მცენარეული ნარჩენები – ხორბლის თავთავის სეპტორიოზის პერველადი ინფექციის წყარო
ბოლო წლებში საქართველოში ხორბლის ნათესებში ფიტოსანიტარული სიტუაციის გაუარესება, კერძოდ, სეპტორიოზის მკვეთრი ზრდა აღინიშნება. დაავადების განვითარება და გავრცელება განპირობებულია ინფექციის ადგილობრივი წყაროებით, რომლებადაც ითვლება დაავადებულ მცენარეული ნარჩენი, მარცვლოვანი ბალახები და დაავადებული სათესლე მასალა.
ჩვენი მიზანი იყო ხორბლის ნათესებში დაგვედგინა თავთავის სეპტორიოზის (გამომწვევი სოკო Stagonospora nodorum სინონიმი Septoria nodorum) ძირითადი ინფექციის წყაროები; შეგვესწავლა საქართველოში სოკოს გამოზამთრების შესაძლებლობები და, ამ ეკონომიურად მნიშვნელოვანი პათოგენისაგან ხორბლის ნათესების დასაცავად, დაგვემუშავებინა ეკოლოგიური მეთოდები.
ინფექციის შენარჩუნების პერიოდის ხანგრძლივობის დასადგენად კვლევები ჩავატარეთ მინდორში, მიწის ზედაპირზე და ნიადაგში სხვადასხვა სიღრმეზე არსებულ მცენარეულ ნარჩენებზე.
მცენარის განვითარების ცვილისებრი ფაზის ბოლოს ავიღეთ ხორბლის ძლიერ დაავადებული ფოთლებისა და თავთავის ნიმუშები. მომზადდა 36 სინჯი. ერთი სინჯი შეიცავდა 4 დაავადებულ ფოთოლსა და 4 დაავადებულ თავთავს. სინჯები მიწის ზედაპირზე, 5-10 და 20-25 სმ სიღრმეზე იყო განლაგებული. დაკვირვების შედეგი წარმოდგენილია დიაგრამაზე.
დიაგრამა
მცენარეული ნარჩენების ნიადაგში ჩაკეთებისა და შენახვის პერიოდის ხანგრძლივობის გავლენა Stagonospora nodorum -ის სპორების სიცოცხლისუნარიანობაზე.
დიაგრამაზე ნათლად ჩანს პათოგენის სპორების სიცოცხლისუნარიანობის დინამიკა. მოსავლის აღებიდან მიწის ზედაპირზე მცენარეული ნარჩენების შენახვიდან 6 თვის შემდეგ აღმოცენების უნარი სპორების ნახევარზე მეტმა შეინარჩუნა და 63% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად იყო მცენარეული ნარჩენები ჩაფლული ნიადაგში, მით უფრო ნაკლები იყო სპორების სიცოცხლისუნარიანობა. 20-25 სმ. სიღრმე დამღუპველი გამოდგა სპორებისათვის ერთი თვის შემდეგ. მაშინ როდესაც 5-10 სმ სიღრმეზე შეიმჩნეოდა პათოგენის სიცოცხლისუნარიანობის ტენდენცია კლებისაკენ, მიუხედავად ამისა შენახვიდან 6 თვის შემდეგ სპორების აღმოცენებამ საშუალოდ 32,5% შეადგინა.
მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ:
— რომ ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ, სეპტორიოზით დაავადებული მცენარეული ნარჩენები წარმოადგენს ინფექციის ძირითად წყაროს და გავრცელების ადგილს, S. nodorum -ის პიკნიდიუმები და პერიტეციუმები მთელი ზამთრის განმავლობაში ნარჩუნდება.
— იმ შემთხვევაში თუ კი მცენარეული ნარჩენები ნიადაგში არა ნაკლებ 20-25 სმ სიღრმეზე ჩაკეთდება, კვირის შემდეგ გამომწვევი ინფექცია სრულად განადგურდება.
სოსო მეფარიშვილი, ლ. ბერაძე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.