აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის მოვლა მრავალკორპუსიან სკებში

მრავალკორპუსიანი სკა, რომელიც შედარებით უკეთესად პასუხობს სამრეწველო მეფუტკრეობის მოთხოვნებს, ორ ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:
1. მინიმალურად მორგებული უნდა იყოს ფუტკრის ოჯახის საცხოვრებლად;
2. მაქსიმალურად ადვილი მოსახმარი იყოს მეფუტკრისთვის.

გარდა ამისა, სკა უნდა იყოს იაფი და ადვილად დასამზადებელი. პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაცილებით მარტივია. ფუტკრის ოჯახისთვის ვარგისია შესაბამისი ზომის ნებისმიერი ყუთი (ხის ფუღურო, კლდეში გამოქვაბული, შენობის სართულებს შორის დარჩენილი სიცარიელე და სხვ), რომელშიც ფუტკრის ოჯახი ბუდეს ააშენებს, თაფლს დააგროვებს და ზამთარს გადაიტანს. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ფუტკრის მიერ არჩეული ბინები, ასევე მოყვარული მეფუტკრეების მიერ შექმნილი ათასობით განსხვავებული კონსტრუქციის სკები, ვერ აკმაყოფილებს მეორე მოთხოვნას: სწრაფად და მარტივად შეასრულოს მეფუტკრემ აუცილებელი სამუშაოები. შრომითი დანახარჯების შემცირებით მიიღწევა მეფუტკრეობის ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულების შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ, სკა პირველ რიგში მეფუტკრისთვის უნდა იყოს ადვილი მოსახმარი, მხოლოდ ამის შემდეგ — ფუტკრის ოჯახისთვის კარგი ბინა.

აშშ-ში, მეფუტკრეებს შორის მძაფრი კონკურენციის პირობებში, ჩამოყალიბდა მრავალკორპუსიანი სკა და მასში ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგია. შესაბამისი მოვლის ტექნოლოგიის გარეშე, მრავალკორპუსიანი სკა არაფრით არ ჯობია სხვა არსებულ სკებს.

150 წლის წინ შექმნილი მრავალკორპუსიანი სკა და მასში ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგია სამრეწველო მეფუტკრეობის საფუძვლად არის მიჩნეული. ამ ტექნოლოგიაში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის შრომა, ჩარჩოებით მანიპულაციები ჩანაცვლებულია მთელი კორპუსებით მანიპულაციით. აღნიშნული მთელი სეზონის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების გახსნა-დათვალიერების რაოდენობის ორჯერ შემცირების საშულებას იძლევა. ამასთან, ჩარჩოების მაგივრად კორპუსებით მანიპულირებისას, ორჯერ მცირდება ამ ოპერაციების ჩატარების დრო. ეს საშუალებას აძლევს მეფუტკრეს მოუაროს რამდენიმე ასეულ და ზოგჯერ 1500-1800 ფუტკრის ოჯახს. მრავალკორპუსიან სკებში ჩარჩოებით ოპერირებას ზემოთ აღნიშნულის უგულებელყოფით, სავალალო შედეგი მოყვება. თითოეული ოჯახის მოვლაზე დახარჯული დრო, შემცირების მაგივრად გაიზრდება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია სწრაფად და ადვილად რომ შევასრულოთ, მრავალკორპუსიანი სკა დამზადებული უნდა იყოს რუტის მიერ შემუშავებული სისტემით. სისტემა დამყარებულია ერთნაირი კორპუსების გამოყენებაზე (ერთ ფუტკრის ოჯახს ოთხი კორპუსი მაინც ჭირდება). მრავალკორპუსიან სკას ფსკერი უნდა ეხსნებოდეს ,არ უნდა ჰქონდეს ნარიმანდები (ფალცები), კომპლექტში უნდა შედიოდეს 4-5 კორპუსი, ფსკერი, თავსახური, ფუტკრის გამრეკი, ჰანემანის ცხრილი და მომთაბარობისთვის აუცილებელი კაპრონის ლენტი დამჭიმით. ნარიმანდებიანი, მიჭედილფსკერიანი, მხოლოდ ორი კორპუსის შემცველი, სამომთაბარო ლენტის და ჰანემანის ბადის გარეშე მრავალკორპუსიანი სკა, რომელშიც ცალკეული ჩარჩოებით მანიპულირებენ, კარგავს ყველა იმ დადებით თვისებას, რომელთაც მრავალკორპუსიან სკაში ფუტკრის მოვლის რუტის ტექნოლოგია ითვალისწინებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა: დაზამთრებაში ფუტკრის ოჯახი ორი კორპუსით უნდა შევიდეს და აქედან ზედა კორპუსი თაფლით უნდა იყოს სავსე. უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებია ამ კორპუსის თაფლით სავსე საკუჭნაოთი შეცვლა. ეს არის ის აუცილებელი მოთხოვნები, რომელთა შესრულება აუცილებელია მრავალკორპუსიანი სისტემით მუშაობისას.

