აგრარული განათლებადარგებივეტერინარია

ბრუცელოზი საშიში ინფექციური დაავადებაა

ბრუცელოზი იმდენად პოპულარული გახდა თავისი განსაკუთრებული ვერაგობის გამო, რომ დღეს ადამიანს, დილეტანტიც რომ იყოს, ინფექციური პათოლოგიის სფეროში შეიძლება დაებადოს მთელი რიგი კითხვებისა ამ თემაზე, კითხვები რომლებზედაც  სრულყოფილად და ზუსტად პასუხის  გაცემა არ არის ადვილი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება,  რომ ბრუცელოზი, როგორც ცხოველში ასევე ადამიანში არ არის ყოველმხრივ და საბოლოოდ შესწავლილი, აქედან გამომდინარე მისი სალიკვიდაციო ღონისძიებათა სისტემა გაუმჯობესებას და დახვეწას მოითხოვს. ეს აღიარებულია ამ დარგში მომუშავე თითქმის ყველა მეცნიერისა და პრაქტიკოსის მიერ. იმის, მიუხედავად რომ საუკენეზე მეტია, რაც ეს ინფექცია მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა, მისი შემდგომი შეცნობა კვლავაც გრძელდება. ჩვენის მხრივ გვინდა დავსძინოთ, რომ ბრუცელოზის პრობლემის გადაწყვეტა, რაც მის სრულ და საბოლოო ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პლანეტაზე ოცდამეერთე საუკუნეში თუ გახდება შესაძლებელი.

ბრუცელოზი — ბრუცელას ჯგუფის ბაქტერიების შედეგად გამოწვეული, ცხოველებისა და ადამიანების ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. ის  სავეტერინარო მედიცინის და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის ერთ—ერთ მეტად რთულ პრობლემას წარმოადგენს. ეს დაავადება მეცხოველეობას უდიდეს ეკონომიკურ ზარალს აყენებს. ბრუცელოზის ინფექცია ცხოველიდან გადადის ადამიანზე და მათში  მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას იწვევს.

ცხოველთა ავადმყოფობანი სხვადასხვაა, მათ შორის მეტად საშიშია ინფექციური სნეულებები, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. მათი უმრავლესობა სწრაფი და ფართო გავრცელებით ხასიათდებიან, რითაც დიდ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას. რიგი ინფექციბისა, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვისაც. ამ უკანასკნელს განეკუთვნებიან „ ზოოანთროპონოზები“ ანუ ინფექციური დაავადებანი, რომლებიც ერთია ცხოველებისა და ადამიანებისათვის. ჯილეხი, ტუბერკულოზი, თურქული, ბრუცელოზი. ამათგან, პირველ რიგში აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია ცხოველებისა და ადამიანების, განსაკუთრებით საშიში და ვერაგი დაავადება ბრუცელოზი.

ბრუცელოზი ზოოანთროპონოზური (ცხოველებისა და ადამიანის საერთო) ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა. ცხოველებში უმეტესად მიმდინარეობს ცხელებით ნაყოფის მოგდებით (აბორტით) და მომყოლის შეჩერებით.

ბრუცელოზის გამომწვევი მიკრობების — ბრუცელების გვარი იყოფა ექვს დამოუკიდებელ სახედ: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის, ღორების, ყოჩების ინფექციური ეპიდიდიმიტის, მინდვრის თაგვის და ძაღლების ბრუცელოზის აღმძვრელი.

