ეროზიის საწინააღმდეგო და  ქარსაცავი ტყის ზოლების გაშენება

ის, რომ საქართველო მოქცეულია მთათა ორ სისტემას-მთავარ და  მცირე კავკასიონებს შორის, განსაზღვრავს მის  კლიმატს და ბუნების უარყოფითი მოვლენების კომპლექსს: ხშირია ზვავები, მეწყერები, წყალდიდობები, ღვარცოფები და სხვა უარყოფითი კლიმატური მოვლენები. განსაკუთრებით დიდია წყლისმიერი და ქარისმიერი სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალი.

ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში ერთ ჰექტარ სახნავ მიწაზე წყლისმიერი ეროზიის შედეგად საშუალოდ ყოველწლიურად ირეცხება 100-130 ტონა ნიადაგი, დასავლეთ საქართველოში 150-200 ტონა. კოკისპირული წვიმის დროს ეს მაჩვენებელი 300-დან 500 ტონამდე აღწევს,ამასთან, ეროზიის შედეგად  იკარგება ნიადაგის ზედა ნაყოფიერ- ჰუმუსური კანის ჰორიზონტი.1991 წლის მონაცემებით (უფრო თანამედროვე მონაცემები ვერ მოვიპოვეთ, რადგან უკანასკნელ 20-წლეულში, რატომღაც,მსგავსი აღრიცხვა კი არა, ბევრი სხვა არ აღირიცხება) უკანასკნელი 20-25 მანძილზე გადაირეცხა და დაბალი ღირსების მიწის კატეგორიაში გადავიდა 94 ათასი ჰექტარი სახნავი ფართობი.

დიდი ზიანი მოაქვს აგრეთვე ქარისმიერ ეროზიას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, გარეკახეთში, შირაქში, სამგორში, ქართლის დაბლობებში და სხვა. არსებობს მონაცემები, რომ მარტო საგარეჯოს რაიონში 1964-1974 წლებში ქარისმიერი ეროზიის შედეგად მთლიანად დაიღუპა  საშემოდგომო თავთავიანი კულტურები 48 ათას ჰექტარ ფართობზე.

სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის მეტნაკლები ხარისხის ზეგავლენას განიცდის  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 300 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი და სხვა მრავალი.

სულ რაღაც 30-35 წლის წინ, ვიცოდით რა ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის უარყოფითი შედეგები, მთელ საქართველოში  აქტიური სატყეო მელიორაციული ღონისძიებები ტარდებოდა აღნიშნულ ღონისძიებათა აღსაკვეთად.მარტო ეროზიის საწინააღმდეგო  ნარგაობანი  გაშენებული იყო 49 ათას ფექტარზე, ხოლო სახელმწიფო ქარსაფარი და   მინდორსაცავი ტყის ზოლები გაშენებული იქნა ათეულ ათასობით ჰექტარ ფართობზე, რომელთა უმეტესობა ამჯამად სრულიად განადგურებულია ან შემორჩენილია ფრაგმენტებად, რომელთაც დაკარგული აქვთ ქარდაცვითი ფუნქციები.

ვფიქრობთ, რომ აუცილებელი და საჩქაროდაა ეროზიის საწინააღმდეგო და მინდორსაცავი ზოლების დაპროექტება-გაშენება, გაბატონებული ქარების პერპენდიკულარად.უკანასკნელ წლებში საქართველოში  მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო მიწასაც.

საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობათა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა  შეიცვალეს მოსარგებლეები და რიგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების სახეც.ყველაფერი ამის გათვალისწინებით საჭირო იქნება აღნიშნულ ღონისძიებათა ახლებური განსაზღვრა და ისიც, რომ ქართველმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში მოქმედი ქარების საწინააღმდეგოდ დიდი სიგანის დაცვითი ტყის ზოლების გაშენება არ არის საჭირო (არსებობდა 16-22 ზოლიანი ქარსაფარები), სრულიად საკმარიასია ვიწრო  4-6 მწკრივიანი ზოლები. ეს  ამცირებს ტყის ქარდაცვითი სისტემის შექმნის  ხარჯებს და, რაც მთავარია, შესაძლებლობას იძლევა, რომ ტყის  ზოლებმა ნაკლები სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიკავოს.

მინდორსაცავი ტყის ზოლების შექმნის დროს მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით  სასურველი მერქნიანი სახეობების შერჩევას, რომ არ განმეორდეს წარსულის შეცდომები, როცა ყველაზე დიდი ყურადღება ექცეოდა სწრაფმზარდ სახეობებს, შედეგი კი იყო უარყოფითი. სულ რაღაც 20-25 წლის  შემდეგ მათ დაიწყეს მასიური ხმობა. დღეს საკმაოდ დიდი გამოცდილება გაგვაჩნია, რომ  ქარსაცავი ზოლებისათვის მცენარეთა შერჩევისას განვსაზღვროთ, მინდორსაცავი ზოლის ხანგრძლივობა: სასურველია დაცვითი ზოლები გაშენდეს დასავლეთ საქართველოში  დაბლობ-ტენიან პირობებში: კიპარისი, როგორც პირამიდული კარი ისე ჰორიზონტალური, ფიჭვი შავი, ფიჭვი ზღვისპირის, ჭაობის კიპარისი, მუხა იმერეთის, ძელქვა, შედარებით მშრალ პირობებში — ჭადარი და სხვა ნიადაგობრივ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გვინდა ზოლების შერჩენა. დაპროექტება უნდა მოახდინოს სპეციალისტმა.

აღმოსავლეთ საქართველოში: ფიჭვი შავი, ფიჭვი კავკასიური ზღვის დონიდან  1000მ-ზე ზევით, კვიპარისები, სოჭი, მუხები, ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, პანტა  და სხვა ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.სარწყავში შეიძლება პირამიდული ვერხვი, კანადური მალევე იღუპება.

გასათვალისწინებელია, რომ დაზიანების ან ხმობის შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ მაშინ ზოლის მწკრივის ან მთლიანად მოჭრა.

მეცნიერული კვლევით დადგენილია, რომ საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების მელიორაციაული ზეგავლენით  უზრუნველყოფილია   მოსავლის საშუალო ნამატის ზრდა ერთ ჰექტარზე, საშემოდგომო ხორბლისთვის 3-4 ცენტნერის ანუ 25%, ქერისთვის — 2,3 ცენტნერი  ანუ 11%-ს, მზესუმზირის — 2,3 ცენტნერის ანუ 27%, სიმინდის — 4,7 ცენტნერის ანუ 22%-ს,  ყურძნის — 7, 3 ცენტნერის ანუ 21%-ს, და ა.შ.

სასურველი იქნებოდა, დადგენილიყო საპროექტო ინსტიტუტთან  ,,საქმიწაპროექტთან“ დაცვითი ტყის ზოლების  და ქარსაცავი ფართობების გატყევების დაპროექტებული ორგანიზაცია ან ჯგუფი სატყეო დეპარტამენტთან.

 

/ტრისტან ჩერქეზიშვილი/   

საქართველოს დამსახურებული მეტყევე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.