იაპონურ-ჩინური ქლიავის ჯიშები საქართველოში
იაპონურ-ჩინური ქლიავების რიგს უწოდებენ ქლიავის შედარებით ახალ ჯგუფს, რომელმაც სამრეწველო მნიშვნელობა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ძირითადად აშშ-ში (კალიფორნია) მიიღო, საიდანაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საინტერესო ფაქტია, რომ ამ ჯგუფის ჯიშები საქართველოში ჯერ კიდევ ხხ საუკუნის დასაწყისში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ა. როლოვმა შემოიტანა, თუმცა, მაშინ იგი საქართველოში ფართოდ ვერ გავრცელდა.
საქართველოში ამ ჯგუფის ჯიშების სამრეწველო გავრცელება, ძირითადად, გორის და ქარელის რეგიონებში XX საუკუნის დასასრულს დაიწყო, როდესაც მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტმა იაპონურ-ჩინური ჯიშების მთელი სპექტრი შემოიტანა. საქართველოში მისი გავრცელების ალტერნატიულ წყაროს ევროპიდან ამ ჯიშების სპონტანური შემოტანა წარმოადგენდა და ამიტომ მას ამჟამად მოსახლეობა „ბერძნული“ ქლიავის სახით იცნობს.
ამ ტიპის ქლიავებსა და ჩვენში გავრცელებულ ქლიავებს შორის შემდეგია განსხვავება: ნაყოფების ფორმა – მრგვალია, ზოგ შემთხვევაში გულისებრი ფორმის, კურკა მრგვალი და წვრილი, შეფერვა უპირატესად მუქი იისფერი – შავი, რბილობი – ძალიან მკვრივი, წონა – ძირითადად 60 – 80 გრამზე მეტია, ხეზე 100 გრამიანი ნაყოფები ჩვეულებრივად და ხშირად გვხვდება. მცენარე ხასიათდება დამახასიათებელი ლანცეტის ტიპის ალუჩა-ტყემლის მსგავსი პრიალა ფოთლებით.
იაპონურ-ჩინური ჯიშების ზამთრის ყინვაგამძლეობა ატმის დონეზე და უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპული ქლიავებისა, რომელთა გამძლეობა ვაშლს უტოლდება. ეს ჯიშები ადრე იწყებს ყვავილობას და ამიტომ საგაზაფხულო წაყინვებით მათი დაზიანების ალბათობაც საკმაოდ მაღალია.
იაპონურ-ჩინური ქლიავის მოყვანის აგროტექნოლოგია ევროპული ქლიავის მოყვანის მსგავსია, თუმცა გასათვალისწინებელი შემდეგი თავისებურებებია: ფორმირება უპირატესად ცენტრალურ ლიდერული სახით ხდება, მოითხოვს ზომიერ და სუსტ სხვლას, ძირითად გამოხშირვის ხერხით. მიდრეკილია კლასტეროსპოროზითა და მონილიოზით დაზიანებისაკენ, ასევე ნაყოფები ზიანდება სხვადასხვა სახის სიდამპლეებით, უპირატესობიდან აღსანიშნავია აღმოსავლური ნაყოფჭამიათი ნაკლებად დაზიანება. მცენარეები ნაკლებად იტანენ მაღალტენიან პირობებს. ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა ევროპულ ქლიავებთან შედარებით მოკლეა.
ამჟამად, მსოფლიოს მეხილეობის სორტიმენტში ამ ჯგუფის 400-ზე მეტი ჯიშია ცნობილი, თუმცა სამრეწველო მნიშვნელობა მხოლოდ 20-ჯიშს აქვს. მაგალითად, აშშ-ში კალიფორნიის შტატის სორტიმენტში 60-ზე მეტი ძირითადი და 130 მცირედ გავრცელებული ჯიშია წარმოდგენილი, თუმცა წამყვანი სამი ჯიშია: ანჯელენო, ფრიარი და ბლეკ ამბერი.
