საინოვაციო პროცესები და საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს სოფლის მეურნეობა კლიმატური ზონების სიმრავლით და მრავალდარგოვნებით გამოირჩევა, ამიტომ კვლევის და ინოვაციის თვალსაზრისით, იგი რთულად სამართავია. არცთუ შორეულ წარსულში მძლავრი საინოვაციო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც 15 კვლევითი ინსტიტუტის, 3 ს/ს უნივერსიტეტის, 70-მდე საცდელი სადგურის და მეურნეობის, რაიონული ს/ს სამსახურებს აერთიანებდა, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა. ამასთან ყოველ საშუალო თუ მსხვილ მეურნეობას, როგორც აუცილებელი ნორმა, შესაბამისი აგრარული დარგის სპეციალისტი ჰყავდა.
ეს სისტემა მორგებული იყო სოციალისტური წარმოების სისტემაზე და საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადაპტაცია ესაჭიროებოდა. საჭირო იყო მათი ევროპული საკონსულტაციო სამსახურების მსგავსად გარდაქმნა-განვითარება.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, არსებულ საინოვაციო სისტემას იმ დროსთვის თვალსაჩინო მიღწევები ჰქონდა. საკმარისია გავიხსენოთ ჩაის ახალი ჯიშების გამოყვანა, რომლის მეშვეობით მარტო საქართველოში კი არა, მეზობელ ქვეყნებშიც დაიწყო ჩაის წარმოების განვითარება.
საქართველოს ამჟამინდელი სოფლის მეურნეობა და სოფელი 20 წლის წინათ არსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობისგან თვისობრივად განსხვავდება. იგი დღეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც ვერ ქმნის (1,8 მლრდ. ლარი) და საკვებ პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილებასაც 20-30% ვერ უზრუნველყოფს, არადა წარსულში იგი ქვეყნის შიდა მოთხოვნილების 70% აკმაყოფილებდა.
დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 50% სოფლად ცხოვრობს. ასევე სოფლად ცხოვრობს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 70%. ამდენად, სოფელი და სოფლის მეურნეობა სიღარიბესთან ბრძოლის მთავარი ასპარეზია. ცუდად გააზრებული პრივატიზაციის შედეგად დანაწევრდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მკვეთრად შემცირდა მეურნეობების (ფერმების) სიდიდე. ამ პროცესს ქვეყანა აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა, გლეხი სახსრების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გარეშე შიშველი ხელებით მარტო დარჩა მიწასთან.
მეურნეობების განაწილება ფართობის მიხედვით საქართველოში
ჩვენმა სახელმწიფომ ეს ამოცანები თავისებურად წარმოიდგინა. საინოვაციო სისტემის განვითარებისა და გაზრდის ნაცვლად, სახელმწიფომ ის რგოლები (მაგ., საკონსულტაციო სამსახურები), რაც სისტემას აკლდა, კი არ განავითარა, არამედ არსებულიც კი (მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო), თითქმის, მთლიანად მოშალა.საბაზრო ეკონომიკის სასაქონლო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზება საინოვაციო სისტემის წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს წარმოშობს. ეს ამოცანები, გარკვეულწილად, ევროპული გამოცდილების ადაპტაციის გზით შეიძლება გადაწყდეს, თუმცა მზა მეთოდები არ არსებობს.
ს/ს კვლევითი სისტემა საქართველოში
კვლევითი სისტემის აღმწერი ზოგიერთი (საქართველოში ხელმისაწვდომი) ინდიკატორის ცვლილება მოყვანილია დიაგრამაზე 3.1-3.3.
აღსანიშნავია, რომ 1985—1990 წლებში 12-16 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში მერყევი სოფლის მეურნეობის კვლევის წლიური დაფინანსება დაახლოებით ისეთივე იყო, რაც 2011 წლის მთლიანი ეროვნული კვლევითი სისტემის, ანუ მეცნიერების ყველა დარგის დაფინანსება.
1990 წლიდან რაიმე პრიორიტეტებისა და მოსაზრებების გარეშე, განუწყვეტლივ მცირდებოდა ყველა მიმართულების ს/მ მკვლევართა რაოდენობა. მაგალითისთვის მოყვანილია სელექციონერთა რიცხვის შემცირება 1990-2004 წლებში.
განსაკუთრებით მკვეთრი შემცირება მოხდა 2006-2007 წლებში. სულ 2000-2011 წლებში კვლევით ორგანიზაციებში თანამშრომელთა რიცხვი 2-ჯერ შემცირდა პროცესი ევროპაში მიმდინარე მეცნიერთა რიცხვის ზრდის საწინააღმდეგოა.
რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, იქ მეცნიერთა რიცხვის ზრდის ტემპი ევროპულს აჭარბებს.
