რატომ უნდა მივირთვათ ნედლი თევზი
ცნობილია, რომ ზოგადად თევზი და თევზის პროდუქტები ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია. განსაკუთრებით სასარგებლო და გემრიელია ნედლი, გაუყინავი თევზი, ამიტომ, ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ ჩვენი კვების რაციონში. დიეტოლოგთა რჩევით, ორთქლზე მომზადებული და ოდნავ დაბრაწული თევზი, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას, კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ.
ამ მხრივ, თავისი თვისებებით გამოირჩევა მაღალკალორიული და D ვიტამინით მდიდარი ე.წ. ცხიმიანი თევზი (ორაგული, კალმახი). გარდა კვებითი ღირებულებებისა ეს სახეობები ხელს უწყობს ადამიანის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელ კომპონენტსაც წარმოადგენს.
აღნიშნული სახეობები, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა.
ადამიანებს, რომლებსაც საჭმლის მონელება აქვთ დარღვეული და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროებათ, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-ათვისების თავისებურებათა გათვალისწინება. ამ დროს უპირატესობა ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს ენიჭება. სწორედ ასეთია თევზი. საქმე ის არის, რომ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცი კუნთოვან ქსოვილთან ერთად შეიცავს უხეშ შემაერთებელ ქსოვილსა და ელასტინს, რომელიც თერმული დამუშავებისას არ რბილდება და არ გადამუშავდება. თევზის ხორცში კი შემაერთებელი ქსოვილი ცხოველურთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ელასტინი პრაქტიკულად არ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ თევზი მოხარშვისას გაცილებით ნაკლებ წყალს კარგავს, რის გამოც მისი ხორცი უფრო ნაზი და ფაფუკი რჩება. თევზი ცილების უნივერსალური წყაროც არის. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა შეუცვლელ ამინომჟავას (ეს ის ამინომჟავებია, რომლებიც ორგანიზმში არ სინთეზდება და აუცილებლად საკვებთან ერთად უნდა იქნეს მიწოდებული): არგინინს, ვალინს, ჰისტიდინს, იზოლეიცინს, ლეიცინს, ლიზინს, მეთიონინს, ტრეონინს, ტრიპტოფანს, ფენილალანინს.
თევზი მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.
თევზი ექსტრაქტული (ხსნადი) ნივთიერებებითაც მდიდარი პროდუქტია. ამ ნივთიერებათა წყალობით თევზის ნახარში მადის აღმძვრელ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. თევზის ნახარშში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ, თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, აქედან გამომდინარე, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #13
წყარი: kalmaxi.ge