ხეხილის მავნებლების საწინააღმდეგო „შინაური“ საშუალებები

მავნებლები ხეხილის ბაღს დიდ ზიანს აყენებენ — აზიანებენ ფოთლებს, ყვავილს, ფესვებს, კვირტებს და სხვ. შესაბამისად, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მცირდება. მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები მრავალგვარია, მაგრამ თუ თქვენ საღი და ხარისხიანი პროდუქტის მიღება გსურთ, სასურველია თავი შეიკავოთ ბაღის ქიმიური პრეპარატებით დამუშავებისაგან. აბა როგორ ავიცილოთ თავიდან მავნებლებით ბაღის დაზიანება?

მივმართოთ ე.წ. „შინაურ“ საშუალებებს, მეთოდებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და დღეს აქტიურად მიმართავენ ბიომეურნეები.

ზოგიერთ მცენარეს აქვს ინსექტიციდური და ფუნგიციდური თვისებები და მათი ნახარშები და ნაყენები შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

აბზინდა 

აბზინდა ყველასათვის ცნობილი სარეველა მცენარეა, რომელიც მრავლად მოიპოვება ტყის მიმდებარე მინდვრებზე, ბაღში, გზის პირებზე. მისი ნაყენი და ნახარში გამოიყენება ვაშლის ნაყოფჭამიას მატლების, ბუგრების, აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ.

დამზადების წესი:

– 1 კგ. გამშრალ აბზინდას დაასხით 2 ლიტრამდე წყალი და ადუღეთ 10-15 წთ. ნახარში გააციეთ, გაწურეთ და შეავსეთ წყლით 10 ლიტრამდე. მისი მოქმედების გასაძლიერებლად ნახარშს შეგიძლიათ დაუმატოთ 1-1.3 კგ. ქათმის სკინტლი. შერევამდე სკინტლი, მცირეოდენ წყალთან ერთად, 1-2 დღე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და შეურიეთ აბზინდის ნახარშს. შესხურება უნდა მოხდეს ორჯერ, 7 დღიანი ინტერვალით.

_ 700-800 გრ. წვრილად დაჭრილი ნედლი აბზინდა მოათავსეთ ვედროში და დაასხით ცივი წყალი, ისე, რომ ვედრო მთლიანად შეივსოს. გააჩერეთ 24 სთ. და შემდეგ ადუღეთ 30 წთ. მიღებული ნახარში გააციეთ, გადაწურეთ, განაზავეთ წყლით (1:1) და შეასხურეთ მცენარეს.

ლენცოფა

ლენცოფა შხამიანი მცენარეა. მის ნახარშს იყენებენ ბუგრების, აბლაბუდიანი ტკიპას, ბაღლინჯოების წინააღმდეგ. მისი შეგროვება ხდება მცენარის ყვავილობის წინ. მოგროვილი ლენცოფა კარგად უნდა გააშროთ (შეიძლება თოკზე ჩამოკიდებული გამჭოლ ქარში). გაუშრობლად მისი შენახვა დიდხანს არ შეიძლება – ჩახურდება და აქტივობას დაკარგავს.

 დამზადების წესი:

_ 2,5 კგ. ახლადმოკრეფილი ან 3 კგ. გამშრალი მცენარე წვრილად დაჭერით, დაასხით მცირე რაოდენობის წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 2-3 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ ნახარში გაწურეთ, შეავსეთ წყლით 10 ლ-მდე. გამოყენების წინ ნახარშს დაუმატეთ 30-40 გრ. საპონი. ნახარშით მცენარე რამდენიმეჯერ უნდა შეასხუროთ მავნებლის გამოჩენამდე და მის შემდეგ.

შხამა

შხამა ძლიერ შხამიანი მცენარეა. ხეხილის ბაღში ვაშლის ნაყოფჭამიას, ჩრჩილის, ალუბლის ხერხიას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ იყენებენ როგორ მის ნახარშს, ისე ნაყენსაც.

შხამას აგროვებენ შემოდგომით ან გაზაფხულზე. მცენარეს ფესვებიანად აშრობენ ჩრდილში ან ქარგამჭოლ შენობაში.

 დამზადების წესი:

_ ნახარშის დასამზადებლად 2-4 კგ. მასას დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და ადუღეთ 2-3 სთ. შემდეგ გააციეთ, გაწურეთ და  წყლით 10 ლ-მდე შეავსეთ.

ნაყენის დასამზადებლად 1 კგ. ნედლ ან 250 გრ. მშრალ მასას დაასხით 10 ლ. წყალი, დააყოვნეთ 24-48 სთ, გაწურეთ და გამოიყენეთ.

გოჩა წერეთელი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“