აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

ციტრუსოვანთა  მავნებლები და მათთან ბრძოლის  საშუალებები კომპანია   BASF-ის პრეპარატებით

ციტრუსოვანთა ფრთათეთრა

ფრთათეთრა ციტრუსოვანთა ოჯახის, თითქმის, ყველა წარმომადგენელს აზიანებს, იგი ზამთარს მატლისა და ნაწილობრივ პუპარიუმის ფაზაში ატარებს. გაზაფხულზე (მაისში) პუპარიუმიდან გამოფრენილი იმაგო მცენარის ქვედა ფოთოლზე კვერცხებს გაფანტულად დებს. კვერცხების რაოდენობა ერთ ფოთოლზე ზოგჯერ ძალიან დიდია, პირველად კვერცხი მკრთალი ფერისაა, შემდეგ კი — მუქდება. ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა ერთი კვირაა. ახალგამოჩეკილი მატლები ფოთლის ქვედა მხარეზე იკვებებიან.

ციტრუსოვანთა ფრთათეთრას მატლებს პირველი კანის გამოცვლის შემდეგ ფეხები უქრებათ და უმოძრაონი ხდებიან. მატლი სამჯერ იცვლის კანს, შემდეგ პუპარიუმად გადაიქცევა. მატლის ფაზის განვითარების ხანგრძლივობა 3-4 კვირაა, ხოლო პუპარიუმის 2 — კვირა.

მკურნალობა: ფრთათეთრას წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ფასტაკი“ — 0.3ლ/ჰა. გამოიყენება.

ნარინჯოვანთა ბუგრი

განსაკუთრებით ნორჩი ფოთლებისა და ყლორტების წვეროებს აზიანებს. დაზიანებული ფოთლები ხუჭუჭდება, ყლორტები იგრიხება და მცენარე ვეღარ ვითარდება. ბუგრი ფოთლის ქვედა მხარეზე სახლობს და ფოთლის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ნარინჯოვანთა ბუგრი ციტრუსოვან კულტურებს არაპირდაპირ ზიანსაც აყენებს, მის მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სიშავის გამომწვევი საპროფიტული სოკოები სახლდებიან, რომელიც შავი ფერის მიცელიუმით ფარავს მწვანე მასას და მცენარე ფოტოსინთეზის უნარს კარგავს. ამასთან ნაყოფი გარეგნული შესახედაობით უვარგისი ხდება.

მკურნალობა: ბუგრების წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი — „ფასტაკი“ 0.3ლ/ჰა. — გამოიყენება.

ნარინჯოვანთა ფარიანა

ნარინჯოვანთა ფარიანა ციტრუსებს დიდ ზიანს აყენებს. იგი როგორც ფოთლებს, ისე ნაყოფებსაც აზიანებს.

ყვითელი ფარიანა ზამთარს მეორე ასაკის მატლისა და ნაწილობრივ იმაგოს ფაზაში ატარებს. გამოზამთრებული მატლები განვითარებას მაისში ამთავრებენ, ხოლო მატლების ცოცხლად შობას ივნისში იწყებენ. მეორე თაობის მატლებს — აგვისტოში, ხოლო მესამე თაობის — ოქტომბერში.

მკურნალობა: ნარინჯოვანთა ფარიანა წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ბი-58 ახალი“ — 1.5 ლ/ჰა. გამოიყენება.

ჩხირისებრი ფარიანა

ჩხირისებრი ფარიანა ნაირჭამია მავნებელია, იკვებება ციტრუსოვანთა ყველა წარმომადგენელით. იგი ფოთლებს (ქვედა მხრიდან), ყლორტებსა და ზოგჯერ ნაყოფებსაც (ფარიანების დასახლების გამო) აზიანებს. ფარიანას მავნე ზემოქმედების შედეგად მცენარის ზრდა ფერხდება და ხშირად ხმება კიდეც. ჩხირისებრი ფარიანა 2-3 თაობას იძლევა.

მკურნალობა: ჩხირისებრი ფარიანას წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ბი-58 ახალი“ — 1.5 ლ/ჰა. გამოიყენება.