გადავიდეთ ფუტკრის ოჯახის მოვლის რუტის ტექნოლოგიის აღწერაზე.

გამოზამთრების შემდგომი სამუშაოები: საჭიროა მხოლოდ ფსკერების შეცვლა ახლით, სკაზე მიკაკუნებით და მოსმენით დედის არსებობის დადგენა. საკვებ მარაგს არ ვნახულობთ, რადგან საზამთროდ 20—25 კილო უნდა გვქონოდა დატოვებული. შეცვლილ ფსკერებს ვფხიკავთ და ვასუფთავებთ, რათა შემდეგ ის სკებისთვის ძირად გამოვიყენოთ. თაფლის მარაგი ფუტკრის ოჯახში ფსკერის გამოცვლის დროს ხელში აწონვით მოწმდება. ამისთვის ოჯახის გახსნა და ფუტკრის შეწუხება საჭირო არა რის. თუ საკვები მცირეა მის შესავსებად ზემოდან ადგამენ თაფლიან კორპუსს, ხოლო ძირის ცარიელ კორპუსს იღებენ. ის ოჯახები, სადაც დედა არ გვყავს ან ძალიან დასუსტებული არიან, სხვა ოჯახებს უნდა შევუერთოთ. მათ გამოსწორებაზე დროს და თანხას არ ვხარჯავთ.

იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ყველაფერი ნორმალურადაა, მომდევნო ეტაპი 3-4 კვირის შემდეგ დგება. ამ დროს პირველ და მეორე კორპუსებს ადგილს ვუცვლით. ამისთვის, სკას ვხდით სახურავს და გადაბრუნებულად, თუნუქით ქვევით ვდებთ იქვე. ვხდით ზედა თაფლიან კორპუსს და ვდგამთ გადმობრუნებულ თავსახურზე ფუტკარი რომ არ დავჭყლიტოთ. მეორე, წინასწარ გამზადებულ და ასევე გადმობრუნებულ თავსახურზე (შეიძლება დამატებითი ფსკერის ხმარებაც) გადაგვაქვს ქვედა კორპუსი, მის მაგივრად ძველ ფსკერზე ვდგამთ ზედა კორპუსს, ხოლო ქვედა კორპუსს ვადგამთ ზემოდან.

ზედა თაფლიანი კორპუსის ძირს გადმოტანით, ხოლო ბარტყიანი კორპუსის ზევით გადატანით, ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი წყობა(თაფლი ზევით, ბარტყი ქვევით) ირღვევა. ეს აიძულებს ფუტკრებს აღადგინონ ბუნებრივი მდგომარეობა და გადაიტანონ თაფლი ზევით, რითაც დამატებით იკვებებიან კიდეც. ამავდროულად თაფლისგან გათავისუფლებული ქვედა კორპუსის ფიჭებში დედა ინტენსიურად დებს კვერცხს, ხოლო ფუტკრებს ინტენსიურად შემოაქვთ ყვავილის მტვერი და ფიჭებს ჭეოთი ავსებენ.

10-14 დღის შემდეგ აუცილებელია კორპუსების ადგილების შეცვლა და შუაში მესამე კორპუსის ჩამატება. ამისთვის, სკასთან ვდებთ ორ გადმობრუნებულ თავსახურს, მათზე გადმოგვაქვს ორივე კორპუსი. ვუბოლებთ და ვათვალიერებთ ზედა კორპუსს ქვევიდან, რათა სადედეები არ გამოგვეპაროს. თუ სანაყრე სადედეები არ გვაქვს, ზედა კორპუსს ვდგამთ ძველ ფსკერზე, ვადგამთ ახალ მესამე კორპუსს. ამათ ზემოდან ედგმება ძირის კორპუსი. ამით ბუდის გაფართოება და კორპუსების მონაცვლეობა მთავრდება. სკას ეხურება საფარი ტილო და თავსახური.

2-3 კვირის შემდეგ, ქვედა ორ კორპუსს ადგილებს უცვლიან და ამატებენ მეოთხეს ზემოდან. პროცედურა აქაც ზემოთ აღწერილის ანალოგიურია.

თუ მთავარი ღალიანობა ძლიერია, შეიძლება მეხუთე კორპუსიც დავამატოთ. ყოველ ორ კვირაში ქვედა ორი კორპუსის ადგილმონაცვლეობა აუცილებელია, რათა ქვედა კორპუსი ჭეოთი არ გაივსოს. ასეთ მოვლენას ხშირად აქვს ადგილი, თუ ქვედა კორპუსი ერთ თვეს და მეტ ხანს რჩება ადგილის შეუცვლელად.