ნახ. 3.3. მოყვანილი მონაცემების საფუძველზე რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. ერთ თანამშრომელზე წლიური ხარჯების დაახლოებით 75%-ს ხელფასი შეადგენს, რაც 1 თვეზე გადათვლისა და საშემოსავლო გადასახადის (20%) გამოკლების შემდეგ ხელზე გასაცემი საშუალო თანხა თვეში 160 ლარს შეადგენს. შედარებისთვის, სახელმწიფო მმართველობის აპარატში მომსახურეთა საშუალო თვიური ხელფასი, საშემოსავლოს გამოქვითვის შემდეგ, 700 ლარია. თანაფარდობა 1/4-ია, რაც ევროპულ და მსოფლიო პრაქტიკასთან სრულიად შეუსაბამოა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში საშუალო წლიური ხელფასი 23,000 გირვანქა სტერლინგია (38,000 აშშ დოლარი), ხოლო მეცნიერთა საშუალო წლიური ხელფასი – 74,000 აშშ დოლარი. დიდ ბრიტანეთში უნივერსიტეტის რექტორი ღებულობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე მაღალ ხელფასს.
აშშ სახელმწიფო ადმინისტრაციაში საშუალო წლიური ხელფასი 68,000 აშშ დოლარია, ხოლო მეცნიერთა საშუალო წლიური ხელფასი — 88,000 აშშ დოლარი. წამყვანი ეროვნული ლაბორატორიების დირექტორები – გამოჩენილი მეცნიერები – მინისტრებზე (სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე), ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ პრეზიდენტზე მაღალ ხელფასს იღებენ.
ადვილი გამოსათვლელია სასოფლო-სამეურნეო კვლევაზე გაწეული საერთო ხარჯები- 1,5 მლნ ლარი ანუ, მიმდინარე კურსით, 0,9 მლნ აშშ დოლარი. ეს, თითქმის, 18-ჯერ ნაკლებია 1990 წლის მონაცემებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ ფასების ინდექსის ცვლილებასაც, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.
საქართველოში მეცნიერების დაფინანსების საერთო დონე – მშპ-ს, დაახლოებით, 0.08%-ის ტოლია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. განვითარებულ ქვეყნებში იგი, საშუალოდ, — 2.4%-ია.
ევროპულისგან (და, საერთოდ, მსოფლიოსგან) საქართველოს კვლევით სისტემას განსაკუთრებით მკვეთრად ორი გარემოება განასხვავებს:
ა) სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში, დაფინანსებასა და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია. ევროპული სტანდარტების თანახმად ეს სრულყოფილი სამინისტრო არ არის. სამინისტროს მუშაობა, ევროპული სტანდარტების თანახმად, კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული;
ბ) კვლევითი სისტემა არ შედგება იურიდიული პირებისგან. მისი არსებობა-არარსებობის საკითხი ერთი უნივერსიტეტის რექტორის, ან უნივერსიტეტის კერძო მფლობელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ეს გარემოება მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც 2010 წლის ბოლოს მთავრობამ კვლევით ორგანიზაციებს იურიდიული პირის სტატუსი ჩამოართვა და განყოფილებების სტატუსით უნივერსიტეტებს მიუერთა. სასოფლო-სამეურნეო კვლევითი სისტემის ამგვარი ორგანიზება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების გაკვირვებას იწვევს. მდიდარი ევროპული (არც მსოფლიო) პრაქტიკა ასეთ ვითარებას არ იცნობს.
სასოფლო-სამეურნეო საცდელი სადგურები
საცდელი სადგურები ს/მ განვითარების საკვანძო რგოლია.
1990 წლამდე საქართველოში კვლევითი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების დაქვემდებარებაში 70-მდე (ექსპერტების გამოკითხვის თანახმად) საცდელი სადგური, საცდელი მეურნეობა და სხვა მსგავსი ორგანიზაცია ირიცხებოდა, მრავალი მათგანი — იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობდა.
ამჟამად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგულია (კერძო პირებზე მიყიდული, არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენებული და სხვა). საინოვაციო სისტემისთვის ეს მძიმე დანაკარგია, რადგანაც საცდელი სადგურები მარტო კვლევით ინოვაციას კი არა, არამედ არაკვლევითი და მიზანშეწონილი ინოვაციის დიდ ნაწილსაც უზრუნველყოფს.
საკონსულტაციო სამსახურების ჩანასახები საქართველოში დონორი ორგანიზაციების (CARE, GTZ – ახალი სახელი GIZ, USAID, EU, Oxfam და სხვები) პროექტების ხარჯზე განვითარდა. პროექტების დასრულების შემდეგ, ახლადშექმნილ სამსახურებს ხშირად არ გააჩნიათ არსებობის წყარო (რომელიც ცენტრალურმა, ან ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს) და ხშირად იძულებულები ხდებიან შეითავსონ ს/ს მასალების მიწოდების ფუნქციები, რაც არაობიექტურობის (მიკერძოებულობის) საფრთხეს ქმნის. ევროკავშირში საკონსულტაციო და ს/ს მასალების მიწოდების ფუნქციები გაყოფილია, რადგანაც საკონსულტაციო სამსახურები სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობენ. ამჟამად საქართველოში, უმთავრესად არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით 20-მდე სამსახური მოქმედებს. არსებული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია არ ხდება. ამავე დროს, სათანადო სახელმწიფო პროგრამის არსებობის შემთხვევაში, კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით, სავსებით შესაძლებელი იქნებოდა მათ ბაზაზე სახელმწიფო საკონსულტაციო სისტემის შექმნა. ამისთვის ევროკავშირის მდიდარი გამოცდილების გამოყენება უდავოდ სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.
ოლეგ შატბერაშვილი
შუა აზიისა და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო
კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციის გამგეობის წევრი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქრთველო“ #15