ციტრუსოვანთა ცრუფარიანა

ციტრუსოვანთა ცრუფარიანა აზიანებს ციტრუსების ფოთლებსა და ყლორტებს. ზამთარს ატარებს მეორე და ნაწილობრივ პირველი ასაკის მატლის ფაზაში. გამოზამთრებული მეორე ასაკის მატლები მაისში ამთავრებენ ზრდა-განვითარებას. სქესობრივად მწიფდებიან და იწყებენ კვერცხის დებას. კვერცხის დება გრძელდება ივლისამდე. ცრუფარიანას როგორც პირველი, ისე მეორე ასაკის მატლის განვითარების ხანგრძლივობა ერთი თვეა, რაც დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე. საქართველოში ციტრუსოვანთა ცრუფარიან ერთ თაობას ზრდის.

მკურნალობა: ციტრუსოვანთა ფარიანა წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ბი-58 ახალი“ — 1.5 ლ/ჰა. გამოიყენება.

ვერცხლისფერი ტკიპა

ვერცხლისფერი ტკიპა ციტრუსოვან კულტურებს უზიანებს ფოთოლს, კვირტს, მწვანე ყლორტსა და ნაყოფს. ფოთოლი ქვედა მხრიდან ბრინჯაოს ან ოდნავ ოქროსფერს, ხოლო ტოტები და ყლორტები ოდნავ მურა ფერს ღებულობენ. დაზიანებისას ნაყოფი იფარება სქელი კორპით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ქსოვილების სასიცოცხლო პროცესებზე. დაზიანებულ ნაყოფში საერთო შაქარი ბევრად ნაკლებია, ვიდრე — საღში, ხოლო შაქრების შეფარდება მჟავებთან შედარებით მეტია, ამიტომაც დაზიანებული მანდარინი უფრო ტკბილია.

ტკიპა ზამთარს ზრდასრული ტკიპას ფაზაში ატარებს, კვირტის ქერცლის ქვეშ, ფოთლის ყუნწის ფუძეში. დასაზამთრებლად გადასვლა იწყება ნოემბრიდან და გრძელდება შუა დეკემბრამდე. გაზაფხულზე ვეგეტაციის პირველ ფაზაში, აპრილში ტკიპა ზამთრობიდან გამოსვლას და ფოთლებზე კვერცხის დებას იწყებს. დაახლოვებით მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ ნახევარში ტკიპა ფოთლებიდან ნაყოფებზე გადასვლას იწყებს, როცა ნასკვი თხილის ოდენაა. ეს პერიოდი მის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანია.

მკურნალობა: ვერცხლისფერი ტკიპას წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „მასაი“ — 0,5 კგ/ჰა. გამოიყენება.

ციტრუსოვანთა წითელბეწვიანი ტკიპა

წითელ ბეწვიანი ტკიპა თავის აქტიურ ფაზაში ციტრუსოვანთა მწვანე ორგანოებს აზიანებს. ტკიპით დაზიანებული ნარინჯოვანთა ფოთლები ქლოროზით დაავადებულს გავს. დაზიანებული ფოთლები ქლოროფილის მარცვლებს მცირე რაოდენობით შეიცავენ. ფოთლის ქსოვილი განიცდის დეფორმაციას, ეპიდერმისი და პარენქიმა შეზნექილია, რის შედეგადაც მუქდება. ფოთლები და ყლორტები ვეღარ ვითარდება და მცენარე კნინდება.

წითელი ტკიპას რიცხობრივი ზრდა გაზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე შეიმჩნევა. ტკიპას არსებობის უარყოფით როლს ასრულებს ჰაერის დაბალი ტენიანობა. ტენიანობის 45-55% წითელი ტკიპას გამრავლების დეპრესიას იწვევს.

მკურნალობა: წითელ ბეწვიანი ტკიპას წინააღმდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „მასაი“ — 0,5 კგ/ჰა. გამოიყენება.

 ვერიკო შინჯიკაშვილი

კომპანია „აგროვიტას“ კონსულტანტი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“