კარტოფილის კიბო
კარტოფილის კიბო ყველაზე სერიოზულ და საშინელ დაავადებად ითვლება. მისი გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum.
პირველად კიბო უნგრეთში 1896 წელს აღწერეს, თუმცა პარაზიტის სამშობლო ჯერ კიდევ უცნობია. დაავადება სწრაფად გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, ხოლო 1918 წელს აშშ-ში. ამჟამად იგი გვხვდება ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში. 1939-1940 წლებში დაავადების ცალკეული კერები გამოჩნდა დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. შემდგომ დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთით.
აღნიშნული სოკოთი შეიძლება დაავადდეს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის სხვა მცენარეებიც: პამიდორის ზოგიერთი ჯიში, ლენცოფა, ძაღლყურძენა, ხებალახა და სხვა. ბუნებრივ პირობებში შესაძლებელია კარტოფილის კიბოს მიმღები და გამავრცელებლები იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები.
კარტოფილის კიბოთი, ფესვების გარდა, ავადდება მცენარის ყველა ორგანო, ფოთლებისა და ყვავილების ჩათვლით. ავადმყოფობა ვლინდება ქსოვილების წარმოქმნით, რაც კორძისებრი წარმონაქმნების განვითარებაში გამოიხატება. ისინი ღრუბელს ან ახალგაზრდა ყვავილოვან კომბოსტოს მოგვაგონებენ. კორძების წარმოქმნა იწყება ბოლქვის თვლებთან. დასაწყისში ისინი პატარებია, — სიმინდის მარცვლისოდენა, შემდეგ თანდათან იზრდება და ხშირად ისეთ ზომას აღწევს, რომ კორძი მკვებავ ბოლქვებზე უფრო დიდია. იგი ჯერ თეთრია, რაც ხანი გადის, კორძი თანდათან ფერს იცვლის და ბოლოს, თითქმის მთლად შავდება. რაც იმის მაჩვენებელია, რომ ბოლქვების ქსოვილების დაშლა დაიწყო. კორძი ლპება და ბოლქვი მთლად ფუჭდება.
კორძები ბოლქვების გარდა წარმოიქმნება ფესვურებსა და ფესვის ყელზე. ძლიერი დაავადების შემთხვევაში ასეთი კორძები ღეროებზე, ფოთლებსა და ყვავილებზეც კი ვითარდება. კორძები შეიძლება მიწისქვეშა ღეროზე და, საერთოდ ზედა ნაწილებზეც განვითარდეს. დაავადებული ადგილის ზევით მოთავსებული ღეროს ნაწილი ხმება. ფესვები არ ავადდება, რადგან დაავადების გამომწვევი მხოლოდ ახალგაზრდა, მზარდ ქსოვილში იჭრება. კორძების ზომა- მცირე ზომიდან თვით ბოლქვის ზომამდე განსხვავებულია.
კარტოფილის კიბოს გამომწვევი სოკო უჯრედშიგა პარაზიტად ითვლება. პარაზიტის მოქმედებით უჯრედი იზრდება, ამასთან მეზობელი ეპიდერმისის უჯრედები და ბოლქვის რბილობის უჯრედები სწრაფად იყოფა. არახელსაყრელი პირობებისადმი მაღალი გამძლეობის გამო ინფექციის გამომწვევი მრავალი წლის განმავლობაში, 10-15 წლის, ზოგჯერ კი 30 წლამდეც, ნიადაგში ინახება, ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას და კარტოფილისათვის ეს ნიადაგი დიდი ხნის განმავლობაში გამოუსადეგარი ხდება.
ბოლქვების ინფექცია შეიძლება სხვადასხვა ტემპერატურის დროს 12-140C -მდე; ოპტიმალურად 210C ითვლება.
კარტოფილის კულტურის დაავადებისას მოსავლიანობა მცირდება.
კიბოს ძლიერი განვითარებისას მოსავლის დანაკარგებმა შეიძლება 40-60% მიაღწიოს. სათესლე მასალის ხარისხიც ეცემა და შენახვის უნარს კარგავს. სოკოს მავნეობის და მაღალი სიცოცხლისუნარიანობის გათვალისწინებით კარტოფილის კიბო ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, საკარანტინო მავნებლად ითვლება. კარტოფილის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს მთავარი საკარანტინო ღონისძიებებია. იმ ქვეყნებიდან, სადაც კიბოა გავრცელებული, სათესლე და სამეურნეო მასალის შემოტანა სასტიკად აკრძალულია. კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად რადიკალურ ღონისძიებად გამძლე ჯიშების შერჩევა ითვლება. დაავადებული ბოლქვები, ღერო-ფოჩები უნდა შეგროვდეს და დაიწვას. თუ ნაკვეთზე ერთიდან ხუთამდე დაავადებული ბოლქვია, მოსავლის აღების დროს, დაავადებული ღეროები და გორგლები უნდა დაიწვას ნაკვეთზე. ძლიერ დაავადებისას ერთი მეტრის სიღრმის ორმოში უნდა ჩაიყაროს ინფიცირებული მცენარის ნარჩენები, დამუშავდეს ქლორიანი ნაზავით ან 5%-იანი ბორდოს ხსნარით (20ლ.მ3 ნარჩენზე) და ორმო კვლავ მიწით დაიფაროს.
ინფიცირებული ნიადაგი კი უნდა დამუშავდეს პრეპარატ ნემასოლით (ხარჯვის ნორმა 60-120 გ/მ2). პრეპარატი კარტოფილის თესვამდე 30 დღით ადრე ნიადაგში 20 სმ. სიღრმეზე მექანიზებული წესით შეაქვთ და ნიადაგს ცელოფნის ფირით. პრეპარატი გამოყენება როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. დახურულ გრუნტში შესაძლებელია გამოვიყენოთ პრეპარატი „ბაზამიდი“ (ხარჯვის ნორმა 40-60 გ/მ2). პრეპარატი კარტოფილის დარგვამდე 30 დღით ადრე 20 სმ. სიღრმეზე მექანიზებულად შეაქვთ ნიადაგში და აფარებენ პოლიეთილენის საფარს.
უნდა აღინიშნოს, რომ კარტოფილი განსაკუთრებით ძლიერად ავადდება ერთ და იმავე ადგილზე მუდმივად თესვის დროს, ამიტომ სწორი თესლბრუნვის შერჩევა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა.
ასევე რეკომენდებულია დამუშავებული სათესლე მასალის გამოყენება. თესვის წინ ტუბერებს თესლის შესაწამლი პრეპარატებით – „პრესტიჟით“ (ხარჯვის ნორმა 1 ლ. 1 ტ. თესლზე), „პრემიუმით“ (1-1,3 ლ. 1ტ.), „სელესტ ტოპით“ (სარგავი მასალა უნდა შეიწამლოს უშუალოდ დარგვამდე ან დარგვის დროს – 10 ლ. 1ტ თესლზე) უნდა დამუშავდეს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №22