დარგებიმებოსტნეობა

ბროკოლი ბიოლოგიური თავისებურებანი

ბროკოლი (BrassicacaulifloraLizg., ssp. sim­p­lexLizg.) — ჯვაროსანთა ოჯახის ერთწლიანი კულტურაა. კომბოსტო ბროკოლის პროდუქტიულ ორგანოს თავი წარმოადგენს , რომელიც ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს, მაგრამ ყვავილოვანი კომბოსტოსაგან განსხვავებით გააჩნია განსხვავებული შეფერვა: მწვანე, ცისფერი, იისფერი ან თეთრი. ბროკოლი ვიტამინების შემცველობით 2-3 ჯერ აღემატება ყვავილოვან კომბოსტოს.

ბროკოლი კარგად იზრდება ნოყიერ, მსუბუქ ნიადაგებზე. ბროკოლის კულტურა კარგ უკუგებას იძლევა ორგანული და მინერალური სასუქების ოპტიმალური კვების პირობებში.

მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა

საუკეთესო წინამორბედებია: ერთწლიანი პარკოსნები, გოგრა, საშემოდგომო მარცვლეული, საადრეო პომიდორი, კარტოფილი და ხახვი. დაუშვებელია ბროკოლის მოყვანა იმ ნაკვეთზე, რომელზეც წინა წელს კომბოსტო, ბოლოკი ან ჯვაროსანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყო მოყვანილი.

მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების გარანტიას ჯანსაღი ჩითილი წარმოადგენს. გადარგვის მომენტისათვის ჩითილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35-50 დღეს, უნდა გააჩნდეს კარგად განვითარებული 4-6 ფოთოლი. ბროკოლის დარგვის საუკეთესო სქემაა 60×30 ან 50×40სმ. ღია გრუნტში ჩითილების გამოყვანისას 1მ2 თესლის ხარჯვის რაოდენობა შეადგენს 50-90 ცალს (რაოდენობის ცვალებადობა დამოკიდებულია ჩითილის მოყვანის ტექნოლოგიაზე).  გადარგვისას კარგ შედეგს იძლევა სპეციალურ საჩითილე კასეტებში ან ინდივიდუალურ ქოთნებში გამოყვანილი ჩითილი, რადგან ასეთი სახით გამოყვანილი ჩითილების გადარგვისას ფესვთა სისტემა არ ზიანდება და შესაბამისად ჩითილები სტრესს ნაკლებად განიცდიან. ბროკოლის კულტურის ქვეშ 10მ2-ზე შესატანი მინერალური სასუქების რაოდენობა შეადგენს: ამონიუმის გვარჯილა 350-500 გრამი, სუპერფოსფატი 200 – 400 გრამი და კალიუმის მარილი 600-700 გრამი, რაც მოქმედ ნივთიერებებზე გადაყვანით ერთ ჰექტარზე შეადგენს N (120-150), P2O5 (80-100), K2O (120-150) კგ.

ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები შეაქვთ ნიადაგის მოხვნის წინ, ხოლო აზოტოვანი სასუქები კი დამატებითი გამოკვებისას.

ბროკოლის მოვლა-მოყვანისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მორწყვის რეჟიმს (წყლით უზრუნველყოფას). ბროკოლს მოვლა-მოყვანის განმავლობაში 4-6ჯერ რწყავენ, 10 მ2 -ზე 100-150 ლიტრი წყლის რაოდენობით (ყოველ რწყვაზე)

ბროკოლის კულტურის მოყვანა შესაძლებელია ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, იგი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც შუალედური კულტურა. წელიწადში ერთი და იმავე ნაკვეთზე შესაძლებელია ბროკოლის ორი მოსავლის მიღება. გაზაფხული-ზაფხულისა და ზაფხული-შემოდგომის წრებრუნვაში. გაზაფხულზე კონდიციური ჩითილის გადარგვა ხდება აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე (რეგიონების მიხედვით) ხოლო მოსავალი იღება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ამ პერიოდში მოსავლის აღების დაგვიანება დაუშვებელია, რადგან მაღალი ტემპერატურების ზემოქმედების შედეგად ბროკოლის თავი ადვილად რბილდება, იცვლის ფერს და კარგავს კონდიციურობას. გაზაფხული-შემოდგომის წრებრუნვაში წარმოებისას (როგორც თავად ბროკოლის პირველი მოსავლის აღების შემდეგ, ასევე სანაწვერალე კულტურების შემდეგ სარწყავ მიწებზე) ბროკოლის ჩითილების მომზადება ხდება გადარგვამდე 40-45 დღით ადრე (ივლისის პირველ დეკადაში), ხოლო მზა ჩითილის გადარგვა ხდება აგვისტოს შუა რიცხვებში. შემოდგომაზე მოსავლის აღება იწყება ოქტომბრის ბოლოდან.