შემდეგი მოქმედება თაფლის ამოღებაა. ეს პროცედურაც კორპუსებით სრულდება თავსახურავის და საფარ ტილოს მოხსნის შემდეგ, ზედა კორპუსი იხსნება და ედგმება მის ქვედა კორპუსს წინა ან უკანა კედლით. ფუტკარს ერეკებიან ბოლის და კომპრესორიდან შეკუმშული ჰაერის ნაკადით. ზედა კორპუსის მოხსნის შემდეგ ამოწმებენ მომდევნო კორპუსს, თუ ის თაფლიანია და უბარტყო, მასაც ანალოგიურად ათავისუფლებენ ფუტკრებისგან და მიაქვთ გამოსაწურავად.

ღალის შემდგომი სამუშაოები: მკურნალობა, საკვების შევსება, ახალი მშრალფიჭებიანი კორპუსის მიცემა, რათა გავზარდოთ კვერცხსადები ფართობი, სხვა სკებში მოთავსებული ფუტკრის ოჯახების ანალოგიურია.

ახალი ოჯახების შექმნა, ასევე კორპუსებით ხდება. ბარტყიან-ფუტკრიან კორპუსს ათავსებენ ახალ ფსკერზე, ახურავენ საფარ ტილოს და თავსახურს. ახალ ოჯახს დგამენ ძველის გვერდით ისე, რომ მფრინავი ფუტკარი ორივე სკაში თანაბრად გადანაწილდეს. მეორე დღეს ორივე ოჯახს აძლევენ მწიფე სადედეს. დედის ძებნაზე დროს არ კარგავენ, რადგან დრო დედა ფუტკარზე, ან მწიფე სადედეზე ძვირია.

ფუტკრის გამარტივებული ტექნოლოგიით მოვლა მრავალკორპუსიან სკებში

მრავალკორპუსიან სკებში მოთავსებული ფუტკრის ოჯახების მოვლისას, ძირითადი შრომა, როგორც ზემოთ ვნახეთ, კორპუსების გადაადგილებაში იხარჯება. ფუტკრის ოჯახების მრავალკორპუსიან სკებში მოვლის შემდგომი გამარტივების მიზნით, ჩატარებული იყო ცდები ბუდის გაფართოებაზე კორპუსების მონაცვლეობის გარეშე. შედეგად, ბუდის გაფართოებაზე დახარჯული დრო შემცირდა 3-4-ჯერ, ხოლო მიღებული თაფლის რაოდენობა ან იგივე დარჩა, ან 5-10 %-ით მოიმატა.

პირველი საგაზაფხულო დათვალიერების შემდგომ, ყველა დედიან და ნორმალურად გამოზამთრებულ ფუტკრის ოჯახს, აძლევენ დამატებით საკვებს ძირითადად კანდის სახით. საკვების მიცემის აუცილებლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ფუტკარი გადაბეჭდილი თაფლის ეკონომიას ეწევა და მას მომჭირნედ ხარჯავს. წინა ტექნოლოგიაში თაფლის ინტენსიურ ხარჯვას კორპუსების გადანაცვლებით იწვევდნენ.

ორი კვირის შემდეგ, თუ ფუტკარი ორივე კორპუსს ავსებს, ადგამენ მესამე, ძირითადად მშრალფიჭიან კორპუსს ზემოდან და აძლევენ ისევ კანდის 2-3 კილოგრამიან კვერს ზემოდან, ან 4-5 ლიტრ სიროფს ზედა საკვებურში. თუ ფუტკარს არ შეუვსია ორივე კორპუსი, კმაყოფილდებიან მხოლოდ საკვების მიცემით.

ორი კვირის შემდეგ, ასწევენ მეორე კორპუსს, შეუბოლებენ ქვედა თამასებზე და ეძებენ სადედეებს. თუ სანაყრე სადედეები გვაქვს, ატარებენ ნაყრობის საწინააღმდეგო რომელიმე მეთოდს. თუ სადედეები არ დაგვხვდა ჩამოშენებული და ოჯახი ბუდის გაფართოებას თხოულობს, მას ამატებენ ზემოდან ახალ კორპუსს, რომელშიც 6 მშრალი და 2 ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოა. თუ ამ დროს მთავარი ღალიანობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ზემოდან ისევ ყანდი, ან შაქრის სიროფი ეძლევა. შემდგომი გაფართოება, ასევე კორპუსის ზემოდან დადგმით ხდება. თაფლიანი კორპუსების მოხსნა, ანალოგიურია.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 21