დარგებიმეფრინველეობა

ქართული ბროილერები

ადგილობრივ ფრინველთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება იმ საერთო პრობლემის ნაწილია, რომელსაც ადამიანი და გარემო ჰქვია. მსოფლიოში თანამედროვე მეფრინველეობა ფრინველთა მცირე გენეტიკურ ბაზას ეყრდნობა, რის გამოც არსებული ჯიშები თავიანთი წარმოშობით თითქმის ერთგვაროვანია, გენეტიკური მრავალფეროვნების გარეშე კი, სელექციის შემდგომი პროგრესი შეუძლებელია. ამიტომაც, უდიდესი მნიშვნელობა ფრინველთა ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებას ენიჭება.

საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ფრინველის სელექციაში ჩართვა საშუალებას მოგვცემს გამოვიყვანოთ ჩვენი კლიმატური პირობებისადმი გამძლე ფრინველები, რომლებიც ადვილად შეეგუებიან სიცხეს და დახასიათდებიან მაღალი პროდუქტიულობით. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეტაპზე, რადგან მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში დედამიწაზე ტემპერატურა 0,6-2,5 გრადუსით მოიმატებს. ეს პროცესი კი მოითხოვს სითბო გამძლე ფრინველის მოძიებას. სწორედ ასეთ ფრინველს მიეკუთვნება ადგილობრივი ქათმის პოპულაციები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტემპერატურისადმი შემგუებლობით, არ მოითხოვენ კვება-მოვლის იდეალურ პირობებს, პრიმიტიული ტიპის საფრინველეშიც თავს კარგად გრძნობენ, ხასიათდებიან საუკეთესო კვერცხისა და ხორცის ხარისხით, კარგად არიან შეგუებულნი ადგილობრივ პირობებს და რაც მთავარია გამოირჩევიან მთელი რიგი დაავადებების მიმართ რეზისტენტობით ანუ გამძლეობით. ადგილობრივი ფრინველის მეცნიერულმა შესწავლამ და ექსტერიერის ანალიზმა გამოავლინა, რომ ისინი აღნაგობით კომბინირებული, ანუ მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმებს მიეკუთვნებიან.

დასახელებულ პრობლემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეტაპზე, როცა მეფრინველეობის პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით განიცდის დიდ კონკურენციას. იმისათვის, რომ ბაზარზე შენარჩუნდეს კონკრენტუნარიანობა, საჭირო ხდება, უშუალოდ მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინება. მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ პირობებში გამოზრდილი ფრინველისგან მიღებულ პროდუქციას, ამიტომაც, მათი საბაზრო ფასი უფრო მეტია. კონკურენტუნარიანობა განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში ფრინველისთვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რაც დადებით გავლენას ახდენს კვერცხისა და ხორცის ხარისხზე. ძირითადად ასეთი გარემოს შექმნა შესაძლებელია საკარმიდამო, ფერმერული (გლეხური) მეურნეობის პირობებში, სადაც ფრინველი მთელი დღე იმყოფება სუფთა ჰაერზე, სარგებლობს მზის სხივებით, ნიადაგში კენკვის გზით დამატებით მოიპოვებს საკვებს.

მჟამად, როცა საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმი მიიჩნევა, აუცილებელი ხდება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის და კარგი საგემოვნო თვისებების მქონე პროდუქციის წარმოება, რაც ტურისტთა დაინტერესების ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა, ასეთი პროდუქციის წარმოება ქვეყანაში მინიმალურია. დღესდღეობით მოსახლეობის მოთხოვნა ფრინველის ხორცზე კმაყოფილდება იმპორტის ხარჯზე, ბაზრის მხოლოდ 20 % უკავია ადგილობრივ წარმოებას. საქართველოში მოსახლეობის ფრინველის ხორცით დაკმაყოფილებისათვის საჭიროა 64 ათასი ტონა ფრინველის ხორცი, რასაც სჭირდება 35 მილიონი ფრთა ბროილერი. არსებული სიმძლავრეებიდან გამომდინარე, საქართველო შეძლებს მხოლოდ 5 მილ. ბროილერის გამოზრდას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი საინკუბაციო კვერცხი გვექნება. აქედან გამომდინარე, დარჩენილი 30 მილ. ბროილერი შეიძლება გამოვზარდოთ საკარმიდამო მეურნეობაში, რისთვისაც საჭიროა ამ საქმიანობაში ჩავაბათ 2000 ოჯახი (თუ ერთი ოჯახი გამოყოფს 100 მ² შენობის ფართობს, მაშინ იგი წელიწადში გამოზრდის 14 800 ფრთას და მთლიანად საქართველოში გამოიზრდება 30 მლნ-მდე ბროილერი). ვინაიდან საკარმიდამო პირობებში ძნელია ბროილერების გამოზრდა, რადგან ეს ფრინველი მოითხოვს დახურულ სივრცეს და კვება-მოვლის იდეალურ პირობებს, აუცილებელი ხდება ისეთი ბროილერების გამოყვანა, რომლებიც საკარმიდამო, ფერმერული მეურნეობის პირობებში დახასიათდებიან ადგილობრივ ფრინველზე უკეთესი პროდუქტიულობით და საუკეთესო ხორცის ხარისხით.

