნერგი ირგვება ისე, რომ, ფესვის ყელი 2-3 სმ-ით დაბლა აღმოჩნდეს ნიადაგის ზედაპირიდან. ნერგის გარშემო ნიადაგი დაიტკეპნება და მოირწყვება. ნერგი გადაიჭრება ნიადაგის ზედაპირიდან 10-12 სმ-ზე. ამ დროს ძალიან ეფექტურია მულჩის 6-8 სმ ფენის გამოყენება. მულჩად გამოიყენება ტორფი, გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი, ნამჯა, ნახერხი. დარგვის პერიოდში არ არის რეკომენდებული სასუქების გამოყენება. ამ წელს აზოტიანი სასუქი შეაქვთ ივნისის შუა რიცხვებში, ხოლო კომპლექსური სასუქები შემდეგი წლის გაზაფხულზე.

დარგვიდან პირველ წელს ჩვენი მიზანია მცენარის ფესვის გაძლიერება. ამიტომ დარგვის წელს მცენარეს არ ვაძლევთ ყვავილობისა და მოსხმის საშუალებას. ამავე წელს ბაღში ნიადაგი 3-4 ჯერ მუშავდება და სარეველებისგან თავისუფლდება.

ჟოლოს  მოვლის აგროტექნიკა

ჟოლოს პლანტაციაში აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მცენარეთა დაცვა.

აუცილებელია, რომ მცენარე შეძლებისდაგვარად დაცული იყოს სარეველა მცენარეებისგან. ამისთვის გამოიყენება როგორც მექანიკური (მულჩირება, გამარგვლა, გათოხნა, გაფხვიერება) ასევე ქიმიური მეთოდები (ჰერბიციდების გამოყენება). რეკომენდებულია რიგთაშორისების ორ-სამჯერ როტაციული კულტივატორით დამუშავება. თუ ჟოლოს პლანტაცია 1 ჰექტარს აღემატება, აუცილებელია ჰერბიციდების გამოყენება. სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ძირითადად ​ სარეველის აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდები გამოიყენება, რისთვისაც აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

ჟოლოს პლანტაციაში აუცილებელია დაცული იყოს დროული და სათანადო მორწყვის რეჟიმი. კარგი ირიგაცია 2-3 ჯერ ზრდის პლანტაციის პროდუქტიულობას. ჟოლოს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი ზედაპირული მორწყვა. ამიტომ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ ჩვეულებრივ მორწყვის მეთოდებთან შედარებით. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისათვის რეკომენდებულია  მოღვრით მორწყვის შემდეგი ვადები: პირველი მორწყვა — ყვავილობის წინ,  მეორე მორწყვა — გამონასკვის პერიოდში, მესამე და მეოთხე — სიმწიფის პერიოდში, მეხუთე — მოსავლის აღების შემდეგ.

ნიადაგის განოყიერების სისტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური სასუქები, (P2O5-80; K-80). აზოტოვანი სასუქების შეტანა კი ნაწილ-ნაწილ უნდა განხორციელდეს: პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე (აპრილი), როდესაც მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის ორი მესამედი. დარჩენილი ნაწილი შეტანილ უნდა იქნას ივნისის დასაწყისისთვის. თავი უნდა ავარიდოთ სასუქების შეტანას გვიან ზაფხულში, ან შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის შემცირება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჟოლოს პლანტაციის დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან. სეზონის განმავლობაში აუცილებელია პლანტაციის 4-5 ჯერ შესხურება მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მიზნით. ჟოლოს განსაკუთრებით აზიანებს შემდეგი მავნებლები: ჟოლოს ხოჭო, კვირტის ჩრჩილი და ჟოლოს ღეროს ბუზი, ასევე მეტად საშიშია შემდეგი დაავადებები: ანთრაქნოზი, ბოტრიცისი და ნაცარი.

გასხვლა:

ჟოლო მოსავალს ძირითადად იძლევა გასული წლის ტოტებზე, რომლებიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება. იმავე წელს ფესვის კვირტებიდან ამოდის ახალი ერთწლიანი ტოტები. ამ ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებაზე არის აგებული სხვლის სტრატეგია. გასხვლა ტარდება გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ამ დროს ახდენენ ყველა ძველი ტოტის ამოჭრას და ახალი ნაზარდების გათხელებას. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40 სმ-ს, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა.

პლანტაციის ყოველ 1 მეტრზე უნდა  დარჩეს არაუმეტეს 16-20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ერთ მეოთხედით ამოკლებენ. ასეთი ტიპის გასხვლა გამოყენებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებზე, რაც შეეხება შემოდგომის მსხმოიარე ჯიშებს, მათი გასხვლა უფრო მარტივია:  ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.

