ქართული ძროხის ჯიშები
ართული მთის ძროხა უძველესი, უნიკალური ჯიშია. ამ ჯიშმა დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის განვითარებაში. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა შესასრულებლად მას საუკუნეების განმავლობაში, როგორც ერთადერთ გამწევ ძალას იყენებდნენ.
წინათ ქართული მთის ჯიშის ძროხა მთელ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, ამჟამად კი ქვეყანაში მათი სულადობის 8-10%-ს შეადგენს, ის მხოლოდ მაღალი მთის სოფლებშია შემორჩენილი (ხევსურეთში, სვანეთში, აჭარის მთიან ნაწილში და სხვა). ძლიერ დაფერდებული მთის საძოვრის გამოყენების უნარი, შიმშილობისა და სხვა ცუდი პირობების მიმართ ამტანობა და მაგარი კონსტიტუცია ამ ჯიშის ძვირფასი თვისებებია.
გაუმჯობესებული კვებისა და მოვლის პირობებში (საქართველოს მეცხოველეობის ყოფილ საცდელ სადგურში) ამ ჯიშის ფურების საშუალო წლიური წველადობა 1900-2000 კგ-მდე გაიზარდა. უფრო კარგ პირობებში გადაყვანილი ცალკეული ფურების წველადობა 4100 კგ-ს და მეტს აღწევს, ცხიმიანობა კი 4.8-4.9% შეადგენს. როგორც ვხედავთ, ამ ძროხის რძის ცხიმრძიანობა მაღალია და წველადობის გაზრდასთან ერთად ცხიმიანობაც იმატებს. ამ თვისებით ქართული მთის ძროხა მკვეთრად განსხვავდება კულტურული ჯიშებისაგან, რომელთა წველადობასა და ცხიმიანობას შორის კორელაცია უარყოფითია.
კულტურული ჯიშის დიდტანიან ფურებს 1500-2000 კგ საშუალო წველადობისას 1 კგ რძის წარმოებისათვის დაახლოებით ორჯერ მეტი საკვები სჭირდება, ვიდრე ქართული მთის ძროხას, რაც გარკვეულ პირობებში ადგილობრივი ჯიშის მოშენების უპირატესობას გვიჩვენებს.
ინტენსიური სუქებისას ქართული მთის ჯიშის მოზვრების დღეღამური წონამატი 650-700 გ-ს არ აღემატება და საბოლოო მასა დაბალია, მაგრამ ხორცის კულინარული თვისებები მეტად მაღალია, რაც აგრეთვე ჯიშის დადებით თვისებად უნდა მივიჩნიოთ. ქართული მთის ჯიშის ძროხის მთავარი ნაკლია ხანგრძლივი ცუდი კვებისა და შენახვის გამო დაკნინება, დაბალი ცოცხალი მასა, სხეულის ცალკეული ნაკვეთების არადამაკმაყოფილებელი ექსტერიერი, რაც კარგი კვების და სელექციის საშუალებით შეიძლება გამოსწორდეს.
ძროხის მეგრული წითელი ჯიში გამოყვანილია გასული საუკუნის სამოციან წლებში მეგრელი მეჯოგეების მიერ (ძმები კვარაცხელიები და სხვები); მას ძირითადად იგივე სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს, რაც ქართული მთის ძროხას, იმ განსხვავებით, რომ პირუტყვს აქვს წითელი ფერი, ზემოთ აზიდული გრძელი რქები, შეგუებულია მომთაბარეობას, ნაკლებად არის ცუდი პირობების გავლენით დაკნინებული, ხასიათდება სიმკვირცხლითა და გაუმჯობესებული სამუშაო თვისებებით, რითაც განთქმული იყო დასავლეთ საქართველოში. დადგენილია, რომ ამ ჯიშის ხარი გამწევუნარიანობით დიდად აღემატება ქართული მთისა და სხვა შესწავლილ ჯიშებს. ის იმდენად მუხლმოუღლელი და ჩლიქმაგარია, რომ ჩვილი ხბოც კი მომთაბარეობის დროს 90-100 კმ ქვიანი გზის გავლისას არ კოჭლდება. მეგრული წითელი ჯიშის ძროხები მთელი წლის განმავლობაში ისეთ დაჭაობებულ საძოვრებს იყენებენ, სადაც სხვა კულტურული ჯიშის პირუტყვს გავლაც კი გაუჭირდებოდა.
მუშა პირუტყვის ჯიშებისათვის დამახასიათებელია უხეში კონსტიტუცია, მეგრული წითელი ჯიში კი ამ მხრივ უნიკალურია, მას აქვს მეტად ნაზი, ამავე დროს ძლიერ მაგარი კონსტიტუცია, რაც მერძეული ძროხისათვის არის სასურველი. არაჩვეულებრივად ინტენსიურ ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებით ყოველ კილოგრამ ცოცხალ მასაზე მათ 20%-ით მეტი აქვთ სისხლის რაოდენობა, ვიდრე შესადარებელ კულტურულ ჯიშებს, ასევე გაზრდილი აქვთ სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობა, მეტი აქვთ პულსი, სუნთქვა, ძვლების სიმაგრე, შემცირებულია კუნთების ბოჭკოთა დიამეტრი და შინაგანი ორგანოების უჯრედთა სიდიდე.
ეს ჯიში მოშენებული ყავდათ როგორც სამეგრელოს, ისე მის მოსაზღვრე გურიის, ლეჩხუმის, იმერეთის, აფხაზეთის და აჭარის რაიონებში. მთელ წელიწადს საძოვარზე, ბინებისა და დამატებითი საკვების მიცემის გარეშე შენახვის ექსტრემალურ პირობებში კუროს ცოცხლი მასა აღწევს 450-550 კგ-ს ფურისა 260-300 კგ-ს, წლიური წველადობა 900-1000 კგ-ს, ცხიმრძიანობა 4.5%.
ფურების საშუალო წველადობა 2000 კგ-მდე გაზარდეს, ხოლო საკმაოდ კარგ კვებაზე გადაყვანილი ფურების საცდელი ჯგუფის წველადობა 3000 კგ-ს მიაღწია, მათი რძიანობის კოეფიციენტი 8,3-ს უდრიდა. რეკორდული წველადობა 4315 კგ-ს აღწევდა. ინტენსიური სუქებისას მოზვრის დღეღამური წონამატი 700-750 გ-ს აღწევს. საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო მეგრული წითელი ჯიშის ძროხის სულადობა ბოლო პერიოდში 1800 სულამდე შემცირდა. აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება, რათა ჯიში არ მოისპოს და არ დაიკარგოს მისი უნიკალური გენოფონდი.
კავკასიური წაბლა ჯიში ადგილობრივია, იგი შეჯვარების გზით არის გამოყვანილი და ჯიშად 1960 წელს იქნა აღიარებული. მასში ხელსაყრელად არის შეხამებული ქართული ძროხის უძველესი ჯიშების გამძლეობა და ცხიმიანობა შემოყვანილი კულტურული ჯიშების მაღალ ცოცხალ მასასა და წველადობასთან. ამის გამო ახალმა ჯიშმა მოსახლეობაში მოწონება დაიმსახურა და მოკლე ხანში ისეთი ფართო გავრცელება მოიპოვა, რომ მისი სულადობა საქართველოში 2-ჯერ და მეტად აღემატება ძროხის ყველა სხვა ჯიშისას.
ამჟამად, კავკასიური წაბლა ჯიშზე სანაშენე მუშაობის დონე საქართველოში იმდენად დაბალია, რომ საჭირო ხარისხის კუროს-მწარმოებლების გამოზრდაც კი შეუძლებელია. თუ ასე გაგრძელდა, ჯიში საბოლოოდ გადაგვარდება და მოისპობა, რაც დააბრკოლებს რესპუბლიკაში მეძროხეობის პროდუქციის წარმოებას.
სულიკო ბერიძე, სოფლის მეურნეობის მეცნერების დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“