ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება ადგილობრივი ბიოლოგიური საშუალებებით
ნიადაგების დაცვა და მისი ნაყოფიერების აღდგენის ახალი ბიოტექნოლოგიები მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში დღეს აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითება, ანუ მისი დეგრადაცია, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ამ პრობლემის მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი დედამიწის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას და გარემოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
საქართველოში ნიადაგების დეგრადაციის პროცესი საკმაო ინტენსივობით მიმდინარეობს, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად ხელისშემშლელი ფაქტორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, მისი პროდუქტიულობის ამაღლება, თანაც ისე, რომ სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით გარემო არ დაბინძურდეს, ანუ უნდა გამოვიყენოთ ნიადაგების ნაყოფიერების გაუმჯობესების თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდები, რაც თავის მხრივ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის ძირითადი და საიმედო საშუალებაა.
ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის მიზნით, 2014-2015 wlebSi ექსპერიმენტები გატარდა საქართველოს სამ რეგიონში, სადაც მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის, კომპანია ,,ბიოაგროს“ ორგანულ-ბაქტერიული სასუქი –„ორგანიკა“ და ბიოპრეპარატები – „ბიოკატენა“ და „ფიტოკატენა“ გამოიყენეს. კვლევებისათვის გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად შეირჩა ფართობები თელავის, ქუთაისის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. ზემოთ აღნიშნული ბიოსასუქითა და ბიოპრეპარატებით დამუშავდა თელავსა და ქუთაისში 0,5 -0,5 ჰა. ფართობი, ხოლო ახალციხეში კი 1 ჰა.
ჩვენ საცდელ ნაკვეთებში შევიტანეთ თხევად-ორგანულ-ბაქტერიული სასუქი „ორგანიკა“ 1 ჰა, ფართობზე (ახალციხე) ხარჯვის ნორმით – 20 ლ. ბიოპრეპარატები: „ბიოკატენა“ – 10 ლ. და „ფიტოკატენა“ – 10 ლ. შესაბამისად 0,5 ჰა-ზე ( თელავი და ქუთაისი) სასუქი – 10 ლ, „ბიოკატენა“ – 5 ლ და „ფიტოკატენა“ – 5ლ. ნიადაგი სასუქისა და ბიოპრეპარატების კომბინირებული ნაზავით დამუშავდა.
სასუქისა და ბიოპრეპარატების კომბინირებული ნაზავის შეტანის შემდეგ სამივე საცდელი ნაკვეთის ნიადაგის ნიმუშებს ლაბორატორიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ნიადაგის ნაყოფიერების დადგენის მიზნით სამივე ნიადაგის ნიმუშებში განისაზღვრა ზოგიერთი ტესტური მაჩვენებელი დამუშავებამდე (საკონტროლო) და დამუშავების შემდეგ (საცდელი).
როგორც ცხრილი N2-დან ჩანს, სასუქისა და ბიოპრეპარატების კომბინირებული ნაზავის შეტანის შემდეგ ნიადაგში არსებული ძირითადი საკვები ელემენტების (NPK) შემცველობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. კერძოდ ცხრილი N1-თან შედარებით ცხრილი N2-ში მომატებულია: აზოტის (N), ფოსფორის (P2O5) და კალიუმის (K2O) მცენარეთათვის ხელმისაწვდომი ფორმების რაოდენობა. შესაბამისად გაზრდილია ნიადაგის ნაყოფიერებაც, რაც ნიადაგის კვებითი ღირებულებების გამომხატველ ძირითად მაჩვენებელს წარმოდგენს. გარდა ამისა მცირედით, მაგრამ მაინც მომატებულია ჰიგროსკოპული წყლის პროცენტული შემცველობაც. ხოლო ნიადაგის არის რეაქცია (PH) მიახლოებულია ნეიტრალურთან, რომელიც თითქმის ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის სასურველ მაჩვენებელს წარმოადგენს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაახლოებით მსგავსი სურათი ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც სანიმუშო ნაკვეთების ნიადაგის ანალიზის შედეგად. ჩატარებული ცდებით დადგინდა, რომ თხევადი ორგანულ-ბაქტერიული სასუქის „ორგანიკისა“ და ბიოპრეპარატების ერთობლივი გამოყენების შედეგად ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და ხარისხი (ცხრილი 3).როგორც ცხრილიდან ჩანს ორგანულ-ბაქტერიული სასუქის ორგანიკისა და ბიოპრეპარატების კომბინირებული ნაზავის გამოყენების შედეგად ყურძნის მოსავალი 17,9-21,6%-ით, კარტოფილის მოსავალი 9,7-10,7%-ით, ხოლო სიმინდის მოსავავალი 22,2-30,0 %-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე გამოთვლილია კულტურებისათვის სასუქისა და ბიოპრეპარატების ეკონომიკური ეფექტიანობა და მათი გამოყენების რენტაბელობა.
ჩვენს მიერ ჩატარებულმა ცდებმა გვიჩვენა, რომ თხევადი ორგანულ-ბაქტერიული სასუქის „ორგანიკისა“ და ბიოპრეპარატების “ბიოკატენას“ და „ფიტოკატენას“ კომბინირებული ნაზავის გამოყენება არის ეფექტიანი, რაც მიღებული მონაცემებით დასტურდება. როგორც ჩანს ყურძნის მოსავლის მიღებულ ნამატზე დახარჯულ (ორგანიკა და ბიოპრეპარატები) თითოეულ ლარზე მიღებული იქნა 1,19-1,84 ლარი მოგება; კარტოფილზე 4,63-4,94 ლარი; სიმინდზე კი 1,00-2,00 ლარი
შ.ყანჩაველი – შპს“ ბიოაგრო“, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი,
ნ. სულხანიშვილი-თელავის ი. გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
კ. კიკორია- შპს“ ბიოაგრო“, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი,
ჯ. ქანთარია- მაგისტრანტი,
გ. მამადაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტო.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 73