საქართველოში ამჟამად იაპონურ-ჩინური ქლიავების 20-მდე ჯიშია ინტროდუცირებული: ანჯელენო, ფრიარი, ბლეკ ამბერი, ფორჩუნი, ტისი სანი, ლაროდა, სიმკა, ოტომნ ჯაიანტი, ემერალდ ბიუტი, სანტა როზა, შირო, სერენა, ტრესი სანი, სან გოლდი, ბერბანკი და სხვა.
ქვემოთ გაგაცნობთ ამ ჯგუფის რამდენიმე ჯიშის მოკლე ბიოლოგიურ-სამეურნეო დახასიათებას:
ანჯელენო — ამერიკული ჯიშია, ჯ. გარაბადიენის სელექციის, მიღებულია 1967 წელს ქვინ ანას თავისუფალი დამტვერვით. მსხმოიარობაში შედის საკმაოდ სწრაფად, დარგვიდან მე-3-4 წელს. ხასიათდება საადრეო-საშუალო პერიოდის ყვავილობით. მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 60-70 კგ-ია. ნაყოფის ზომა სტაბილურად მსხვილია — 80-100 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120-130 გრამსაც აღწევს, დამწიფებას იწყებს აგვისტოს ბოლოს და ასრულებს სექტემბრის ბოლოს. მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში — 3-4 კვირის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 3-4 თვე კარგად ინახება. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ, თუმცა ჩირადაც აშრობენ. ნაყოფი მრგვალი, სფეროს ფორმისაა კანი მუქი წითელია, რომელიც შავში გადადის, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი მოწითალო-ყვითელი ფერის, მკვრივი და ხრაშუნა, ხასიათდება მომჟავო, მეტად ორიგინალური გემოთი, კურკა წვრილი, მრგვალია – როგორც ტყემალს, რბილობს არ სცილდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩინურ-იაპონური ქლიავია.
ფრიარი _ ამერიკული ჯიშია, მიღებულია 1968 წელს ჯონ ვეინბერგერის მიერ. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით, მსხმოიარობს რეგულარულად და მეტად უხვად, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 40-50 კგ-ია. ნაყოფი საშუალო ზომის 60-70 გრამი, მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში, მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას. სასუფრე დანიშნულების ჯიშია. ნაყოფი მრგვალი, სფერული ფორმისაა. კანი მუქი წითელია, რომელიც სიმწიფეში მუქი შავი ხდება. დაფარულია ინტენსიური ნაფიფქით. რბილობი მკვრივია, ხასიათდება მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო გამორჩეული გემოთი. კურკა საკმაოდ წვრილია, რბილობს არ სცილდება. თვითდამტვერავი ჯიშია.
ბლეკ-ამბერი _ ამერიკული ჯიშია. მიეკუთვნება კალიფორნიული სასელექციო პროგრამის ჯგუფს. მიღებულია 1980 წელს. ხასიათდება საადრეო-საშუალო პერიოდის ყვავილობით, მოითხოვს ამ პერიოდის დამამტვერიანებელს. მსხმოიარობს უხვად, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულ მსხმოიარობაში 40-50 კგ-ია. ნაყოფი მსხვილია, 80-100 გრამი. მწიფდება აგვისტოს ბოლოს. მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და ინახება ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში 2-3 კვირას. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი მრგვალი, კანი შავი, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი მოყვითალო ფერის, მკვრივი და წვნიანი, ხასიათდება ორიგინალური გემოთი და არომატით.
ფორჩუნი _ ამერიკული ჯიშია. მიღებულია 1990 წელს ჯ. ვეინბერგერის მიერ. ხასიათდება საადრეო-საშუალო პერიოდის ყვავილობით. მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად. ნაყოფის ზომა საშუალო ზომაა 80-100 გრამი. მწიფდება ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში. მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და კარგად ინახება ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში 3-4 კვირის განმავლობაში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი მრგვალი ფორმისა გამოკვეთილი ცხვირით, კანი მუქი წითელია, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი მკვრივი და წვნიანი, ხასიათდება მომჟავო-მოტკბო გამორჩეული გემოთი, კურკა საშუალო ზომისაა, რბილობს ძნელად სცილდება.
ზვიად ბობოქაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“