ბრენდი „ახალქალაქის კარტოფილი“
ტელეკომპანია „საფერავი ტივი“ და ბიოსასუქების მწარმოებელი კომპანია „ჯეოფერტი“ რეგიონებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების მხარდაჭერას აგრძელებენ, ამჯერად მათ ახალქალაქის რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრში შევხვდი. ნინოწმინდა _ ახალქალაქში ტრადიციულად მეკარტოფილეობის ზონაა, სადაც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილის წარმოების დიდი პოტენციალია.
როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, რეგიონში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს მაღალხარისხიანი უვირუსო სათესლე კარტოფილის წარმოება, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და ექსპორტზე გატანაც შეიძლება. კარტოფილის ხარისხიან სათესლე მასალაზე ჩვენს სამეზობლოში, რეგიონის ქვეყნებშიც დიდი მოთხოვნილებაა და თუ ჩვენ ფასით და ხარისხით კონკურენტუნარიან, ეკოლოგიურად სუფთა თესლს შევთავაზებთ, წარმატებაც გარანტირებული იქნება.
ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილი“ 2014 წელს დარეგისტრირდა და შექმნა ბრენდის სასაქონლო სახის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ნუსხა (სპეციფიკაცია). ახალქალაქის კარტოფილი ყველამ იცის, მაგრამ გაჭირდება ისეთი ადამიანის ნახვა, ვინც გეტყვის როგორი უნდა იყოს ის, რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რას ნიშნავს „ახალქალაქის კარტოფილი“, ეს რა ბრენდია, რას წარმოადგენს და ასე შემდეგ. როგორც ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი მეუბნება _ ბრენდი „ახალქალაქის კარტოფილი“ უკვე რეგისტრირებული და დაპატენტებულია. საქპატენტში ყველა პროცედურა გავლილი აქვს, რასაც ცხრა თვე დასჭირდა.
დღეს უკვე შეძენილი გვაქვს კარტოფილის დამხარისხებელ-დასაფასოებელი დანადგარები, რომელიც სტანდარტულ, გადარჩეულ კარტოფილს 2-დან 25 კილოგრამის მოცულობის ტომრებში აფასოებს. ყველა ტომარას ახლავს ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნულია ბრენდის სახელი „ახალქალაქის კარტოფილი“ და ყველა ის ღირსება, რაც მას გააჩნია. ამ ბრენდით გავალთ ბაზარზე.
დღეს ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილში“ 8 კოოპერატივია გაერთიანებული. ამ ეტაპზე ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი ასოციაციის ფერმერებმა კარტოფილის წარმოებაში დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ მიიღონ უხვი და ხარისხიანი პროდუქტი, დაიცვან ის სპეციფიკაციები, მოთხოვნები, რომელიც „ახალქალაქის კარტოფილის“ ბრენდის სასაქონლო ნიშანს ქმნის, სადაც აზოტის შემცველობა არ აღემატება განსაზღვრულ ნორმას, ერთგვაროვანია, ჯდება მითითებულ სტანდარტში.
კარტოფილის ნიმუშებს ვამოწმებთ თბილისში, რადგან რეგიონში ისეთი ლაბორატორია რომელიც განსაზღვრავდა, რა რაოდენობის პესტიციდებს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი, არ არსებობს. როგორც კი ვიღებთ დასტურს, რომ მოწოდებული პროდუქცია ბრენდ „ახალქალაქის კარტოფილის“ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ჩავიბარებთ, ვაფასოებთ და გავიტანთ ბაზარზე.
შარშან უკვე მოვსინჯეთ, რამდენიმე სუპერმარკეტში შევიტანეთ 1-5კგ. ტომრებში დაფასოებული 1 ტონა კარტოფილი. ამ სიახლეს თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა: დაფასოებულ კარტოფილს მომხმარებელი არ იყიდის, რომ მას ურჩევნია ყოველი ცალი გადაარჩიოს და ისე იყიდოს და ა.შ. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ თითოეულმა მათგანმა 10-10 ტონა დაგვიკვეთა, უკვე ასეთი მარაგი არ გვქონდა. ბუნებრივია, როცა მაღაზიაში ნახეს ბადეში ჩაწყობილი გასუფთავებული სტანდარტული კარტოფილი სათანადო ეტიკეტით, საფირმო ნიშნით „ახალქალაქის კარტოფილი“, მომხმარებელი დაინტერესდა, შეიძინა, დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად ჩვენებური, ხარისხიანი, გემრიელი პროდუქტია, კვლავ მოიკითხა მაღაზიაში. ეს უკვე იმის დასტურია, რომ ასეთ ბრენდირებულ ადგილობრივ ხარისხიან კარტოფილზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება.