ბროკოლის მოყვანა ნაკლებად მიზანშეწონილია დაჩრდილულ მიწის ნაკვეთებზე. ცენტრალური თავის მოჭრის შემდეგ გვერდებიდან ვითარდება გვერდითა თავები, რომლებიც დამატებითი მოსავლის მიღების წყაროს წარმოადგენენ. ბროკოლის მოსავლის აღება იწყება თავების გაშლამდე (როდესაც ისინი მჭიდროდ შეკრულები არიან). მათი მოჭრა ხდება ღეროსთან ერთად 10-20 სმ-ზე, რომელსაც ამავე დროს კულინარიაშიც იყენებენ.

მაღალი ტემპერატურა, ნიადაგისა და ჰაერის დაბალი ტენიანობა ამცირებს მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხს. ჩითილების გადაზრდისას კი საგრძნობლად მცირდება მოსავლიანობა.

ბროკოლის კულტურას მთელი ვეგეტაციის განმავლობაში შესაძლებელია დააზიანოს მავნებლებმა — კომბოსტოს ფრთათეთრა, თრიფსები, კომბოსტოს ბუზი და სხვა.

მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები: მცენარის მავნებლების პირველივე ნიშნების გამოვლენისას 7-10 დღის ინტერვალით ხდება კულტურის დამუშავება ინსექტიციდებით: კარატე, ბი-58, დურსბანი, სუმი-ალფა, ზოლონი, პირინექსი, აქტელიკი, დი-68, იმიჯი, ციპი პლიუსი და სხვა 0,15-0,2 %-იანი სამუშაო ხსანრის გამოყენებით (10 ლიტრ წყალში იხსნება 15-20 გრ. პრეპარატი). იმის გათვალისწინებით, რომ კომბოსტოს ფოთოლი არის პრიალა, რომელიც ხელს უშლის ინსექტიციდების ხსნარის (წყლის) ფოთოლზე გარკვეული პერიოდით შეჩერებას, ამდენად სასურველია სამუშაო ხსნარს გავურიოთ რძე ან საყოფაცხოვრებო საპონი 30-50 გრამი 10 ლიტრ წყალზე გაანგარიშებით, აგრეთვე სპეციალური მიმწებებელ პრეპარატებსაც იყენებენ.

ბროკოლს განსაკუთრებულ დიდ ზიანს აყენებს კომბოსტოს ბუზი. მავნებლის განვითარება იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა +12-130C აღწევს. ბუზი კვერცხებს დებს ნიადაგში, მცენარის ფესვის ყელზე, ან ფესვის ყელთან ახლოს. ახლად გამოჩეკილი მატლები ბუდობენ ფესვებში, იწყებენ მის დაზიანებას, რის შედეგადაც მცენარე ზრდა-განვითარებას წყვეტს, ბოლოს კი იღუპება (განსაკუთრებით მშრალ და მაღალ სიცხიან ამინდში). ამ დროს ფოთოლი მოცისფრო-ტყვიისფერ შეფერილობას ღებულობს.

მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები: მაღალი აგროფონის შენარჩუნება, ინსექტიციდებით დამუშავება: მცენარის კომბოსტოს ბუზით დაზიანების შემთხვევის გამოვლენისას აუცილებელია მცენარის ფესვთან მორწყვა 0.15-0.2 %-იანი „ბი-58” ან ბაზუდინის ხსნარით. მაღალ ეფექტს იძლევა მწკრივებში „ბი-58”-ით დამუშავებული გრანულირებული „ფოსფამიდის” ან გრანულირებული „სუპერფოსფატის” შეტანა და მცენარის მიწით შემოყრა. მიწით შემოყრა აფერხებს მატლების შეღწევას მცენარის ფესვის ყელთან და ხელს უწყობს დამატებითი მკვებავი ფესვურების განვითარებას. ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ სარწყავ წყალთან ერთად მცენარეთა ძირებში ინსექტიციდების შეტანას, ეს მეთოდი საკმაოდ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.

დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: ბაქტერიოზი და ფუზარიოზული ჭკნობა. პროფილაქტიკის ღონისძიებები: დაავადებების მიმართ მდგრადი ჯიშების გამოყენება, სათესლე მასალის ფუნგიციდებითა და ინსექტიციდებით დამუშავება, თესლბრუნვის დაცვა და მაღალი აგროტექნიკური ფონის შენარჩუნება.

ბროკოლის მოჭრილი თავები საკმაოდ მცირე ხნით ინახება, (განსაკუთრებით ზაფხულში), ამიტომ მოჭრის შემდეგ საჭიროა მათი გაგრილება, ან მზისაგან დაცულ გრილ ადგილას განთავსება. მოჭრილი თავების რეალიზაცია უნდა მოხდეს მოჭრიდან რამდენიმე დღეში, რადგან ამის შემდეგ მისი სასაქონლო სახე უარესდება.

ილია მჭედლიძე