ერთი მომენტი ბრუცელოზის ისტორიიდან: ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ მალტაზე, სადაც ინგლისის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გარნიზონი იდგა, ავადდებოდნენ და იღუპებოდნენ ჯარისკაცები ე.წ. „მალტის ცხელებით“, მათი სიკვდილის მიზეზებს, წლების განმავლობაში იძიებდა კომისია. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბრუსემ, ამ დაავადებით მკვდარი ჯარისკაცის ელენთიდან დამზადებული ნაცხების მიკროსკოპირებისას  უთვალავი რაოდენობის პატარა ზომის მიკროორგანიზმები აღმოაჩინა. ასეთივე მიკრობები აღმოაჩინა მან ავადმყოფი ჯარისკაცის ელენთაშიც. სწორედ ესენი იყვნენ ამ დაავადების აღმძვრელები. დადგინდა, რომ ჯარისკაცები ავადდებოდნენ თხის უმი   რძის კვების შედეგად. რძის აკრძალვის შემდეგ, ახალდავადებულთა გამოვლინება შეწყდა. დაავადების სახელწოდებაც — „ბრუცელოზი“ ამ მეცნიერის საპატივცემულოდ და მისი სახელის უკვდავსაყოფად არის შექმნილი.

ეს 120 წლის წინათ იყო. აქედან იწყება ამ ინფექციის ყოველმხრივი შესწავლა და მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა, ამ საქმეში დიდი შრომაა გაწეული და წარმატებებიცაა მიღწეული. ამის მიუხედავად, ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა პრობლემატიკურია დღესაც, როგორც ვეტერინარული, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურისთვისაც.

საქართველოში მიუხედავად ამისა, რომ ცხოველების გამოკვლევა და დაავადების საწინააღმდეგო ვეტერინარიული ღონისძიებები გეგმიურად ტარდებოდა, ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო კერები თითქმის ყველა რეგიონში ყოველწლიურად იყო რეგისტრირებული.

ბრუცელოზით ავადდება თბილსისხლიანი შინაური და გარეული ცხოველების მნიშვნელოვანი ნაწილი: ცხვარი, თხა, ძროხა, შინაური და გარეული ღორი, ცხენი, კამეჩი, ძაღლი, კურდღელი, მელა, მგელი, ტურა, მღრღნელები, ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც.

მნიშვნელოვანი დაავადების წყაროს წარმოადგენს: დაავადებული ცხოველი, მათი აბორტირებული ნაყოფი, სანაყოფე სითხე, რძე, შარდი, ფეკალური მასა, სპერმა. დაავადების გადაცემის ფაქტორად ითვლება — ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. საკვები, ქვეშსაფენი, ცხოველთა მოვლა—შენახვის საგნები, ცხოველთა მომვლელების ტანსაცმელი, განსაკუთრებით საშიშია ბრუცელოზით დაავადებული ცხოველიდან მიღებული რძე და რძის შრატი, რომელიც გაუვნებლობის გარეშე გამოიყენება ცხოველთა საკვებად.

ბრუცელოზის აღმძვრელის შეჭრა ცხოველის ორგანიზმში შესაძლებელია: პირიდან, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსებიდან, კანიდან, კონტაქტის გზით (სქესობრივი კავშირი).

ბრუცელოზის ინკუბაციური პერიოდი 10 დღიდან 9 თვემდეა. მიმდინარეობს ქრონიკულად და უსიმპტომოდ. დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშანია აბორტი (ძროხებში მაკეობის მე-4 — მე-7 თვეზე, ღორებში მაკეობის ნებისმიერ დროს) და მომყოლის შეჩერება. მამრობით ცხოველებში თავს იჩენს ორხიტები და ეპიდიდიმიტები (სათესლე ჯირკვლების ანთება) ზოგჯერ ვითარდება ენდომეტრიტები, მასტიტი, ბურსიტი, ართრიტი, ცხვრებში — უკანა კიდურების პარეზი, ღორებში — ნაყოფის მუმიფიკაცია.

ადამიანის დაავადება ხდება ბრუცელოზით დაავადებული ცხოველის თერმულად არასაკმაოდ დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების (აუდუღარი რძე, ცუდად მოხარშული ან შეუმწვარი ხორცი, ახალი, უმარილო ყველი და სხვა) მიღებისას. კონტაქტური გზით კი დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან დაავადებული ცხოველის სისხლთან, შარდთან და ფეკალთან შეხების შემთხვევაში.