სწორედ აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა ჩვენი სამეცნიერო კვლევა, რომელიც დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში. პირველად საქართველოში ბროილერების მისაღებად გამოყენებული იქნა ადგილობრივი ყელტიტველა ქათმები, რომლებიც შეუჯვარეს მაღალპროდუქტიულ მეხორცულ ჯიშს- კორნიშს. მიღებული ბროილერები, ხასიათდებოდნენ სიცხის ამტანობით, მაღალი შენარჩუნების პროცენტით და საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ხორცით. საქართველოს ბაზარზე დიდია მოთხოვნა ნაკლებ ცხიმიან და მცირე მასის (800-900 გრ-იან) ბროილერებზე. ამასთან ასეთი წიწილებისგან ყველაზე უკეთ მზადდება ქართული ტრადიციული კერძი „ტაბაკა”.

კვლავა მიმდინარეობდა სამტრედიის რაიონში შპს „ვერძიში”, სადაც ადგილობრივი ქათმების სხვადასხვა პოპულაციებს შევუჯვარეთ მაღალპროდუქტიული კორნიშის ჯიში. შევისწავლეთ მოზარდის ზრდის დინამიკა, ცხოველმყოფელობა, შებუმბვლის სისწრაფე, ხორცის ანატომიური ანალიზი, ხორცის ქიმიური შედგენილობა. უკვე მიღებულია ბროილერების პირველი თაობა, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ცოცხალი მასით – 35 დღის ასაკში იწონიან 1,2-1,5 კგ-ს. შენარჩუნება 98%-ია, ხორცი გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით და ნაკლები ცხიმიანობით.

ქართული ბროილერები დახასიათდნენ, ადგილობრივ წიწილებთან შედარებით, უკეთესი ცოცხალი მასით, 35 დღის ასაკში მათმა ცოცხალმა მასამ 1,2 კგ-ს მიაღწია, რაც ადგილობრივ წიწილებთან შედარებით 47,3% -ით მეტია, გაიზარდა წიწილების შენარჩუნება 3%-ით, წიწილები ხასიათდებიან სწრაფი შებუმბვლით, რაც ასე აუცილებელია ბროილერის ცხოველმყოფელობისათვის.

ამჟამად, ბროილერული მეფრინველეობის ერთ-ერთი პრობლემა მსოფლიოში არის ბროილერების ზედმეტად გადასუქება, ამიტომაც მიმდინარეობს მეცნიერული კვლევა ხორცში ცხიმის შესამცირებლად და ცილის გასაზრდელად.

ადამიანის კვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცილაა, რომლის დეფიციტი მსოფლიოში 50% შეადგენს. მეცნიერული გაანგარიშებით დადგინდა, რომ ამჟამად მსოფლიოში იწარმოება 70 მლნ. ტონა ცხოველური ცილა. წლიურად საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე მოდის 10კგ. დღეში 30გ. ჱყველაზე მეტ ცილას მსოფლიოში დღიურად მოიხმარს ოკიანეთის მოსახლეობა (160გ.), შემდეგ მოდის სამხრეთ ამერიკა (90გ.), ევროპა (60გ.), სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოდის მხოლოდ 7,3 გ ცხოველური ცილა, აქედან 5,4 გ ხორცის საერთო რაოდენობიდან, ხოლო 1,9 გ კვერცხიდან.

დადგენილია, რომ ყველაზე მეტ ცხოველურ ცილას ერთ ჰექტარ ნათესზე უზრუნველყოფს ინდაურის ხორცის წარმოება, შემდეგ მოდის კვერცხი და ბროილერები. მსოფლიოში წელიწადში ფრინველის ხორციდან მიიღება 15 303 ათასი ტონა ცხოველური ცილა (17,6%), ხოლო კვერცხიდან 7 459 ათასი ტონა (ერთ ცალ კვერცხში-12,7% ცილა). საქართველოში ცხოველური ცილის მკვეთრი დეფიციტია, რომლის აღმოფხვრის ერთ-ერთი წყარო მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებაა. სწორედ ამ მიზნით შევისწავლეთ ჩვენს მიერ გამოყვანილ ბროილერის ხორცში ცილის შემცველობა, რომელიც შევადარეთ ბროილერის ხორცს. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბროილერში ცხიმის შემცველობა 1,7%-ით შემცირდა, ხოლო ნაკლავში ცილა 0,85%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოს სელექციონერები 1%-მდე ცხიმის შემცირებასაც დიდ პროგრესად მიიჩნევენ. ყველა ამ თვისებებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ბროილერები კარგად შეეგუენ ეზოს პირობებს. თუ მიღებულ ნაჯვარ წიწილებს პირველი 2 კვირის განმავლობაში საფრინველეში +30°C ტემპერატურამდე გამოვზრდით, შემდეგ შესაძლებელი იქნება ეზოში გამოშვება, სადაც ბროილერი დარჩენილ პერიოდში მთლიანად გაიზრდება ბუნებრივ პირობებში. აქ იგი დამატებით, ნიადაგში კენკვის გზით, მოიპოვებს საკვებს. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრინველს აუცილებლად მივცეთ დაღერღილი სიმინდი 75% და მასში შევურიოთ ცილოვან-ვიტამინოვანი დანამატი (პრემიქსის სახით) 25%-ის რაოდენობით. ასეთი საკვებნარევი ბუნებრივია და აბსოლუტურად უსაფრთხო.

ამრიგად, კორნიშის ჯიშის სამამლე ფორმის შეჯვარებით ადგილობრივი პოპულაციის ქათმებთან მივიღეთ ქართული ბროილერი, რომლის გამოყენება ადგილზე, საკარმიდამო, ფერმერული (გლეხური) ტიპის მეურნეობაში  ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის, ორგანული მეფრინველეობის პროდუქტების წარმოების საშუალებას იძლევა.

როზა ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

კობა ნაცვალაძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი