აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ბოსტნეულისა და მინდვრის კულტურების წარმოება ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით

გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან, სახნავ-სათესი მიწების დაცვას და ნაყოფიერების ამაღლებას ქვეყანაში არანაირი ყურადღება აღარ ექცევა, მაშინ როცა სავარგულების 49% ქარისა და წყლისმიერ ეროზიას განიცდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 25 წლის განმავლობაში ნიადაგში ჰუმუსის შემცველობა 0,8-1,5 %-ით შემცირდა, რაც კატასტროფის ტოლფასია, რადგან ჰუმუსის 0,5%-ის მომატებას ბუნებრივ პირობებში საუკუნეც არ ჰყოფნის.

აღარ არსებობს ორგანული სასუქების გამოყენება. უგულვებელყოფილია თესლბრუნვები და სიდერაცია, განოყიერება წარმოებს მხოლოდ მინერალური სასუქების მაღალი დოზების ცალმხრივი და უსისტემო გამოყენებით. ნიადაგის გასანოყიერებლად თითქმის ყველა მხოლოდ აზოტიან სასუქს იყენებს, რაც იწვევს დიდი რაოდენობით პროდუქციაში ნიტრატების დაგროვებას, რომელიც კუჭნაწლავში უფრო საწამლავ ნიტრიტებად გადაიქცევა. ამასთანავე მინერალური სასუქების მაღალი დოზების გამოყენებით პროდუქციაში გროვდება მძიმე ლითონები (დარიშხანი, კადმიუმი, ტყვია და სხვა) ყოველივე ეს იწვევს ადამიანის ორგანიზმში ორგანოების შეშუპებასა და სიმსივნის ჩამოყალიბებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოვარდნის საშიშროება იქმნება. რაც შეეხება მიღებულ პროდუქციას ახლა ძნელად მოსაძებნია ისეთი, რომელიც დასაშვებ ფარგლებში შეიცავდეს ნიტრატებს და მძიმე მეტალებს.

ნიადაგის ნაყოფიერების თანდათანობითი გაუმჯობესება, დაბალი თვითღირებულების ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და მინერალური სასუქების გამოყენების შემცირება, დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

აღნიშნულის მისაღწევად საჭიროდ მიგვაჩნია აგროწესებში არსებულ ტექნოლოგიურ პროცესებს დაემატოს მრავალწლოვანი და ერთწლოვანი პარკოსანი ბალახების ახლებურად გამოყენების ტექნოლოგიები:

აგროწესების სრული დაცვით მომზადებულ ნიადაგზე, გაბატონებული ქარების და მორწყვის პირობების გათვალისწინებით, ფართობის ყოველ 150 სმ-ის დაშორებით ერთ მწკრივად უნდა დაითესოს მრავალწლოვანი ლურჯი იონჯა სათესი მანქანით (მცირე ნაკვეთზე ხელით) იმ ანგარიშით, რომ ერთ გრძივ მეტრზე აღმოცენდეს 90-110 მცენარე.

იონჯის მწკრივთაშორისებში იწარმოება ბოსტნეულისა და მინდვრის კულტურების პროდუქცია შესაბამისი მანქანა იარაღების გამოყენებით.

ძირითად კულტურებში ვეგეტაციის პერიოდში უნდა შეითესოს ერთწლოვანი, მოკლე ვეგეტაციის მქონე პარკოსანი (მაგალითად ახალქალაქის ცერცველა) სიდერატი იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქციის მოსავლის აღების დროს სიდერატი იყოს დაპარკების საწყის ფაზაში და ჩაიხნას ნიადაგში ერთად (ამ შემთხვევაში იონჯის ნათიბიც იგულისხმება) არ უნდა დაგვავიწყდეს კონტროლი, დაზიანებული მცენარეების მოთხრა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაწვა. ნაცარი კი დაბრუნდება იმავე ნაკვეთზე.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით პირველივე წლიდან იწყება დასახული მიზნის განხორციელება. მრავალწლიანი იონჯა და სიდერატი მცენარე ყოველწლიურად ნიადაგს ამდიდრებს ტონობით ორგანული ანარჩენებით და ჰაერიდან ფიქსირებული მნიშვნელოვანი ოდენობის აზოტით, ფოსფორით და სხვა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ თანდათან შევამციროთ მინერალური სასუქების გამოყენება და სამი-ოთხი წლის შემდეგ, თუ მთლიანად ვერ გამოვრიცხავთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ძალზე მცირე რაოდენობით ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი: ყოველწლიურად თანდათან ამაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება, მნიშვნელოვნად დავიცავთ ქარისა და წყლის მიერი ეროზიისაგან, მივიღებთ საკვებად გემრიელ და სუფთა, დაბალი თვითღირებულების უხვ მოსავალს.

ალექსანდრე სარალიძე, სმ მეცნიერებათა დოქტორი,

ნატო კაკაბაძე, სმმ დოქტორი,

ნუგზარ ბენდიანიშვილი ,სმმ დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“