დღეს დამფასოებელი საწარმო მზადაა, შენობა ჩვენ ავაშენეთ, დამონტაჟებული გვაქვს გერმანული დანადგარები, რომელიც რიპის (ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა) რეგიონების განვითარების პროგრამის გრანტით შევიძინეთ. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ბაზარზე გასვლაში გვიშლის ხელს, მარაგებია _ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის სათანადო ხარისხისა და სტანდარტის კარტოფილი.
ამიტომ გვჭირდება, სულ მცირე, 100 ტონა ტევადობის კარტოფილის საცავი საწყობი, რომ ფერმერებისგან ჩავიბაროთ პროდუქცია, შევქმნათ მარაგები და დიდი მაღაზიების, რომლებიც გრძელვადიან კონტრაქტებს ითხოვენ, პირობები დავაკმაყოფილოთ.
როგორც ვთქვი, ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილი“ 8 კოოპერატივს აერთიანებს და თითოეულ კოოპერატივს 5 წევრი მაინც ჰყავს. ამის გარდა გულშემატკივარი ფერმერებიც არიან, რომლებიც ელოდებიან, რა შედეგი გვექნება, რომ თანამშრომლობა დაიწყონ. ჯერ ფერმერები ვერ ხედავენ, რომ ჩვენ ხელშესახები შედეგი დავდეთ. სანამ ისინი თავიანთ ჯიბეზე არ იგრძნობენ ამას, მანამდე მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ იღებენ შეთავაზებას. აი, როცა დავიწყებთ მათგან კარტოფილის შესყიდვას და სუპერმარკეტებში გატანას, რეალური, სტაბილური შემოსავლის მიღებას, დარწმუნებული ვართ, ძალიან ბევრი ფერმერი გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს.
როგორც კოოპერატივ „ალაო ჯეოს“ წარმომადგენელი მიხეილ კოლიაკიდისი მეუბნება, _ ახალქალაქში, როგორც ყველაგან საქართველოში, სერიოზული პრობლემაა ხარისხიანი სათესლე მასალა. მართალია, მთავრობამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა თესლების სერტიფიცირების მხრივ, მაგრამ კანონმდებლობა, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს, ჯერ კიდევ ბოლომდე დახვეწილი არ არის და მანიპულაციებისთვის ბევრ ხვრელს ტოვებს, რითაც სარგებლობენ კიდეც დაინტერესებული „ბიზნესმენები“.
21-ე საუკუნეა და საქართველოში პირველები ვართ, ვინც კარტოფილის თესლზე სერტიფიკატი მიიღო. ადგილობრივი კარტოფილის სერტიფიცირებული სათესლე მასალა სხვას არავის აქვს. ვიდრე აქამდე მივიდოდით, ამას უამრავი სირბილი, ხარჯი დასჭირდა, რადგან ვთვლით, რომ უამისოდ წარმატების მიღწევა გაჭირდება. დღეს ვინ რას ყიდის და თესავს, ვერ გაიგებ. ზოგიერთი სათესლე მასალა უკვე 7-8 წელია ტრიალებს და მან რა მოსავალი უნდა მოგვცეს, თუმცა ამის ახსნა გლეხებისათვის ძნელია, რადგან მათ იაფი ურჩევნიათ. კარგი თესლი კი იაფი არ ღირს.
ჩვენ ესტონელებთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. კი გაჭირდა მაგრამ ბოლოს მაინც შევძელით პირობების შეჯერება. ესტონეთის მეკარტოფილეობის ინსტიტუტი დაგვეხმარება სათესლე კარტოფილის წარმოების ტექნოლოგიების ათვისებასა და ჩვენი ფერმერების გადამზადებაში, რათა დავნერგოთ თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები და მათ მსგავსად გავზარდოთ მოსავლიანობა, რა გვიშლის ხელს, სადაც საუკეთესო მიწა და პირობებია ხარისხიანი და უხვი კარტოფილის საწარმოებლად.
ესტონელების დახმარებით ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის კარტოფილის თესლს, რომელსაც ვთავაზობთ ყველას.
ახალქალაქში და საერთოდ რეგიონში სწორედაც რომ საექსპორტო სათესლე კარტოფილი უნდა იწარმოებოდეს. ჩვენ აქეთ მიგვყავს საქმე, მაგრამ ამას სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდება. შედეგი კი უდავოდ ხელშესახები იქნება, ჩვენი რეგიონის მეკარტოფილე ფერმერებსაც გაეზრდებათ შემოსავლები და სახელმწიფოსაც სარგებელს მოვუტანთ.
აი, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და სტიმული მისცეს ფერმერებს, რომ მაღალი ხარისხის კარტოფილის სათესლე მასალა აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ.
ნესტან გუგუშვილი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“