საყრდენი სისტემის მოწყობა:

ცნობილია, რომ  ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად  იზნიქება ნაყოფის სიმძიმით, ამიტომ ჟოლოს პლანტაციის გაშენებისას აუცილებელია საყრდენი სისტემის მოწყობა, ყველაზე უფრო გავრცელებულია მარტივი ტიპის შპალერული საყრდენი სისტემა და ან T-სებური საყრდენი სისტემა. საყრდენ სისტემაზე მცენარეების დამაგრება ხდება კანაფის ან პოლიეთილენის ბაწრის  მეშვეობით.

მარტივი ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისაგან და 0.90-1.00 მეტრ სიმაღლეზე გაბმული ერთი მავთულისაგან. ბოძებს შორის მანძილი 10-12 მეტრია, ბოძის დიამეტრი 70-80 მმ,  ბოძების სიმაღლე — 1.30-1.50 სმ. მავთული გაბმულია ორივე მხრიდან.

T-სებრი ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისაგან, რომლებზეც T-სებურად 1 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად დამაგრებულია 40-60 სმ სიდიდის  ფიცარი. ბოძებს შორის მანძილი 10-12 მეტრია, ბოძების სიმაღლე — 1.30-1.50 სმ. ორი პარალელური მავთული გაბმულია ორივე მხრიდან.

კრეფა

კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერილობა და ადვილად სცილდება მცენარეს. კენკრა მეტად სათუთია, ამიტომ აუცილებელია მისი ფაქიზად და ფრთხილად კრეფა. ჟოლოს ნაყოფი ვერ უძლებს დახარისხებას, ამიტომ მოსავალი იმ ტარაში იკრიფება, რომლითაც მისი გადაგზავნა ხდება. კრეფისას რეკომენდებულია ორი საკრეფი კონტეინერის გამოყენება, ერთში იდება მსხვილი ნაყოფები, მეორეში საშუალო და წვრილი ნაყოფები.  ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე-მესამე დღეს, სიმწიფის პერიოდი განსხვავებულია ჯიშების მიხედვით და გრძელდება ორი-სამი კვირის განმავლობაში.

მოსავლიანობა

ჟოლოს მოსავლიანობა დამოკიდებულია ნიადაგობრივ პირობებზე, მოვლის აგროტექნიკურ ფონზე და ჯიშურ თავისებურებებზე.  შესაბამისი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1 ჰექტარზე  8-10 ტონა მოსავლის აღება. მსოფლიოს მეხილეობის წამყვან ქვეყნებში (აშშ, იტალია) ინტენსიური მოვლის პირობებში 1 ჰექტარზე 12-15 ტონა მოსავალსაც იღებენ.

ქვემოთ მოცემულია  ზოგიერთი ახლადინტროდუცირებული პერსპექტიული  ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების დახასიათება. 

კენბი

კანადური ჯიშია, მიღებულია ვიკინგისა და ლოიდ ჯორჯის შეჯვარებით.

მცენარე:  ხასიათდება უეკლო ღეროებით, საშუალოდ ივითარებს ამონაყრებს,  ვირუსული დაავადებების ამტანია, მგრძნობიარეა ფესვის სიდამპლის მიმართ.

ნაყოფი:  წითელი ფერისაა, საადრეო სიმწიფის პერიოდის, შიდა ქართლის პირობებში საკრეფი სიმწიფე იწყება ივნისის შუა რიცხვებში  და გრძელდება ივლისის დასაწყისამდე, ნაყოფი  დიდი ზომისაა, საშუალო მასა 2.9-3.2 გრამი, კონუსური ფორმის, მკვრივი, შესანიშნავი არომატით, ღია წითელი, ადვილად მოსაკრეფი, შესანიშნავია  ნედლად.

ტულეიმინი

მცენარე:  ზაფხულში მსხმოიარე, ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში, საუკეთესო  ჯიშია სასათბურე წარმოებისათვის

ნაყოფი:  წითელი ფერისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა ქართლის პირობებში იწყებს დამწიფებას ივლისის დასაწყისში და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე, ნაყოფი — დიდია,  საშუალო მასა 3.5-4.1 გრამი, კონუსური მოყვანილობის, მკვრივი, ალისფერი წითელი,  ხასიათდება საუცხოო გემოთი

ჰერიტეჯი

მცენარე: წითელი, შემოდგომაზე მსხმოიარე, ძალიან ძლიერი ზრდის, ვერტიკალური ტოტებით, დაავადებების მიმართ შედარებით გამძლე, უხვმოსავლიანი.

ნაყოფი:  საკრეფი სიმწიფე იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და გრძელდება ოქტომბრის მეორე დეკადამდე. ძალიან დიდი ზომის, მკვრივი, კარგი არომატით, ღია წითელი, განკუთვნილია ნედლად მოხმარების მიზნით.

ზვიად ბობოქაშვილი

სმმ  დოქტორი,