ბრუცელოზი ზოგჯერ პროფესიული დაავადება ხდება, ზოოჰიგიენური და სანიტარული ჰიგიენური პირობების დარღვევის დროს ბრუცელოზით ავადდებიან: ვეტერინარი ექიმები, მწყემსები, ზოოინჟინრები, ხორცკომბინატისა და სასაკლაოს თანამშრომლები, ტყავზე, მატყლზე მომუშავენი და მონადირეები. ბრუცელოზი მხოლოდ ზოონოზური დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანიდან სხვა ადამიანი არ ავადდება. ადამიანებში დაავადება იწყება საერთო სისუსტით, მაღალი სიცხით 39—40°, ოფლიანობით, 2—3 კვირის შემდეგ სიცხიან პერიოდს ცვლის უსიცხო და ა.შ. ავადმყოფს აწუხებს თავის, წელის, სახსრების ტკივილი. ღვიძლი, ელენთა, ლიმფური კვანძები გადიდებულია. 1—2 თვის შემდეგ შესამჩნევად ზიანდება სახსრები, მათ ირგვლივ ქსოვილები შესივებულია. იწყება ძლიერი ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხვა მძიმე გართულებები. თუ დროზე არ იქნა მიღებული ზომები, ადამიანი სამუდამოდ ინვალიდი დარჩება.

საბოლოო დიაგნოზის დასმა უნდა მოხდეს ლაბორატორიული გამოკვლევის, ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების საფუძველზე.

ხოველთა ბრუცელოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს:

  1. ბაქტერიოლოგიური, რომლის მიზანია ორგანიზმიდან დაავადების აღმძვრელი მიკრობების გამოყოფა, როგორც სიცოცხლეში, ასევე დაკვლის შემდეგ.
  2. სეროლოგიური — სისხლის შრატში ბრუცელების საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულების — იმუნოგლობულინების აღმოჩენა. აგრარულ ბაზრებში რძეს იკვლევენ რგოლური რეაქციით.

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველების მკურნალობას არ ატარებენ, იგი არაეფექტურია. ავადმყოფი ცხოველი აუცილებლად უნდა დაიკლას. დღეისათვის არც დაავადებისაგან დამცველი ეფექტური სპეციფიკური საშუალება — ვაქცინაა შემუშავებული. დაავადების თავიდან აცილების მიზნით ატარებენ გეგმიურ სადიაგნოსტიკო და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ბრუცელოზზე კეთილსაიმედო მეურნეობებში, საოჯახო ფერმაში ცხოველთა არსებული სულადობის მიხედვით სისხლის შრატი წელიწადში ერთხელ გამოკვლეული უნდა იქნას სეროლოგიურად.

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველი გამოვლენისთანავე უნდა დაიკლას ვეტერინარული წესების დაცვით. ამასთანავე, საჭიროა ადგილობრივ ვეტერინარ ექიმთან ერთად სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს მეურნეობის ბრუცელოზისაგან გაჯანსაღების ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ზუსტად უნდა შესრულდეს დადგენილ ვადებში.

ოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ტარდებოდეს სახელმწიფო დონეზე. ამიტომ მიზანშეწონილი და აუცილებელია არსებობდეს ამ ინფექციის სალიკვიდაციო, სამთავრობო-ეროვნული პროგრამა გარანტირებული ფინანსური კონტროლი. ამასთან აუცილებელია ითქვას, რომ ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო სახალხო საქმეა. ინფექციის სრული და საბოლოო ლიკვიდაცია შეუძლებელია, თუ მის წინააღმდეგ არ დაირაზმა მთელი მოსახლეობა, თითოეული ოჯახი, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ ცხოველებთან და საერთოდ მეცხოველეობის დარგთან. უნდა გავიცნობიეროთ, რომ მარტო სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სადირექტივო პროგრამებით საქმეს არ ეშველება, თუ მას შეგნებულად არ გამოეხმაურა მოსახლეობა, რომლისთვისაც ძვირფასი უნდა იყოს საკუთარი ოჯახისა და საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვა.

სულიკო ბერიძე,

ვეტერინარიის მეცნიერებათა  დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“